ავტორი:

ანალენა ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო: "ეს მნიშვნელოვანი გზავნილია"

ანალენა ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო:  "ეს მნიშვნელოვანი გზავნილია"

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა.

შეხვედრა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გაიმართა და მას რამდენიმე ორგანიზაცია ესწრებოდა.

  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრისას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა და ამას იმსახურებს.

როგორც ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რომ მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, ეს სამოქალაქო სექტორისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა იყო.

მისივე თქმით, ანალენა ბერბოკმა არასამთავრობოებს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. განვიხილეთ რუსული კანონი და პროცესები, რომლებიც ამ კანონის ინიცირებამდე და ინიცირების შემდეგ იყო. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირისგან სტატუსი უნდა და ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ სტატუსის მისაღებად, მაგრამ დასავლელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ, რომ ამ გზაზე ჩვენს ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადოს. ევროპული მომავლისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ისინი მხოლოდ საქმეს აფუჭებენ.

ის, რომ მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობოებს შეხვდა, ეს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა შეხვედრას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს. ყველას მადლობა გადაგვიხადა იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ვეწევით, იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ერთი მხრივ, ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ვამბობდით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხიც განიხილეს. მისივე თქმით, ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არასახარბიელოა, ეს ევროპისთვის გასაგებია.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეძებენ გზებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. ისინიც თვლიან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, უბრალოდ მას გარკვეული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ბოლო დემონსტრაციების დროს, ყველამ ვიხილეთ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი გაერთიანდა. საქართველოს მოქალაქეები ასე მკაფიოდ რომ არ გამოვხატავდეთ ჩვენს პროევროპულ პოზიციას, ევროპისგან ასეთი მხარდაჭერა არ გვექნებოდა.

ყველა მცდელობა 12 რეკომენდაციის არშესრულების, მათ შორის, ამ კანონის ინიცირება, ევროპული მომავლისთვის საფრთხეა. ხელისუფლებაზე მსგავსი შთაბეჭდილების შექმნა საერთო პროცესისთვის, რა თქმა უნდა, ცუდია.

ვისაუბრეთ მედიაგარემოზე და ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც. თავად პოზიციებს არ გამოთქვამენ, თუმცა ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არასახარბიელოა, ეს მათთვის გასაგებია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

  • "ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ბერბოკის მიერ ვიზიტის არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაწყება, აჩვენებს იმას, თუ როგორ ხედავს გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა არის ცხადი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლის, დემოკრატიის, უსაფრთხოების. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ შეხვედრები დაიწყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით და ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ როგორ აფასებს გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. სამწუხაროა, რომ მის ვიზიტს დახვდა ურცხვად რუსული გზავნილებით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელმაც თავდასხმა დაიწყო სტუმარზე მის ჩამოსვლამდეც კი და განაცხადა, რომ ის ინფორმირებული არაა, რომ "ბოლშევიკების“ გზავნილებით საუბრობს და ა.შ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ევროკავშირში ქართველ ხალხს ჰყავს ძალიან მყარი მოკავშირე, მაგრამ არ მოიაზრებენ ამ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მართავს, არც ხალხის ინტერესების გამომხატველად და არც პარტნიორად, რომელსაც შეიძლება ენდო საკუთარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

მესამე სექტორთან შეხვედრის შემდეგ ანალენა ბერბოკი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრები გაიმართება ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველ სტუდენტებსაც ეწვევა. ვიზიტის დღის წესრიგშია ასევე, "სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი.