გუშინ საღამოს ბათუმის სანაპიროზე საზღვაო ნაღმი აფეთქდა.
აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები "ფეისბუქით“ გავრცელდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო საბჭოთა წარმოების წყალზედა განთავსების ხომალდსაწინააღმდეგო ნაღმი, რომელიც ზღვამ სავარაუდოდ, უკრაინის ან რუსეთის სანაპირო ზოლიდან გამორიყა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.
როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის რედაქტორი“ ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, საზღვაო ნაღმი ზღვამ სანაპიროზე გამორიყა, მსგავსი ფაქტები კი ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროებზეც მოხდა.
სხვათა შორის, ერთი წლის წინ ირაკლი ალადაშვილი ამ საფრთხეზე საუბრობდა "კვირის პალიტრის“ სტატიაში სათაურით: "როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზამოწყვეტილ მოტივტივე საზღვაო ნაღმების სტუმრობას, მაშინ, როდესაც რუმინელები და თურქები მათ უკვე იჭერენ."
"ზუსტად ერთი წლის წინ, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დროს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალები დიდი სადესანტო ხომალდებიდან აპირებდნენ საზღვაო დესანტის გადასხმას ოდესა-ოჩაკოვის მონაკვეთზე, ეს ნაღმები უკრაინელებმა თავდაცვის მიზნით ამ სანაპირო ზოლთან განათავსეს.
ამ პრინციპმა იმუშავა და რუსებმა საზღვაო დესანტის გადასხმა მაშინ ვეღარ გაბედეს. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, ზღვის ღელვამ, შტორმმა ამ საზღვაო ნაღმების ნაწილი ღუზებს მოწყვიტა (ისინი ღუზებითაა ფსკერზე დამაგრებული) და ზღვაში გამოიტანა. არსებობს აფეთქებამდელი ფოტო, სადაც კარგად ჩანს, როგორ დრეიფობს ნაღმი. ეს არის, სავარაუდოდ, ЯМ -ის ტიპის საზღვაო ნაღმი, რომელიც ძალიან ძველი მოდიფიკაცისაა (ამ ტიპის საზღვაო ნაღმებს სსრკ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროიდან იყენებდა) და ის ზღვის ფსკერზე 12 მ სიმძიმეზე დადებული ღუზით არის გამობმული, ხოლო თავად "ეშვებიანი“ ნაღმი კი ზღვის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზეა ჩაძირული. ის არ მოჩანს, მაგრამ როგორც კი ხომალდის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი ნაღმის "ეშვებიდან“ ერთ-ერთს შეეხება, 172 კგ-იან ნაღმში მოთავსებული 20 კგ. ტროტილის დეტონაცია და აფეთქება ხდება...
ამ მოძველებულ საზღვაო ნაღმებს ბევრი ტექნიკური ნაკლი აქვთ, მათ შორის ისიც, რომ ზღვის წყალქვეშა დინების სიჩქარემ თუკი წამში ერთ მეტრს გადააჭარბა, დიდი შანსია, ნაღმი ღუზას მოწყდეს და "თავისუფალ ცურვაში“ გადავიდეს. ნაღმები არ არის აღჭურვილი თვითლიკვიდაციის მექანიზმით, მათ შეიძლება წლები იცურონ ზღვაში და მუდამ საფრთხეს შეადგენდნენ ნებისმიერი სამოქალაქო გემისთვის, თუ სამხედრო ხომალდისთვის. ამის მაგალითს მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი ასეთივე საზღვაო ნაღმები წარმოადგენენ, რომელთა ნაწილი 75 წლის შემდეგაც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება.
ოდესიდან წამოსული შავი ზღვის დინება საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს და გვერდს უვლის ჯერ რუმინეთის, შემდეგ კი - ბულგარეთის სანაპიროებს, სტამბოლთან ჩაუვლის ბოსფორის სრუტეს და თურქეთის სინოპის, სამსუნისა და ტრაპიზონის გავლით საქართველოს ბათუმისა და ფოთის პორტებს მოადგება... დიდი ალბათობით სწორედ ეს მარშრუტი გამოცურა ოდესიდან ბათუმამდე ამ საზღვაო ნაღმმა“, - ამბობს ალადაშვილი.
"თანამედროვე ნაღმებისგან განსხვავებით, ამ ნაღმებს არ აქვთ თვითლიკვიდატორი, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი გაუნებელყოფა მოხდეს. მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ქვეყნების მიერ გაშვებული ასეთივე ნაღმები, რომლებიც ზღვებსა და ოკეანეებში დაცურავს, არაა გამორიცხული, დღესაც ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდეს. ზღვაში თავისუფლად მოტივტივე (ღუზიდან მოწყვეტის შემდეგ ნაღმის კორპუსი სანახევროდ ამოდის ზღვის ზედაპირზე) ნაღმების გასაუვნებელყოფად, როგორც წესი, იყენებენ სნაიპერულ შაშხანებს, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს ან, სულაც, სახომალდო ქვემეხებს, რათა ტყვია თუ ჭურვი როგორმე მოარტყან ნაღმის რომელიმე მგრძნობიარე "ეშვს“ და გამოიწვიონ დეტონაცია, თუმცა, ხომალდი, რომლიდანაც ნაღმს ესვრიან, არანაკლებ ორას მეტრზე მაინც უნდა იყოს დაცილებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.
ადამიანი ზღვაში უცხო სხეულს თუ დაინახავს (მით უმეტეს, სანაპიროზე თუ გამორიყა), არ უნდა მიეკაროს, იმ ადგილს გაეცალოს და სასწრაფოდ პატრული უნდა გამოიძახოს. ახლა ეს ნაღმი თავისით აფეთქდა - ტალღები რომ ნაღმს მიწას აჯახებს, "ეშვების“ დარტყმის შედეგად ხდება აფეთქება (ზოგადად, გემის, ხომალდის კორპუსს როცა მიეჯახება, ნაღმი მაშინ ფეთქდება, სანაპიროზე როცა ამოვა, შეიძლება ქვასაც მიეჯახოს და ამიტომ აფეთქდეს, თორემ შუა ზღვაში თუ არაფერი შეეჯახა, არის მისთვის). ერთი პლუსი აქ ისაა, რომ როცა ნაღმი ღუზას მოწყვეტილია და ზემოთ ტივტივებს, ის ხილვადია.
პირველ რიგში აუცილებელია განაღმვა, რისთვისაც არსებობს სპეციალური ნატოს მუდმივმოქმედი ხომალდების გამნაღმველი ესკადრილია - იმავე ბათუმსა და ფოთში ყოველწლიურად შემოდიოდნენ თურქეთის, საბერძნეთის, რუმინეთის ე.წ. მტრალავი ხომალდები. მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და თურქეთმა სამხედრო ხომალდებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა, ნატოს მოქმედი გამნაღმველი ესკადრა ვეღარ შემოვიდა და, ცხადია, განაღმვაც არ მომხდარა“.