საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
"ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ.
ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყოვნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში.
ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ: