ავტორი:

"როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიარა... ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და..." - ხათუნა ჟორდანია ოჯახსა და გადარჩენის გზაზე

"როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიარა... ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და..." - ხათუნა ჟორდანია ოჯახსა და გადარჩენის გზაზე

ხათუნა ჟორდანიამ თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნე დაამარცხა. ასევე ზურაზე და ნინიზე, რომელიც წლების განმავლობაში მხარში ედგნენ. ხათუნა ამბობს, რომ არა ნინი, შეიძლება ის დღეს ცოცხალი არც ყოფილიყო...

  • დამარცხებული დაავადება

"მთავარია ღმერთი, როგორც კი მას მიანდობ თავს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ღმერთი მაღალია და ყველაფერს შეძლებ მისი დახმარებით. ასევე ადამიანები, რომელიც გვერდით მყავდა, ჩემი შვილები, ზურა, ძმა, მისი შვილები და ჩემი მეგობრები, რომლებიც ერთი წამითაც კი გვერდიდან არ მომშორებიან. ასევე მადლობას გადავუხდი მთელ საქართველოს, ვინც გამამხნევებელ მესიჯებს მიგზავნიდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ადამიანებისთვის ვიბრძოლე, რომ გადავრჩენილიყავი.

ის, რაც ნინიმ ჩემთვის გააკეთა, ამას ძალიან დიდი ძალა და სიყვარული სჭირდება, ეს ყველაფერია ამ პატარა გოგოში. ნინი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, დღეს ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა. ისრაელში მკურნალობისას ქიმიები რომ დავასრულე, მეგონა, მედიკამენტურ მკურნალობაზე უნდა გადავსულიყავი. როდესაც მითხრეს, რომ გადასხმები უნდა გამეგრძელებინა, ტირილი დავიწყე. ექიმმა მითხრა, შენნაირი დაავადებით აქ ჩამოსული 10 კაციდან, 4 მიდის უკან და შენ იმ 4 ადამიანში ხარ, ამიტომ მადლობა უთხარი ღმერთსო. ამ დროს ჩემი დიაგნოზის შესახებ არ ვიცოდი და მივხვდი, რაღაც სერიოზული მჭირდა.

დიაგნოზი იყო მარჯვენა ფილტვის სიმსივნე, რომელიც გასული იყო ლიმფაში. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩა კერა, რომელიც მთელი ცხოვრება საშიში იქნებოდა. გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ქართველი ბიჭი, რომელმაც თურქეთში გამგზავნა სამკურნალოდ, ეს ბიჭი ეკლესიაში მოვიდა... იქ ჩასულზე მითხრეს, რომ ოპერაცია ან დასხივება, მე უნდა ამერჩია. დასხივების შემდეგ, რომ ჩავედი კონტროლზე, აღმოჩნდა, რომ გამქრალიყო. ნაწიბური ახლაც დარჩენილია, მაგრამ მიძინებულ მდგომარეობაში".

  • თეკუჩა ქარსელაძე...

"მასთან ურთიერთობას ვმალავდი, რომ ჩემ ძმას არ გაეგო. მშობლებმა იცოდნენ და უბედურება ტრიალებდა. მთელი თბილისი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. შემდეგ გაჩნდა ნინი, მისი ორეული, გარეგნულად, ხასიათით. ოფიციალურად არ ვიყავით დაშორებულები, მაგრამ ისე ცალკ-ცალკე ვიყავით, როდესაც ზურაზე და ჩემზე დაიწერა ერთ-ერთ ჟურნალში. მახსოვს ციხიდან დამირეკა და მითხრა, მეჯვარედ ხომ არ წამიყვანო".

  • ნინი და ზურა

"თავიდანვე ძალიან მოეწონა ზურა, არასოდეს ჰქონია ეგოისტური მომენტები. ზურა იყო ნინისთვის განსაკუთრებული ადამიანი, ასე მოხდა გაცნობის დღიდან. როდესაც ზურას გავყევი, რაც ნინისთვის საკუთარ მამას უნდა გაეკეთებინა და ვერ აკეთებდა, ეს ყველაფერი ზურამ გაუკეთა. ნინიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა დედაჩემთან მიმართებაში, ზურას ამბავზე, ასევე რედი რევაზიშვილმა, თეონა კონტრიძის დედამ, რომელიც იმ პერიოდში ჩვენთან ცხოვრობდა. მერაბმა მაშინ გაიგო, როდესაც მივიდა მასთან ზურა და პირდაპირ ხელი სთხოვა. თავიდან ძალიან გაუკვირდა, მაგრამ თქვა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ხელს არ შემიშლიდა".

  • ზურა

"როგორ პატარა ბავშვს, ისე მომიარა. მთელი ეს პერიოდი ხელში აყვანილი მატარა, ხელს არასოდეს მიშვებდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და მუხლებზე დავვარდი. ისეთი მწარე ტკივილი იყო, სადარბაზოში ბოლო ხმაზე ვკიოდი. შემდეგ მეუბნებოდა, ერთადერთხელ გაგიშვი ხელი და მაშინაც წაიქეციო.

ოცი წელია, რაც ოფიციალურ ქორწინებაში ვართ. ამ წლებში ყოფილა ბევრი მძიმე ეტაპიც... არასოდეს ერთმანეთის თავისუფლება არ შეგვიზღუდავს. მის თაყვანისმცემლებს მიჩვეული ვიყავი, თავიდან მაღიზიანებდა ეს ამბავი, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე. თავიდან ჩემ სახლში ვცხოვრობდით და არ მინდოდა ჩხუბის დროს შეურაცხყოფა მიმეყენებინა და ბარგის ჩალაგებას ვიწყებდით. რომ მეკითხებოდა, სად მიდიხარო, დედაჩემთან-მეთქი..."

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი...

"სიმსივნეს დამარცხების შემდეგ ჩემთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სიარული, მაგრამ ჯერ ვერ დავიწყე. ეს წლები ვირუსების გამო შევეჩვიე შინ ჯდომას და ვაპირებ როგორც კი დათბება, გავიდე გარეთ. ერთადერთი შიში, რაც ახლა მაქვს, ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაა. ხშირად მესიზმრება დედა. იმიტომ რომ ჩემი ავადმყოფობის გამო, მგონია, რომ მას ჩემი ყურადღება დავაკელი. ვერ მივხვდი, რომ დამიბერდა. იმ პერიოდში ცოტა ეგოისტურად ვუყურებდი ირგვლივ ყველაფერს, ჩემთვის მინდოდა ყურადღება. ავად რომ არ ვყოფილიყავი, მგონია, რომ შევძლებდი და დედას სიცოცხლეს გავუხანგრძლივებდი და ეს ძალიან მაწუხებს. განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, სიგარეტს არასოდეს გავეკარებოდი, რადგან მგონია, რომ ჩემი დაავადების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის".