ავტორი:

"ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია "მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს, უბრალოდ, აბსურდია..." - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი და როგორ აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას?

"ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია "მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს, უბრალოდ, აბსურდია..."  - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი და როგორ აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას?

"ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია "მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირმა, ნათლად აირჩია მხარე და მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია.

“[ევროკავშირთან დაახლოების] ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამას დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებია.

ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია "მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია. სრულიად გვესმის საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის რამდენიმე ომი, ბოლო 2008-ში, გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% საქართელოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლაზე და აღნიშნა, რომ ეს "ძალიან ძლიერი" გამოსვლა იყო.

"პირადად მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო, ძალიან ემოციური. გამოსვლა კონცენტრირდა საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება.

იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მის გზაზე წინ წაიწევა, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამისთვის ყველას ჩართულობა გვჭირდება, ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება გვჭირდება, რომ ერთად იმუშაონ ინკლუზიურ და კონსტრუქციულ გარემოში, რათა მოახდინონ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია.

ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად და როგორც რამდენჯერმე ვთქვი, ევროკომისია პროცესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო კოლექტიურად გადაწყვეტენ სამომავლო ნაბიჯებს წლის ბოლოსკენ. მივესალმე პრეზიდენტის სურვილს იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი. ყველა უნდა იყოს ჩართული: მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ასეთ მცდელობებს, რათა გავზარდოთ 27 წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსები,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.