ავტორი:

"ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" - ფილმი, რომელიც მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა: რას ჰყვება ქეთი დოლიძე?

"ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" - ფილმი, რომელიც მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა: რას ჰყვება ქეთი დოლიძე?

1983-85 წლების მონაცემებით, „კუკარაჩა“ მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ფილმი ეკრანებზე 40 წლის წინ, 1983 წელს გამოვიდა.

"40 წელი გავიდა "კუკარაჩას" გადაღებიდან და მე სულ მგონია, გუშინ თუ იყო ეს ყველაფერი. რაღაც, ძალიან უცებ გავარდა დრო... ამ ქვეყნად აღარ არის მარინა ჯანაშია, რომელიც ამ ფილმში საუკეთესო იყო. პატარა ბიჭი - თამაზიკო (ლადო ტატიშვილი) აფხაზეთის ომში მიდიოდა და სამტრედიაში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა... ასე რომ, გულში ძალიან, ძალიან დიდი ტკივილი მაქვს...", - ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც "კვირის პალიტრას" თავის საკულტო ფილმზე ესაუბრება... გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ქეთი დოლიძე:

- ფილმი "კუკარაჩა" 1982 წელს არის გადაღებული, ეკრანებზე 1983 წელს გამოვიდა... ვერ ვიტყვი, რომ გადაღებას რამე სირთულეები ახლდა. ამ ფილმს რომ ვიღებდით, სწორედ მაშინ ჩემს მეორე შვილს ველოდებოდი... თამრიკო "კუკარაჩას" გადაღებების დროს გაჩნდა. ბოლო წუთამდე ვმუშაობდი და მისი დაბადებიდან ათ დღეში ისევ გადაღებაზე წავედი. ბავშვს კვება რომ უწევდა, ჩემთან, გადაღებაზე მოჰყავდათ...

ფილმის გადაღებების პროცესი ამ მხრივ ჩემთვის ძალიან გამორჩეული იყო და ბიჭი რომ გაჩენილიყო, ალბათ, "კუკარაჩას" შეარქმევდნენ.

ფილმის ნახვა ვეღარ მოასწრეს, მაგრამ რაც მთავარია, შეკრული ფილმის ბოლო ვარიანტი, დაახლოებით, ორსაათნახევრიანი მასალა ვაჩვენე მამაჩემსაც და ნოდარ დუმბაძესაც... ორივეს ძალიან მოეწონა! ნოდარ დუმბაძემ რაც თქვა, ჩემთვის მუდამ ძალიან დიდი პატივია - "ეს არის ნამდვილი ნოდარ დუმბაძეო"... ძალიან დადებითად მიიღო ყველა გმირი.

ლევან უჩანეიშვილის ამ როლზე დამტკიცება არ უნდოდათ. როდესაც ეს საკითხი გავიტანე, რეზო ჩხეიძემ მხარი ძალიან დამიჭირა... ამბობდნენ, ცისფერი თვალები აქვს და საერთოდ არ ჰგავს იმ ბიჭს, რომელიც ნაწარმოებშია აღწერილიო.

მე ეკრანზე ლამაზი ხალხი ძალიან მიყვარს! ასე ვთქვათ, ეს ჩემი გამორჩეული თვისებაა, ასეთი რეჟისორი ვარ... მინდოდა, ჩემი ფილმის ყველა გმირი ძალიან სიმპათიური ყოფილიყო, მურტალოც კი... სულ ვამბობდი, არ შეიძლებოდა ინგასნაირ ქალს მურტალო რაღაცით არ მოსწონებოდა. ის ხომ დასთანხმდა მურტალოს, მარტო შიშის გამო ხომ არა?!

ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი პატივმოყვარეობისთვის, რაც ყველაზე კარგად მასწავლა მამაჩემმა - სიკო დოლიძემ და რაც მთავარია - მიხეილ თუმანიშვილმა, მსახიობების არჩევა თეატრშიც და კინოშიც ზუსტად ვიცი! ჯერჯერობით არასდროს შემშლია.

ჩემს ხელში, ისევე, როგორც მამაჩემის ხელში, ძალიან ბევრი მსახიობი, რაღაცნაირად, თავიდან დაიბადა... მაგალითად, გია როინიშვილი ყოველთვის კომედიურ როლებს თამაშობდა და ყველას მხოლოდ სახასიათო მსახიობი ეგონა... 1996 წელს, სპექტაკლი "სერობა" რომ დავდგი, განაწილების დროს მიხეილ თუმანიშვილმაც კი მითხრა, გია როინიშვილი წმინდა პეტრეს როლზე როგორ შეიძლებაო?!.. ვუთხარი, ბატონო მიშა, დამერწმუნეთ, გია ერთ-ერთი საუკეთესო დრამატული მსახიობია-მეთქი და სპექტაკლმა ამ სიტყვების ჭეშმარიტება დაამტკიცა - გია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სპექტაკლში!

არასოდეს შევმცდარვარ მსახიობების არჩევაში და ვფიქრობ, ჩემი ეს თვისება ვიღაცამ მაინც უნდა აღნიშნოს. ამას თემურ ჩხეიძე სულ ამბობდა და ისევ ვიმეორებ, მაპატიეთ, რომ პატივმოყვარეობა მაქვს და ვიმეორებ! გააგრძელეთ კითხვა