ავტორი:

დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში - უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია

დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში -  უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია

დავით (დუდუ) დადიანის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში დადიანის პირად ნივთებს და ფოტოებს აქვეყნებს. ისტორიკოსი წერს, რომ მისი ნივთები ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადასცა, მისი ხსოვნის პატივსაცემად.

"ძალიან დიდი უსამართლობაა დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის! ის ჩვენს შორის რომ არ დააბიჯებს, ესეც დიდი ტკივილია! საჯიშე ქართველი, რომელიც ქვეყნის, საზოგადოების გამორჩეული სახე იყო! ეს დღეებია დუდუ ხშირად მახსენდება და ძალიან გული მწყდება რომ მისი ოქროსფერი სახე, ცისფერი თვალები და განუმეორებელი კეთილშობილება ჩვენს შორის არ ანათებს. ღმერთმა აცხონოს დუდუ დადიანი იქ, სადაც არის! მახსოვს, ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მისი ნივთები, ფოტოები, სპორტული სამოსი და ბლოკნოტიც კი შევაგროვე და ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადავეცი, ეს სიძველესაცავი ინახავს ახლა მის ხსოვნას საუკუნოდ..." - წერს გიორგი კალანდია.

დუდუ დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.

გთავაზობთ ფრაგმენტს "კვირის პალიტრის" საარქივო მასალიდან, რომელშიც მკვლელობის ვერსიებზე მისი ძმა ლევან დადიანი საუბრობდა:

ლევან დადიანი:

- ათასი ჭორი გავრცელდა: კაზინოში ფული წააგოო, რაღაც წილებს ემსხვერპლაო... ეს ვერსიები გამაღიზიანებელი სიცრუე და ჭორია.

- თქვენ მიგვიყვანეთ სიმართლესთან ახლოს...

- ჭორაობას ვერ დავიწყებ, ვერც ვერსიებით და ვარაუდებით ვილაპარაკებ. ჩამდენმა ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა ათასიო. როგორც მკვლელობის პირველ დღეს არაფერი იყო ნათელი, დღესაც ასევეა.

- მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა. დამნაშავე არ დასჯილა... როგორც ამბობენ, საქმეში იყო მკვლელის ქუდი, იარაღი და მასრები. ასე რთული იყო ამ საქმის გახსნა? თავის დროზე მამათქვენმა გვითხრა, ამ საქმეს ვიღაც მაღალჩინოსანი ბლოკავსო.

- საქმეში ტყვიის მასრები და ქუდი თუ იყო, ესეც არ ვიცით. ოჯახის წევრებს პოლიცია გვაწვდიდა ინფორმაციას... მკვლელობის მეორე დღეს ტელევიზიით გამოვიდა მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსი კახა ბაკურაძე და რიხიანად თქვა, - ყველაფერი ვიცით, ნივთმტკიცებები გვაქვს, მოწმეები გვყავს. დანაშაულის გახსნა ჩვენი პრესტიჟის საქმეაო. მაგრამ რა? მერე აღმოჩნდა, რომ გამოძიებას ხელთ აღარც ქუდი ჰქონდა და არც არაფერი.

ვისი მოგონილი იყო და რატომ, ან ვინ ბლოკავდა ამ საქმეს, ჩემთვის უცნობია...

- ამბობდნენ, მტკიცებულების გაყალბებისთვის გამომძიებელი ზვიად უზნაძე დააკავესო. ეს თუ იცოდით?

- ეს ამბავი პრესით შევიტყვე...

- 2010 წელს, როდესაც "ნაციონალებმა" ხელახალი გამოძიება დაიწყეს, პროკურატურაში დაკითხვაზე დაგიბარეს. მართლა იყო ზეწოლა და რას მოითხოვდნენ თქვენგან?

- მე და მამაჩემი პროკურატურაში დაგვიბარეს - საქმე გაგვახსნევინეთო. წყალწაღებულებს დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ უბრალოდ გამოგვკითხეს... გაგვიხარდა, საქმე დაიძრაო. გამომძიებელმა კახა მაჭავარიანმა გვითხრა, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებითო. ამის შემდეგ გაგიგიათ რამე? მე საგაზეთო ჭორების გარდა, არაფერი მსმენია. იმ მომენტში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა (ზეწოლა შემდეგ დაიწყო). დაკითხვის დროს აბსურდულ რაღაცებს მეკითხებოდნენ, იმ სულელურ ვერსიებს ვერც გავიმეორებ. მათ მიერ შეთხზული სცენარი ასეთი იყო: თითქოს ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ... ეს იმდენად აბსურდულია, ლაპარაკი არც მინდა. სანამ დამიჭერდნენ, მანამდე პრესით გავრცელდა ეს სულელური ვერსია... გააგრძელეთ კითხვა