ავტორი:

"მამას მოკვლითა და ჩვენი დახოცვით იმუქრებოდნენ. დედამ ტარიელ ონიანს სთხოვა დახმარება" -  ვინ იყო კახელი მეღვინე ნუღლა, რომელზეც დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან?

"მამას მოკვლითა და ჩვენი დახოცვით იმუქრებოდნენ. დედამ ტარიელ ონიანს სთხოვა დახმარება" -  ვინ იყო კახელი მეღვინე ნუღლა, რომელზეც დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან?

კახელი მეღვინე ზურაბ ბაკაშვილი, მეტსახელად ნუღლა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, ბროწლიანში, მის მიერ რესტავრირებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მისი საფლავის ქვაზე ილია II-ის სიტყვებია ამოტვიფრული: "იგი ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს მიუახლოვდა ეკლესიას და მთელი ამ ხნის მანძილზე ცდილობდა დახმარება გაეწია მისთვის. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ ღმერთს, დააწესოს იგი, სადაც მართალნი განისვენებენ". ნუღლას მეუღლე და შვილები სოფელ საქობოში ცხოვრობენ. ქალიშვილი ლია სიღნაღის მერიის სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს, ია კი წნორის საჯარო სკოლის ექიმია. ზურაბ ბაკაშვილის შესახებ კახეთში დღესაც ლეგენდებს ყვებიან. ამბობენ, ოქროს გული ჰქონდა, ფულის შოვნაც გემრიელად იცოდა და დახარჯვაც. იმდენი იშოვა, მთელ კახეთს იყიდდა, მაგრამ მისი ოჯახი დღეს დალხენით მაინც ვერ ცხოვრობსო. "იყო და არა იყო რა..." - სწორედ ნუღლასა და მის ფულზე დაუწერია მეზღაპრეს. ხალხშიც მხოლოდ მისი სახელი და ის სიკეთე შემორჩა, რომელიც ნუღლასგან ახსოვთ.

  • ნუღლა და "შავები"

კომუნისტურ ეპოქას შავ ლაქად ამჩნევია ე.წ. კანონიერი ქურდების, "შავების გრიმიტი". როგორც ამბობენ, "ქურდის ინსტიტუტი" საბჭოთა კა-გე-ბემ თავდაპირველად ციხეების გასაკონტროლებლად დააარსა, მაგრამ იდეამ იმდენად "გაამართლა", რომ ჩეკისტებმა ციხის გარეთ, საზოგადოებაშიც დაამკვიდრეს. ხალხში ჩაინერგა ქურდული სამყაროს შიში და გაჩნდა მითი მათ ყოვლისშემძლეობაზე.

საქმოსნები ცდილობდნენ ქურდულ სამყაროსთან კეთილგანწყობით ყოფილიყვნენ, რაც ნიშნავდა მათ "გამოკვებასა" და წილში ჩაჯდომას. ქურდის ქურდი ცხონდაო, ამბობენ კახელები. ცხონებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ნუღლას, ე.წ. ქურდებისგან ხელშეწყობაც ჰქონდა და ჩაგვრა-წამებაც.

იმ დროს, როცა ზურაბ ბაკაშვილი სოფელ ანაგის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე იყო. რთვლობას მის მარანთან, მანქანების უზარმაზარი რიგი დგებოდა.

ერთ დღესაც ცინცხალი შავი "გაზ-24" გამოჩენილა, ყურძნით ძარებსავსე მანქანებისა და ლოდინისაგან დაღლილი გლეხებისთვის დიდი სიჩქარით ჩაუქროლია და ადმინისტრაციის შენობის წინ გაჩერებულა. შავსამოსიანების ვიზიტი ქარხნის დირექტორის კაბინეტში ნახევარ საათს გაგრძელებულა, იქიდან მამაკაცები დიდი ჩანთით გამოსულან, მანქანაში ჩამსხდარან და ისეთივე სიჩქარით დაუტოვებიათ იქაურობა, როგორითაც მოვიდნენ. ცოტა ხანში კაბინეტიდან ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ნუღლაც გამოსულა. ყველაზე შეთამამებული თანამშრომლები მისჭრიან და უკითხავთ, ვინ იყვნენ, რა უნდოდათო? რეკეტიო, უპასუხია ნუღლას, ქურდები ვართ და ფული უნდა ჩაგვახუტოო. რა უნდა მექნა, ავდექი და გადავუთვალეო. კი მაგრამ, იცნობდიო. არა, თავად მითხრეს, "შავები" ვართ, ამოსაცნობად ხომ არ წავიყვანდი, სიტყვაზე ვენდეო.

ყოფილი მეღვინის ოჯახიც არ მალავს, რომ ზურას ხელისუფლებასთანაც მიჰქონდა წილი, თუმცა ვისაც უხდიდა, სწორედ მათ დაღუპეს და გაუნადგურეს ოჯახიო.

ლია ბაკაშვილი: - 1980 წელს "კანონიერმა ქურდმა" ტარიელ ონიანმა, მეტსახელად, კატამ, და კიდევ ორმა ნიღბიანმა კაცმა დაგვაყაჩაღეს. დედას ძვირფასი სამკაულები წაიღეს, მაგრამ მალე მამამ გამოისყიდა. ონიანს მაშინ ჩემმა მშობლებმა არ უჩივლეს. მამა ფულს სახლში არასდროს ინახავდა. როცა სპირტი ჩამოდიოდა, ადგილზე უსწორდებოდა. ერთხელ სპირტის მანქანები გზაზე შეფერხდა, მამაც იძულებული გახდა, ფული სახლში წამოეღო. იმ ღამით დაგვესხნენ თავს. მამამ ფული თავისი ხელით გადასცა ყაჩაღებს, თუმცა მერე გაარკვია, რომ საქმე ჩაწყობილი იყო და მანქანები სპეციალურად შეაფერხეს, რათა მამა სახლში ფულით დაბრუნებულიყო. "მხედრიონიც" არაერთხელ მოგვივარდა. რამდენიმე წელი "ხელფასს" მათაც უხდიდა. გააგრძელეთ კითხვა