ავტორი:

რომის პაპი "ბალენსიაგას" სამოსში - როგორ გააცურა ხელოვნურმა ინტელექტმა მილიონობით ადამიანი: "აზიარებდნენ და ვერავინ ხვდებოდა, რომ ყალბი იყო"

რომის პაპი "ბალენსიაგას" სამოსში - როგორ გააცურა ხელოვნურმა ინტელექტმა მილიონობით ადამიანი: "აზიარებდნენ და ვერავინ ხვდებოდა, რომ ყალბი იყო"

სოციალურ ქსელებში ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ჩვენს დროში ერთ-ერთი გამოწვევაა, ე.წ. ფეიქ ინფორმაციების რეალურისგან გარჩევა კიდევ უფრო რთული გახდა მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა რომის პაპის ფრანცისკეს ფოტო, სასულიერო პირისთვის არადამახასიათებელი და არაორდინალური ჩაცმულობით. ფოტოზე ჩანს, რომ პაპს აცვია თეთრი ქურთუკი ცნობილი ფრანგული ბრენდის Balenciaga-ს კოლექციიდან.

ფოტო ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ადამიანმა დაიჯერა, რომ პაპს მართლაც ეს სამოსი ეცვა. ზოგიერთმა გააკრიტიკა ის, ზოგმა კი შეაქო მოდური არჩევანისთვის.

გავრცელებული ფოტო ყალბია. ის ხელოვნური ინტელექტით არის შემქნილი და უკვე იდენტიფიცირებულია მისი ავტორიც. მედიის ცნობით, AI-ს საშუალებით სურათი 31 წლის ჩიკაგოელმა, პაბლო ხავიერმა შექმნა, რომელიც გატაცებულია ხელოვნური ინტელექტით. მისი თქმით, უბრალოდ, გაუჩნდა იდეა, რომ პაპის პორტრეტი შეექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და პროგრამას მიუთითა შემდეგი სიტყვები - "რომის პაპი ბალენსიაგას ფუმფულა ქურთუკით, პარიზის ქუჩებში სეირნობს." შედეგი მთელმა მსოფლიომ ნახა.

პაბლოს თქმით, თავდაპირველად, ფოტო "ფეისბუქზე" იმ ჯგუფში ატვირთა, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათებს, შემდეგ reddit-ზე, თუმცა ვირუსულად "ტვიტერზე" გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა.

მას არ სურდა, რომ ფოტო ასე ვირუსულად მოსდებოდა ინტერნეტსივრცეს და თვლის, რომ ეს რეალურად ძალიან საშიში რამ არის. "ხალხი აზიარებდა და ვერავინ ხვდებოდა, რომ რეალური ფოტო არ იყო და მე ვფიქრობდი, ჯანდაბა, ეს სიგიჟეა“, - ამბობს პაბლო.