ავტორი:

ფეხბურთი - მეტი ვიდრე სპორტი: "ბეშიქთაშის" ფანების ამაღელვებელი ქმედება მატჩის მიმდინარეობისას მიწისძვრით დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად (ფოტო, ვიდეო)

ფეხბურთი - მეტი ვიდრე სპორტი: "ბეშიქთაშის" ფანების ამაღელვებელი ქმედება მატჩის მიმდინარეობისას მიწისძვრით დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად (ფოტო, ვიდეო)

ფეხბურთი მეტია, ვიდრე სპორტი. ამის დასტური არაერთხელ გვინახავს. ამჯერად თურქეთში, "ბეშიქთაშის" მხარდამჭერებმა "ანტალიასპორთან" მატჩის დროს მოედანზე ათასობით ფუმფულა სათამაშო ისროლეს მიწისძვრით დაზარალებული ბავშვებისთვის შესაწირად.

მატჩი დაწყებიდან ოთხი წუთის და 17 წამის შემდეგ შეჩერდა, რაც სიმბოლურად მიუთითებდა იმ დროს, როცა 6 თებერვალს, განთიადისას, 04:17 წუთზე პირველი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

შემდეგ გულშემატკივრებმა სათამაშოების ტრიბუნიდან მოედანზე სროლა დაიწყეს, რომლებსაც თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს გადასცემენ. მას თან ახლდა ანტისამთავრობო შეძახილები.

"ჩვენმა გულშემატკივრებმა მატჩის დროს მოაწყეს მნიშვნელოვანი ღონისძიება სახელწოდებით, "ეს სათამაშო ჩემი მეგობარია", რათა დახმარებოდნენ მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს", - ნათქვამია "ბეშიქთაშის" განცხადებაში.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა და მას 50 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.