ავტორი:

"ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“ - რა მდგომარეობაში არიან სუდანში ჩარჩენილი ქართველები და რა ხდება ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირების მე-6 დღეს?

"ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“ - რა მდგომარეობაში არიან სუდანში ჩარჩენილი ქართველები და რა ხდება ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირების მე-6 დღეს?

სუდანში ქვეყნის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ბოლო 2 დღის განმავლობაში, ერთდღიანი ზავი მეორედ ამოქმედდა. დაპირისპირებული მხარეების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ 24 საათით ცეცხლს შეწყვეტდნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ისევ დაირღვა.

პირველად დროებითი ზავი, 19 აპრილის საღამოს ამოქმედდა, თუმცა მალევე დასრულდა... ამ დრომდე არ გახსნილა ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც ხარტუმის მოსახლეობას დედაქალაქის დატოვების შესაძლებლობას მისცემს.

სუდანის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. შეტაკებებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა დაჭრილთა რაოდენობა 2600-ს აღემატება.

ახლა მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც ელის, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები მესამედ მაინც შეასრულებენ პირობას და ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნიან. დედაქალაქ ხარტუმში, სადაც მეექვსე დღეა გრძელდება შეტაკებები, 30-ზე მეტი ქართველი რჩება. ორი ავიაკომპანიის, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ს მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები, რომლებიც სუდანში სამუშაო მივლინებით იყვნენ ჩასული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართველების დამსაქმებელი ავიაკომპანიები მათ ევაკუაციაზე მუშაობას განაგრძობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ სუდანში ჩარჩენილი ქართველები სამშვიდობოს გამოიყვანონ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს საგარეო უწყებას ყველა პარტნიორსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე, თუმცა ჯერ ვერცერთი ქვეყანა ვერ გეგმავს თავისი მოქალაქეების გაყვანას და არც კონკრეტული თარიღია ცნობილი.

"ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს მოქალაქეეებთანაც. და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“, - განუცხადა მან "რადიო თავისუფლებას".

კონფლიქტის ზონაში სადგილობრივ მოსახლეობასაკვებისა და წყლის მარაგი ეწურება. სუდანში ჰუმანიტარული კრიზისია. მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქიდან გაქცევას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

მოსახლეობას არ აქვს მედიკამენტები, ჯანდაცვის სისტემა კი კოლაფსის საფრთხის წინაშეა. გაერო დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

ამ რამდენიმე დღის წინ, სუდანში კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო "სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო. შეიძლება ითქვას, რომ სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ვერ ხერხდება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე. სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.