ავტორი:

ომის მოწინააღმდეგე 61 წლის ქალს რუსეთში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ნატალიას შინაპატიმრობისას ქმარს ინფარქტი დაემართა, შვილობილი კი გაუჩინარდა...

ომის მოწინააღმდეგე 61 წლის ქალს რუსეთში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ნატალიას შინაპატიმრობისას ქმარს ინფარქტი დაემართა, შვილობილი კი გაუჩინარდა...

ოქტომბრის ბოლოს, რუსეთში, ულან-უდეში მცხოვრებ 61 წლის ნატალია ფილონოვას შინაპატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მან, პოლიციელს, სავარაუდოდ, ბურთულიანი კალამი დაარტყა მას შემდეგ, რაც მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს.

უკრაინული მედია წერს რუსი ოპოზიციონერი ქალის შესახებ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან თავისი გაზეთის მკითხველებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ უყვება და უშიშროების ძალების თვითნებობას აპროტესტებს.

"ნაწილობრივი“ მობილიზაციის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 2022 წლის 24 სექტემბერს, ულან-უდეს ცენტრში, თეატრის მოედანზე აქცია გაიმართა. ორგანიზებაში კი ნატალია დაადანაშაულეს და ის სხვა აქტივისტებთან ერთად დააპატიმრეს. საქმის განხილვის დროს, მოულოდნელად სასამართლო დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა და პოლიციამ ბრალდებულები მოედანზე გამოიყვანა. ბრალდების თანახმად, ქალმა პოლიციელები თითქოს სწორედ ამ დროს დააზიანა.

ფილონოვას ბრალი წაუყენეს, რომ მან მოახერხა და ერთდროულად ორ პოლიციელს დაარტყა სახეში. ერთს - ხელი, მეორეს - ბურთულიანი კალამი. საქმეს მოწმეები არ ჰყავს.

ოქტომბრის ბოლოს ფილონოვას სახლი გაჩხრიკეს და "დანაშაულის იარაღიც" იპოვეს - უსაფრთხოების ძალებმა ფილონოვას შვილის ზურგჩანთიდან ბურთულიანი კალამი ამოიღეს და "ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობისთვის“ სოციალური აქტივისტი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ფილონოვას საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნატალია ფილონოვას შინაპატიმრობაში მოთავსებიდან რამდენიმე დღეში, მისმა მეუღლემ სერგეიმ მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. ამ დროს ის 16 წლის შვილობილ ვლადიმერთან ერთად ნათესავებს სტუმრობდა ტრანს-ბაიკალის მხარეში. მალე მათი ვლადიმერი გაუჩინარდა.

ნატალია ცდილობდა დაერწმუნებინა გამომძიებელი, რომ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა მოზარდის პოვნა, მაგრამ ქალი შინაპატიმრობიდან არ გაუშვეს. 31 ოქტომბრის ღამეს, ფილონოვა ელექტრონული სამაჯურით, ქმართან გაემგზავრა და შვილიც მოძებნა, მაგრამ სახლის დატოვების გამო ქალს ბრალი დაუმძიმეს.

ნატალია ფილონოვა პაციფისტი ჟურნალისტია. მას ჰქონდა ადგილობრივი გაზეთი, სადაც უსამართლობას აპროტესტებდა, მაგრამ ხელისუფლებამ დაუხურა. ის მუდმივად მონაწილეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში.

ულან-უდეში ნატალიამ მოაწყო საპროტესტო აქციები, მათ შორის ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი პიკეტების სერია და აქციები კონსტიტუციაში ცვლილებების წინააღმდეგ. 2014 წელს ფილონოვამ მოაწყო მიტინგი რუსული ჯარების უკრაინაში შესვლის წინააღმდეგ. იგი იდგა არბატზე, ულან-უდის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ბანერით "დაიცავი თავისუფლება!"

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის პირველივე დღეებიდან ფილონოვა შეუერთდა ომის საწინააღმდეგო მოძრაობას. მისი ბრძოლის გზა არაძალადობრივი წინააღმდეგობაა.