ავტორი:

"სამომავლოდ აუცილებელია, ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს" - თსუ-ს რექტორ სტუდქალაქში მართლწესრიგის ოფიცრების შესვლაზე

"სამომავლოდ აუცილებელია, ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს" - თსუ-ს რექტორ სტუდქალაქში მართლწესრიგის ოფიცრების შესვლაზე

"ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს" - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რითაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების შესვლას გამოეხმაურა.

როგორც მან "მაისის სტუდენტური მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ განმარტა, ის გეგმავს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდეს, რათა სამომავლოდ აღნიშნული პროცედურა დაიხვეწოს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს საკითხი, რის გარშემოც დიალოგი გაგვიჭირდება. ნებისმიერ საკითხზე მზად ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შევხვდე. 15 მარტს შსს-ს ორმა ოფიცერმა, რომელთაც ოფიციალური მინდობილობა ჰქონდათ, გარკვეული აღწერა თსუ-ს სტუდქალაქის ტერიტორიაზე ჩაატარეს. ამ ტერიტორიაზე ორი შენობაა, სადაც ჩვენი სტუდენტები არიან განთავსებული, დანარჩენ შენობებში იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. ამ ტერიტორიაზე აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მოხდა, ეს არის ჩვეულებრივი ღონისძიება, რომელსაც შსს ატარებს.

ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს. როცა სტუდენტებს საქმე ეხება, უნივერსიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მათ თან უნდა ახლდეთ. მთლიანობაში ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თსუ-ს სტუდენტური საცხოვრისი მაქსიმალურად დაცული იყოს.

სტუდენტებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა, რომ არანაირი ფორმით გადაცდენა ამ პროცედურისას არ მომხდარა. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლოდ გარკვეული პროცედურის ნაწილი დაიხვეწება, რომ ეს ყველაფერი მომავალში გარკვეული ჩარჩოებით მოხდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში განათლების და მეცნიერების მინისტრს ჩავაყენებ, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების კარგი მცოდნეა. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ შევხდეთ შსს-ს მინისტრს, რომ სამომავლოდ პროცედურა დაიხვეწოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს ობიექტები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის”, - განაცხადა სამუშიამ.