ავტორი:

"ის არ დაიხარა და... სნაიპერის ტყვია მოხვდა" - მარად ჭაბუკად დარჩენილი ირაკლი ამირეჯიბის ბრძოლა და სიკვდილი

"ის არ დაიხარა და... სნაიპერის ტყვია მოხვდა" - მარად ჭაბუკად დარჩენილი ირაკლი ამირეჯიბის ბრძოლა და სიკვდილი

ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ფანჩულიძე-ბათიაშვილი სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის ირაკლი ამირეჯიბის აფხაზეთის ომში დაღუპვის ამბავს იხსენებს.

"ირაკლი ამირეჯიბი ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრა სნაიპერმა. არსებობს კადრები, სადაც ისმის კიდეც მეომრის ხმა, რომელიც ირაკლის სთხოვს, დაიხაროს, მაგრამ ის არ დაიხარა. მას სნაიპერის ტყვია მოხვდა. მისმა თანამებრძოლებმა ის ტამიშის "გაის" შენობის უკან ბუჩქებში დაასვენეს, რადგან ვერ გამოჰყავდათ. ირაკლი ამირეჯიბის ცხედარის გამოყვანა ორმა ჯგუფმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ოპერაციის დროს ჯერ ერთ ჯგუფს დაეღუპა მეომარი და უკან დაბრუნდა, მერე მეორე ჯგუფს დაეღუპა მეომარი და ეს ჯგუფიც უკან დაბრუნდა.

ირაკლი ამირეჯიბის ცხედარი ბრძოლის ველიდან გამოიყვანა ჩემმა ძმამ, თამაზ ფანჩულიძემ, რომელმაც თავის 50-კაციან ჯგუფთან ერთად დაგეგმა ეს ოპერაცია და ბრძოლით შეძლო ირაკლის ცხედრის გამოყვანა. ის, რომ თურმე ირაკლი ამირეჯიბის ცხედართან პატივისცემის ნიშნად მივიდნენ მოწინააღმდეგეები, არის ტყუილი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ცხედართან მისვლა ბრძოლა-ბრძოლით მოუწიათ თამაზის და მის ჯგუფს და იქიდან გამოყვანაც ურთულესი იყო, მაგრამ უკვე ნახევარი გზა რომ გავლილი ჰქონდათ, აფხაზებმა ეტყობა დაინახეს, რომ ჩვენ ბიჭებს ცხედარი მოჰყავდათ ტანკზე დადებული და შეაჩერეს სროლა, მაგრამ ჩვენს მეომრებს უკან დასაბრუნებელი გზა უკვე ნახევარი დიდი ბრძოლის შედეგად გავლილი ჰქონდათ.

ამ სამხედრო ოპერაციის დროს თამაზ ფანჩულიძეს მხოლოდ ერთი მეომარი დაეჭრა.

ჩემი მეუღლეც და ძმაც აფხაზეთის ომში წინა ხაზზე იბრძოდნენ. მე ვთვლი, რომ ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ უნდა ხმამაღლა ითქვას, რომ ჩვენი ბიჭების გმირული ბრძოლა და თავდადება არნახული იყო აფხაზეთის ომის დროს!

ღმერთმა გაანათლოს ირაკლის, უშიშარი, ულამაზესი სული!" - წერს ის.

ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის, ირაკლი ამირეჯიბის შესახებ, ახალმა თაობამ ნაკლებად იცის. ირაკლი ცნობილი მწერლის ექვსიდან ერთ-ერთი შვილი და უფროსი ვაჟი იყო. გამორჩეული სილამაზის ბიჭი, მთელ თბილისს უყვარდა... აფხაზეთის ომმა იმსხვერპლა, სრულიად ახალგაზრდა, 29 წლის ასაკში. ის სნაიპერმა მოკლა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, ქალი იყო.

ambebi.ge -ს არქივში შემორჩენილია სტატია, რომელშიც ვკითხულობთ იმ სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაურის მიხო მორჩილაძის კომენტარს, რომელშიც ირაკლი ირიცხებოდა.

"ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად… თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი. ირაკლი ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული ის მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე გასაკვირველი სახელი დაიდო სულ მოკლე ხანში. ირაკლი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, - ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი... ის, რაც ირაკლიმ გააკეთა - გმირობაა… მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით…"

როგორც ყვებიან, ტამიშთან უცხოელების მანქანა ააფეთქეს, ირაკლიმ მანქანიდან დაშავებული ქალი გადმოიყვანა და სწორედ მაშინ ესროლა სნაიპერმა. ყველა ამბობს, ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლესო. ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს. ირაკლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ოპერაციას არაერთი ბიჭი შეეწირა.

ამავე სტატიაში ირაკლი ამირეჯიბის და ანი მენაბდე ყვება:

"ლიტვაში მიიღო სამხედრო განათლება, საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. ტელევიზიით ნახა რა ხდებოდა აფხაზეთში, მაშინ გამოაცხადეს, რომ ომში დაიღუპა მისი მეგობარი ლევან აბაშიძეც, ეს რომ გაიგო, იმ დღესვე წავიდა ომში საბრძოლველად. გასვლის წინ დედას უკითხავს, არ გეშინიაო, რაზეც თურმე უპასუხა: "ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო". ირაკლი ომში აფხაზებთან საბრძოლველად არ წასულა, ყველამ ვიცით, ეს რა ომიც იყო...

დედასთანაც, მამასთანაც და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამის, ჭაბუა ამირეჯიბის მხრიდან აფხაზური სისხლი ჰქონდა, ჭაბუა შერვაშიძეები-დადიანების შტოს შთამომავალი იყო. ჩვენი დედა, მარინა მხეიძე ნიკოლოზ მხეიძის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც რუსეთის კარზე მეფე ნიკოლოზის ადიუტანტი იყო. ირაკლის ქართულ-აფხაზური მებრძოლი სისხლი ჰქონდა, ღირსეული ბიჭი იყო, ვაჟკაცი. ჭაბუას დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მოკლეს ომში. მამამისს მეორე დღეს ტელეფონზე დაურეკეს, შვილის სიკვდილით "მიულოცეს" დაბადების დღე... ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ვიღაცა ვიღაცის მხარდამჭერია, მაგრამ ასეთი სიბოროტე წარმოუდგენელია ჩემთვის. ჭაბუა ამირეჯიბი ირაკლის სიკვდილმა გაანადგურა...

ირაკლის ჰყავდა ოჯახი, რომელიც მალე დაენგრა, ერთ წელიწადში კი ომში წავიდა და მოკლეს. სამწუხაროდ, შთამომავლობა არ დარჩა. ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო, შვილზე ოცნებობდა... პიროვნულად შემდგარი ადამიანი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და ამის გამო, თითქოს თავს აღარ ზოგავდა, თითქოს არაფერი ჰქონდა დასაკარგი..."

იხილეთ ვიდეო