ავტორი:

მოხდება თუ არა დიდი შერიგება: რა მომავალი აქვს საგანგებო სიტუაციის ფონზე აღდგენილ დიპლომატიურ ურთიერთობებს თურქეთ-სომხეთს შორის - "რუსეთში ციებ-ცხელება უკვე დაეწყოთ"

მოხდება თუ არა დიდი შერიგება: რა მომავალი აქვს საგანგებო სიტუაციის ფონზე  აღდგენილ დიპლომატიურ ურთიერთობებს თურქეთ-სომხეთს შორის - "რუსეთში ციებ-ცხელება უკვე დაეწყოთ"

35 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთსა და სომხეთს შორის სასაზღვრო კარიბჭე გაიხსნა, რათა სომხეთმა მეზობელ ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარება დროულად მიაწოდოს. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს, ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახლა მთავარია, დაზარალებულებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.

თურქეთის საგანგებო წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ კვეთენ სატვირთო მანქანები ალიკანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს მდინარე არაქსზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას ყოფს.

"სომხეთის ხალხის მიერ გამოგზავნილი ეს გულუხვი დახმარება, რომელიც ჩვენი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთის რეგიონში შემოვიდა, ყოველთვის მემახსოვრება" - აღნიშნა თურქმა მაღალჩინოსანმა და სომხეთის ოფიციალურ პირებს მადლობა გადაუხადა.

  • თურქული მედიის ცნობით, სომხეთს და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი ბოლოს 1988 წელს გაიხსნა, როდესაც თურქეთმა სომხეთს ძლიერი მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

1990-იანი წლების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და კომერციული კავშირები გაწყდა. სომხეთი მეზობელ სახელმწიფოს 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიაში 1.5 მილიონი ეთნიკური სომეხის განადგურების საქმეს ედავება. თურქეთის თქმით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მრავალი სომეხი დაიღუპა ოსმალეთის ჯარებთან შეტაკებისას, მაგრამ სომხური მხრიდან რიცხვებით სპეკულაცია ხდება... ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა 2020 წელს კიდევ უფრო დაიძაბა, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს. სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანის გააქტიურებაში თურქეთის ხელს ხედავდა.

თუმცა, ახლა სომხეთშიც სულ მეტს საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციაზე. სომეხი პუბლიცისტებისა და პოლიტოლოგების მოსაზრებით, ადრე თუ გვიან, რამე უნდა შეიცვალოს, რადგან არსებული რეალობიდან გამომდინარე, სომეხ საზოგადოებას ორ უარესს შორის, უკეთესი უარესის არჩევის შესაძლებლობა აქვს...

15 თებერვალს სომხეთმა თურქეთის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთების კიდევ ერთი ნაკადი გაგზავნა. თურქული, სომხური და რუსული მედია წერს, რომ თურქეთში მომხდარი სტიქიის ფონზე, სომხეთის მიერ გამოხატული დამოკიდებულების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ახალი იმპულსები მიეცა.

"თურქეთი და სომხეთი შერიგებაზე ალაპარაკდნენ, იქნება თუ არა წარმატებული "საგანგებო სიტუაციის" ფონზე აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობები?" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა rbc.ru.

  • თურქი პოლიტოლოგი ქერიმ ხასი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ სომხეთის მიერ გამოჩენილი დახმარება, მისი კეთილი ნება ძალზე დასაფასებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს თურქეთსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემების ფონზე, მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მოახდენს.

"ეს ჟესტი მხოლოდ დადებითი ტონებს შესძენს ურთიერთობას, მაგრამ ანკარის მხრიდან სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ასეთ პოზიციას ის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ინარჩუნებს და არ მგონია, ახლაც რამე შეიცვალოს" - ამბობს ქერიმ ხასი.

სომეხი პოლიტოლოგის, ჯონი მელიქიანის შეფასებით, ეს მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დალაგების მეორე მცდელობაა სომხეთის მხრიდან.

"თუ ადრე, 2008-2009 წლებში ე.წ. საფეხბურთო დიპლომატიის მცდელობა იყო (ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის, ამ წლებში ორი თამაში გაიმართა), ახლა საგანგებო სიტუაციების ფონზე გვიწევს ახალი ფურცლიდან დაწყება - სომხეთი მაშველებსა და ჰუმანიტარულ ტვირთს გზავნის. შესაძლოა, განსაკუთრებულ შედეგებს ჯერ არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს ნაბიჯი პრინციპულად მნიშვნელოვანია შემდეგი პროცესის დასაწყებად. ახლა ბურთი ანკარის მოედანზეა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა როგორ გაგრძელდება, მათ უნდა განსაზღვრონ", - ამბობს მელიქიანი.

როგორც კი სომხეთი რომელიმე ქვეყანასთან ან ორგანიზაციასთან ახალი ფურცლიდან იწყებს ურთიერთობას, რუსეთში მაშინვე იქოქება პროპაგანდისტული მანქანები, გამოჰყავთ თავიანთი წონიანი ან ნაკლებად წონიანი ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერს ხაზი გადაუსვან.

"ახლა დაიწყეს 2008-2009 წლის ამბების დღევანდელთან შედარება, მაგრამ ერთი რამ ავიწყდება - მაშინდელ სომხეთს მართავდა ძალა, რომელსაც თავი და ფესვები მოსკოვში ჰქონდა, კრემლის ინსტრუქციები კი მთლიანად იმაზე იყო აგებული. სურდათ, სომხეთის მოსახლეობისთვის დაეჯერებინათ, რომ ქვეყანას ჰყავდა ერთადერთი მეგობარი, რუსეთი და მის გარეშე გადარჩენის პერსპექტივა არ ჰქონდათ. ბევრმა დაიჯერა, მაგრამ ახლა უფრო მეტი მიხვდა, რომ სწორედ მან წაგვართვა მომავალი" - ამბობს ჰასმიკ აბრამიანი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, გურგენ სიმონიანის თქმით, როგორც კი სომხეთმა ევროკავშირისკენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგა, რუსეთი მაშინვე შანტაჟზე გადავიდა - ვინც ევროპული ინსტიტუტების მხარეს არიან, შესაძლოა, ქვეყანაც საერთოდ დაკარგონ.

news.am-ის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას მაგალითად მოიყვანა უკრაინა და აღნიშნა, რომ "ვინც ევროპაზე გააკეთა არჩევანი, სახელმწიფოებრიობა, კულტურა და სტაბილურობა დაკარგა, რელიგია გათელა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეკლესია გაიყო".

"როგორც კი სომხეთმა თურქეთისკენ ნაბიჯი გადადგა, რუსეთში ციებ-ცხელება დაეწყოთ. მანამდე ევროკავშირის გადაწყვეტილებამ დაზაფრა... თუ აქამდე სომხეთში ანტირუსული განწყობები მხოლოდ ანტიდასავლური, დაფინანსებული ძალების ფანტაზიის ნაყოფი ეგონათ, ახლა, ცხადია, რეალურად დაინახეს სომხეთის დაკარგვის საფრთხე... შესაძლოა, ახლა თურქეთიდან მომავალი საფრთხის თემა კიდევ უფრო გაააქტიურონ. ყველამ იცის, რომ რუსეთისგან საბოლოო დისტანცირება მალე და უმტკივნეულოდ არ მოხდება, ამის დაჯერება მიამიტობა იქნებოდა, მაგრამ ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ რუსეთი დაკარგავს სომხეთს. ეს პროცესი დაწყებულია. დიახ, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს დასაკარგი, ამიტომ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, მაგრამ დაინტერესება მეორე მხრიდანაც აშკარაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია" - მიაჩნია პუბლიცისტ გორ არმათუნის.