ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა" - რას ამბობს ეკა ხერხეულიძე ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე?

"მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა" - რას ამბობს ეკა ხერხეულიძე ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე?

ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ დილით ყოფილ პრეზიდენტს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა.

„გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, - აღნიშნა ხერხეულიძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა ამერიკელი დიპლომატის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება“. როგორც ხერხეულიძემ განაცხადა, მაკფოლი არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ შეაფასებენ ამას. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მაკფოლი გახლავთ ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით. მისი განცხადება ხაზგასმით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენი ქვეყნის მტრებს ეგონათ, რომ დემოკრატიული სამყარო მიატოვებდა მიხეილ სააკაშვილს და ისინი უნდა გავაწბილოთ. ისინი, ალბათ, მომსწრე იყვნენ გუშინ მსოფლიოს გარშემო ჩატარებული აქციის - ასევე, ნახეს დღევანდელი გამოხმაურება „ვაშინგტონ პოსტში“ მაკფოლის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უწყვეტი რეაგირება დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილისგან. ეს მოლოდინი ჩვენი ქვეყნის ყველა კეთილმოსურნეს უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ამასთან, ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას შობა-ახალ წელს ულოცავს. მისივე თქმით, ამის საპასუხო წერილი მიხეილ სააკაშვილმა თავის უფლებადამცველს, შალვა ხაჭაპურიძეს გაატანა საპატრიარქოში.