ავტორი:

რატომ გადაეფარა "ქართული ოცნება" მოსამართლეებს და რა ხდება "პროცედურული ომის" მიღმა - "რეალურად, არც "ნაცმოძრაობის" ინტერესებში შედის კომისიის შექმნა"

რატომ გადაეფარა "ქართული ოცნება" მოსამართლეებს და რა ხდება "პროცედურული ომის" მიღმა - "რეალურად, არც "ნაცმოძრაობის" ინტერესებში შედის კომისიის შექმნა"

"ოცნება" სასამართლო კლანის ინტერესების დაცვას განაგრძობს. სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვროუმის არარსებობის გამო ორი დღის განმავლობაში ვერ შედგა.

კენჭისყრის დაწყებამდე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის შემდეგაც რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო. საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში "რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.

ქვორუმი რომ ვერ შედგა, ამას ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა სოლიდარობის აქტი უწოდა. „ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია... მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე - ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კომისია არ შეიქმნას, სოლიდარობას ვუცხადებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეს არის ჩვენთვის პრინციპის საკითხი.“ - განაცხადა კობახიძემ.

თუ სასამართლო მართლაც თავისუფალია და იქ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ჩნდება კითხვა, რა პრობლემაა ასეთი კომისიის შექმნა და თუ სასამართლო დამოუკიდებელია, რატომ ექომაგება მას ასე მმართველი პარტია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

"გასაგებია, რატომ ეშინია ასე "ოცნებას" ამ კომისიის შექმნა. მათ არ უნდათ რეალური ვითარება გამოჩნდეს სასამართლოში, ვალდებულებები აქვთ ამ ხალხთან, რომ რაღაცნაირად ჩაშალონ ეს პროცესი. ზოგადად, საერთო დანაშაული კრავს და აერთიანებს ადამიანებს. ისინი ამით საკუთარ თავსაც იცავენ, სასამართლო ცალკე რომ იყოს და მართლა დამოუკიდებელი, რა გვიშავდა? პრობლემა სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან და ერთად მუშაობენ (მოსამართლეებთან), ისინი პარტნიორებს იცავენ. ან რა შუაშია აქ „ნაცმოძრაობა“, კობახიძემ რომ თქვა, კომისიას არ შევაქმნევინებთო. მაგრამ მას სხვა არგუმენტი არ აქვს და ამიტომ ამბობს. ბოდიში და, ეს მოსამართლეები ვინ არიან, "ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლეები არ არიან? არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ სანქციები "ოცნების“ ლიდერებამდეც მივიდეს. უკაცრავად და, ოპოზიცია რას მიკეთებს?

ოპოზიციამ ახლა უნდა იმოქმედოს, კომენტატორებად რომ იქცნენ ყველანი. ხელისუფლება ცუდად რომ იქცევა, იმის კომენტირება კი არ უნდა მოახდინოს, მას ახლა აქვს შანსი გააცოცხლოს პოლიტიკური სიტუაცია, დაიწყოს გარკვეული აქტიური ქმედებები და მიიღოს შედეგი. ოპოზიციას ეზარება ამის გაკეთება და კომენტირებით შემოიფარგლება, ამას ჩვენც კარგად ვახერხებთ და მაშინ რად გვინდა პოლიტიკოსები? ოპოზიცია ახლა ხელიდან უშვებს პოლიტიკური ვითარების გამოცოცხლებისა და საზოგადოების თვალში რეაბილიტაციის უნიკალურ შანსს, აცხადებს რა გამარჯვებად ხელისუფლების უტიფარ ქმედებებს და ამით კმაყოფილდება. ხალხს ოპოზიციისგან სჭირდება არა ხელისუფლების საქციელის კომენტირება, არამედ შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული მოქმედებები. დროა, დაგვანახონ, მათ რა შეუძლიათ“.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"ქვორუმი ალბათ ვერც შედგება, უმრავლესობის ლიდერებმა გააკეთეს კიდეც განცხადება, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ კომისიის შექმნას და გასაგებია რატომაც: 1. ავტორიტატულ რეჟიმს, გარკვეულწილად, კომპრომისზე წასვლის უნარი არ აქვს, კომპრომისი სისუსტედ ითვლება და თავს ამის უფლებას ვერ აძლევენ. მათ ჯერ ისიც ვერ გადაუტანიათ, რომ მარტის მოვლენებში იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. დღეს ქუჩაში ისეთი აჟიოტაჟი არ არის, როგორიც მაშინ იყო, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, არ დაიხიონ უკან და ის სიმყარე, რასაც სახელისუფლებო ვერტიკალი ჰქვია, შეინარჩუნონ. ძალაუფლება დღეს ამ ვერტიკალზე დგას, მეტი საყრდენი „ოცნებას“ უბრალოდ არ აქვს. ამომრჩევლის 2/3 დღეს ოპოზიციურად განწყობილია, შესაძლოა, ეს რიცხვი ამ წუთას კონსოლიდირებული არაა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობაში საყრდენი არ აქვს, ამიტომაც მისი საყრდენია ძალოვანი სტრუქტურები და მათ უფრთხილდებიან, იცავენ და უნდათ ისინი დაარწმუნონ, რომ ყოველთვის მათ გვერდით არიან და იქნებიან. უმრავლესობა ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს.

2. ეს კომისია თუ შეიქმნა და იქ რაღაც მოძრაობები დაიწყო, კაცმა არ იცის, რა ამოვარდება. არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, რომელთაც, არაა გამორიცხული, ჩვენზე და საპარლამენტო ფრაქციებზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, შესაძლოა, ეს ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას, ამიტომაც არ უნდათ ამ კომისიის შექმნა. ამას თავი რომ დავანებოთ, ეს ოპოზიციისთვის არის საკმაოდ მომგებიანი სვლა, მუდმივად პრესინგის ქვეშ რომ ამყოფონ ხელისუფლება და ეს თემა იმისთვის გამოიყენონ, რომ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას მიაღწიონ. ჩემი აზრით, ეს ფაქტორებია, რატომაც უშლის ხელს "ოცნება" ამ კომისიის შექმნას. კობახიძე ტყუის, პირიქითაა - ნაცმოს ინტერესებში სულაც არ შედის ამ კომისიის შექმნა იმიტომ, რომ თუ შეიქმნა და მუშაობა დაიწყო, ის „ნაციონალურ მოძრაობამდეც“ ჩავა. დღევანდელი ენმ-ს ლიდერებს - მერაბიშვილს და კეზერაშვილს ნამდვილად არ აძლევთ ხელს გირგვლიანის საქმის ისევ ამოწევა. როგორ ფიქრობთ, მათთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანია? პრობლემა ისაა, რომ ენმ უარსაც ვერ იტყვის, ამიტომაც იძულებულია თანხმობა გამოაცხადოს, "ქართული ოცნება" კი ამ კომისიას არ შექმნის.

უმრავლესობას რომ არ უნდა კომისიის შექმნა, ეს სამართლებრივ სახელმწიფოში იმას ნიშნავს, რომ მან ელექტორატი უნდა დაკარგოს, ჩვენთან ეს არ ხდება, სამწუხაროდ, ხელისუფლების ქმედებები ელექტორატზე პირდაპირ მიბმული არ არის, არჩევნები ცალკეა, პოლიტიკური პროცესი - ცალკე, ამიტომაც „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია ვიღაც ამომრჩეველი განაწყენდეს, ვიდრე კომისია შექმნას. 2012-ში ალბათ ვერც წარმოვიდგენდით იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც ჩინჩალაძე-მურუსიძის ლანძღვით მოვიდა, სანდრო გირგვლიანისა და სხვა მოკლული ბიჭების სახელით აპელირებდნენ, დღეს ამ მოსამართლეების ინტერესებს დაიცავდნენ.

ამასთან, როდესაც „ოცნება“ხელისუფლებაში მოვიდა, მოსახლეობის მას 60-70% უჭერდა მხარს, ამიტომ მისთვის ასეთი გადაადგილებები პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს სხვა რეალობაა, დღეს მას იგივე პროცენტი აღარ უჭერს მხარს, ამიტომაც უფრთხილდება ძალოვან სტრუქტურებს. „ქართული ოცნება“ მოსამართლეებს თუ არ გადაეფარება, ეს სისტემის ეროზიას გამოიწვევს, „ოცნება“ კია ავტორიტარული მმართველობა, მაგრამ გაცილებით ხისტი იყო ავტორიტარული ნაციონალები - მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაცილებით მეტად აკონტროლებდნენ ყველა სტრუქტურას. როცა მოსახლეობის 2/3 მხარს არ გიჭერს, ძალაუფლების შენარჩუნება არის ძალიან რთული. დღეს „ოცნებას“ უმართლებს იმაში, რომ ეს ამომრჩეველი კონსოლიდირებული არაა, ის 70% ორად იყოფა და ნახევრისთვის ნაცმოც და „ოცნებაც“ ერთნაირად მიუღებელია. ამ ფაქტორს „ოცნება“კიდევ იმისთვის იყენებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამიტომ ვერ დაუშვებს, რომ სისუსტედ ჩაუთვალონ.

არ გამოვრიცხავ, სანქციები "ოცნების“ ლიდერებსაც შეეხოთ. ეს პროცესი დაიწყო, არ დასრულებულა. ხელისუფლებას აქვს ცუდი და უარესი სვლები, ამიტომ მას არჩევანის გაკეთება ამ ნაწილში უწევს, რა უნდა ქნას - "ოცნებას" ერჩია, ეს ხალხი მანტიის დათმობაზე დაეთანხმებინა, ვიდრე კომისიის შექმნაზე. არ ვიცი, კომისია როგორ იმუშავებს, მაგრამ კაცმა არ იცის, რა დასკვნამდე მივა და რა ფაქტებს ამოყრის. ამიტომ როცა "ოცნებას" არ აქვს უკეთესი სვლა, აკეთებს ამას. ის, რომ ჩვენი პარტნიორები "ქართული ოცენბისადმი" უკმაყოფილებას გამოხატავენ და ეს კიდევ გაძლიერდება, ვფიქრობ, ნათელია. არ გამოვრიცხავ, რომ პარტნიორებისთვის არც "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები იყოს მისაღები, ამიტომ, ვფიქრობ, სიურპრიზები გვექნება“.

ნიკოლოზ მეტრეველი, ანალიტიკოსი:

"ვფიქრობ, საერთოდ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, სახეზეა ოპოზიციის მხრიდან ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მორიგი უნიჭო მცდელობა. საზოგადოებისთვის სასამართლოს თემა დღეს საინტერესო არ არის, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისგან, როდესაც 99% გამამტყუნებელი განაჩენი იწერებოდა და ჯამში, ამა თუ იმ ფორმით, რეჟიმი თითქმის ყველა ქართულ ოჯახს შეეხო. დღეს რეალობა სულ სხვაა - სასამართლომ არაერთი სერიოზული ტესტი ჩააბარა, მაგალითად, თუნდაც „რუსთავი 2-ის“ საქმე, რომლის სიმართლეც შემდეგ სტრასბურგმა დაადასტურა".

ნახეთ ასევე: