ავტორი:

მართლმადიდებელი ეკლესია შობას ზეიმობს - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია შობას ზეიმობს - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით მიმდინარეობს, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყება.

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო.

საშობაო ლიტურგიას, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმთავრებთან ერთად, ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსიდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება.