24 თებერვალს ერთი წელი შესრულდება, რაც ოკუპანტი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ომი შესაძლოა, კიდევ სულ ცოტა ერთ წელს გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თითქოს ინიციატივა რუსების ხელშია და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის ალყაში მოსაქცევად, უკრაინელები მის დათმობას არ აპირებენ. როგორც იკვეთება, ბახმუტს არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ანალიტიკოსები დიდ იმედს ამყარებენ გაზაფხულზე, რა დროსაც უკრაინა კონტრშეტევაზე გადავა. იმედის მომცემია ასევე ევროპა-ამერიკის მიერ ბოლო დროს გაწეული სამხედრო დახმარებაც, რაც მოდერნიზებული ჯავშანტექნიკის გადაცემას უკავშირდება. "ჯავშანტექნიკის ეს რაოდენობა - 31 აბრამსი და 100-მდე ლეოპარდი, ომის ბედს ვერ შეცვლის დიდ უბანზე, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ დაიწყო ტანკების გადაცემის პროცესი, რასაც დასავლეთი აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო აჯანჯლებდა. ახლა ნავსი გატყდა, პროცესი გაგრძელდება და პირველ პარტიას, სავარაუდოდ, სხვა პარტიების გადაცემაც მოჰყვება“, - გვეუბნება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ფრონტის (და არა მარტო) სიახლეებს გვაცნობს:
- როგორც მოსალოდნელი იყო, სოლედარის დაცემის შემდგომ, რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს შეტევა ბახმუტის ჩრდილოეთის მხრიდან ალყაში მოსაქცევად და გადაჭრეს ის გზა, რომელსაც ბახმუტს ჩრდილოეთთან აკავშირებდა. ამან, რა თქმა უნდა, დაძაბა სიტუაცია. ასევე, შეტევები ვითარდება ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (აღმოსავლეთის მიმართულებიდან, დონეცკიდან ბახმუტის აღმოსავლეთისკენ შეტევები ისედაც იყო). ერთადერთი თავისუფალი მიმართულება, რაც ბახმუტის დამცველებს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებთ, ეს არის დასავლეთი ნაწილი, რომელიც მოწინააღმდეგეს, საბედნიეროდ, ჯერ არ აქვს აღებული. რუსები ცდილობენ ალყაში მოაქციონ სწორედ ბახმუტი, ანუ მათ შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა - პირდაპირ აღარ უტევენ, რადგან ძალების უზარმაზარი დანაკარგი ჰქონდათ და ცდილობენ ალყაში მოაქციონ ბახმუტი და ამით გადაუკეტონ მის დამცველებს მომარაგება.
- კონტრშეტევაზე გადასვლას რატომ არ ჩქარობს უკრაინა?
- ბახმუტის ფაქტორი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინელებს საბრძოლო ინიციატივა აღარ აქვთ და ის, ფაქტობრივად, რუს ოკუპანტებს გადააბარეს. ბახმუტზე და სოლედარზე შეტევების გამო მოხდა ისე, რომ უკრაინის გენშტაბი იძულებული გახდა, დამატებითი ძალები გადაესროლა სწორედ დონბასის ფრონტზე იმის მაგივრად, რომ სამხრეთ მიმართულებაზე კონტრიერიშებზე მეტი ძალები და რესურსები მოემზადებინათ, იგივე მელიტოპოლისკენ, ყირიმისკენ. უკრაინა იძულებულია ეს ძალები გადაისროლოს ბახმუტის დასაცავად. ამასთან დაკავშირებით დასავლურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს კიევს ამერიკული მხრიდან არაოფიციალურად ურჩევენ, რომ დათმოს ბახმუტი, სამაგიეროდ, ეს ძალები, რაც მის დაცვაზე იხარჯება, იმ კონტრიერიშებისთვის მოამზადოს, რომელიც გაზაფხულზე დაიწყება. ეს მარტივი არაა, ვინაიდან ბახმუტის დაკარგვა ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მიადგება კრამატორსკ-სლოვიანსკს, ანუ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავა (რა ჩანაფიქრიც აქვს კრემლს) და ამით ის იტყვის, ომი მოვიგე, რუსეთის შემოერთებული ტერიტორიების საზღვრებზე გავედი და ეს უკვე ჩემი ტერიტორიააო. ასე ადვილი არაა ბახმუტის დათმობა, მას აქვს არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც.
- როგორც გავრცელდა, უკრაინელი სამხედროები გაუშვეს იმ ჯავშანტექნიკის ასათვისებლად, რომლებსაც სადაცაა დასავლეთი გადასცემს ომში მყოფ ქვეყანას. რა უპირატესობა აქვთ მოდერნიზებულ, დასავლური ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს საბჭოურ ტანკებთან შედარებით და შეცვლის თუ არა ის ომის ბედს?
- მოგეხსენებათ, საუბარია ამერიკულ, ბრიტანულ, გერმანულ და სხვა ჯავშანტრანსპორტიორებზე. უკრაინელი ტანკისტების გაგზავნა ხდება ადგილებზე, რათა მათ დაჩქარებულ ტემპში შეისწავლონ მათთვის ახალი ტიპის შეიარაღება და ჩაებნენ ბრძოლებში. მთელი წლის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე ორივე მხარე იბრძოდა საბჭოთა სტანდარტის ტანკებით, დაწყებული T-64, T-72, T-80-ით, რომელთაც შემდეგ რუსების მხრიდან დაემატა T-62 ტიპის საკმაოდ მოძველებული ტანკები.
მერე უკრაინას სლოვენიამ გადასცა მცირე რაოდენობით მოდერნიზებული T-55 ტიპის ტანკები, რუსებმა კი ჩართეს თავისი თანამედროვე T-90 M. მოგეხსენებათ, ახლა უკვე საუბარია იმაზე, რომ დასავლეთმა უკრაინას დაახმაროს "ლეოპარდ-2“, ბრიტანელებმა - "ჩელენჯერ-2“ და ამერიკელებმა "აბრამს M-1" და "აბრამს M-2" ტიპის ტანკები. ყველა ამ ტანკის (საბჭოთა, თუ ნატოს ქვეყნების) ფესვები 70-80-იანი წლებიდან მოდის, ისინი ერთი თაობის ტანკებია. დასავლური დაახლოებით 15-20 ტონით უფრო მძიმეებია რუსულ ტანკებზე და მისი ეკიპაჟი 4 კაცისგან შედგება, საბჭოთა დროინდელში მეოთხე წევრი (ჭურვების დამტენი) შეცვლილია ქვემეხის ავტომატური დატენვის მექანიზმით. მას აქვს თავისი მინუსი - ეს ავტომატური დამტენი თუ მოიშალა, ძალიან გაუჭირდება.
დასავლურ ტანკებს ბევრად ძლიერი ჯავშანი აქვთ. ქვემეხს რაც შეეხება, ნატოს ქვემეხების ჭურვები ბევრად ძლიერია და ზუსტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ:
1. დენთი, რომელიც გამოყენებულია სატანკო ჭურვების გილზებში, ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიითაა დამზადებული და მეტ იმპულსს იძლევა დეტონაციის დროს, ჭურვი რომ გაისროლოს.
2. დასავლური ტიპის ტანკების უპირატესობა კიდევ ისაა, რომ ცეცხლის მართვის სისტემა არის ძალიან თანამედროვე და ბევრად აღემატება საბჭოთა ტანკებისას.
აქედან გამომდინარე, დასავლურ ტანკებს უფრო ადრე შეუძლიათ აღმოაჩინონ მოწინააღმდეგე და უფრო შორიდან ესროლონ მათ. ამასთან, ამერიკელებმა თუ გამოიყენეს გაღარიბებული ურანის შემცველი ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვები, მათ შეეძლებათ 2 კმ. სიშორიდან მოარტყან და გაარღვიონ 750 მმ-მდე სისქის მონოლითური ჯავშანი. მათი ერადერთი მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ დასავლური ტანკები მძიმეა, ხოლო უკრაინის, როგორც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ხიდები გათვლილი იყო 50 ტონამდე ტანკებზე, ბევრი მეორეხარისხოვანი ხიდია სოფლებსა და დაბებში და ეს ტექნიკა შესაძლოა, მათთვის პრობლემა გახდეს. გარდა ამისა, ამ მძიმე ტანკების გადატანისთვის საჭიროა სპეციალური უნაგირა გამწევები. არის უკვე საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი ტანკებთან ერთად უკრაინას ამასაც მიაწვდის, სხვანაირად, მათ მიწოდებას აზრი არ ექნება. ნოემბრის მსგავსად, უკრაინაში მარტ-აპრილში იქნება წვიმის სეზონი და ტალახი, რაც ფართომასშტაბიან შეტევებს გაართულებს, მით უმეტეს, მძიმე ჯავშანტექნიკით. ორი ვარიანტია: ყინვები თუ გაგრძელდა, ანუ ნიადაგი გაყინული იქნება, შეიძლება მოესწროს ეს შეტევები, თუ არა და, მაშინ დიდი ბრძოლები უფრო ზაფხულში იქნება (მაშინ, როცა ნიადაგი გამოშრება). დასავლური ტანკები მანამდე მაინც ვერ ჩააღწევს უკრაინამდე. მათ პირველი შეიძლება ლეოპარდები მიიღონ, რაც შეეხება აბრამსებს, შესაძლოა, ისინი წლის ბოლომდეც ვერ ჩაიტანონ უკრაინაში.
- რატომ ასე გვიან?
- აშშ-ს რამდენიმე ათასი აბრამსი ჰყავს და 31 ტანკის გადაცემა პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, რომ ისინი "აბრამსებს" გადასცემენ არა პენტაგონის, ანუ არმიის შეიარაღებიდან, არამედ ახალ ტანკებს უკვეთავენ. "აბრამსების" მწარმოებელი ქარხანა 20 წელზე მეტია, რაც დახურულია, ახლებს არ აკეთებენ და ამ შემთხვევაში, პირველად გამოშვებული ტანკების კორპუსი იგივე რჩება და დანარჩენი, ყველაფრის მოდიფიცირება ხდება ახალი აპარატურის ჩაყენებით. ეს ტანკები ერთ-ერთი თანამედროვე ძლიერი ტანკებია, რომელსაც აქვს სპეციალური დამატებითი ჯავშანი გაღარიბებული ურანისგან. ეს არის საიდუმლო ტექნოლოგია, რომელსაც ამერიკელები არავის უმხელენ. არის იმავე აბრამსების საექსპორტო ვარიანტები, რომლებსაც ამერიკელები ყიდიან საუდის არაბეთში, კუვეიტში, პოლონეთში, რა დროსაც ისინი ხსნიან ამ ჯავშანს და დამატებით ჩვეულებრივს, მეტალის ჯავშანს უყენებენ (სხვამ რომ არ ჩაიგდოს ხელში და საიდუმლო არ ამოხსნან, ამ შემთხვევაში - რუსებმა). ჯავშნის შეცვლას, რა თქმა უნდა, დრო უნდა, ამიტომაც მათი გადაცემა დროში გაჭიანურდება. საერთო ჯამში, ჯავშანტექნიკის ეს რაოდენობა - 31 აბრამსი და 100-მდე ლეოპარდი, ომის ბედს ვერ შეცვლის დიდ უბანზე, პატარაზე კი ექნება გავლენა, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ დაიწყო ტანკების გადაცემის პროცესი, რასაც აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო დასავლეთი აჯანჯლებდა. ახლა ნავსი გატყდა, პროცესი გაგრძელდება და პირველ პარტიას, სავარაუდოდ, სხვა პარტიების გადაცემაც მოჰყვება.