ავტორი:

კამპანია "Starring Georgia" 5 აგვისტოს დაიწყება - რა ეღირება ბილეთები

კამპანია "Starring Georgia" 5 აგვისტოს დაიწყება - რა ეღირება ბილეთები

5 აგვისტოდან საქართველოში „ვარკსკვლავთცვენა“ იწყება. უკვე ვიცით ის ექვსივე არტისტი, რომელიც ზაფხულში, „Black Sea Arena-ს“ გუნდის ორგანიზებით, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში გვეწვევა. ცნობილია, მაგალითად, ერთ-ერთი ჯგუფის, „The Killers-ის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთბის ფასიც, რომელიც, ადგილების მიხედვით, 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. ამ და სხვა კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „Black Sea Arena-ს“ ოფიციალურ ვებგვერდზე - BSA.ge.

კონცერტები გაიმართება „Black Sea Arena-ზე“; შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში და „მიხელ მესხის სტადიონზე“. 5-დან 31 აგვისტომდე მსენელის წინაშე წარდგება: „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“, „The Killers“, „All Day I Dream“ და „Imagine Dragons “.

აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის არტისტები საქართველოში ჯერ არ ყოფილან. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანას ძალიან ბევრი მიმართულებით დაეხმარება. პირველ რიგში, საქართველო გასართობი ინდუსტრიის რუკაზე აციმციმდება და საფუძველი ჩაეყრება ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის არტისტების სამომავლო სტუმრობის პროცესს. გარდა ამისა, ჩვენს თანამოქალაქეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში მოუსმინონ საყვარელ მუსიკოსებს, რომელთა კონცერტზე დასწრება მათი ოცნებაა.

ეს განსაკუთრებით მნიშვენლოვანი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ მოუწევთ საყვარელი ჯგუფის კონცერტზე საზღვრგარეთ წასვლა, უფრო სწორად, წასვლაზე უარის თქმა, ფინანსური ფაქტორების გამო. სასიხარულოა, რომ ქართველი ახალგაზრდები საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში დაესწრებიან იმ არტისტების კონცერტს, რომელთა ცოცხლად მოსმენასაც წლებია, ელოდებიან.

კულტურული დატვირთვის გარდა, კამპანია „Starring Georgia-ს“ უდიდესი ეკონომიკური ფაქტორი ახლავს თან. ეს ძალიან საინტერესო ინდუსტრიაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციონირებაში სერიოზულ როლს თამაშობს. მსგავსი კამპანია ზრდის ქვეყნის ცნობადობას და მას შესაბამისი ტურისტული სეგმენტის მოზიდვაში ეხმარება. საუბარია მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტზე, რომლის ზეგავლენაც ეკონომიკაზე ყოველთვის მნიშვნელოვნად პოზიტიურია. ეს გახლავთ შანსი, დედამიწის სხვადასხვა წერტილში მყოფმა ადამიანებმა აღმოაჩინონ საქართველო, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება.

რატომ შეარჩია „Black Sea Arena-ს“ გუნდმა კონკრეტულად ეს არტისტები და რას მისცემს კამპანია „Starring Georgia“ საქართველოს? „Ambebi.ge“ „Black Sea Arena-ს“ პროექტების მენეჯერს, ციცი იაშვილსა და „Black Sea Arena-ს“ დირექტორს, ტატო ხარჩილავას ესაუბრა.

როგორც ციცი იაშვილმა აღნიშნა, ეს კამპანია საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ამიერკავკასიაში გახდება მთავარი ადგილი, რომელიც ამ მიმართულებით იკაშკაშებს. რეგიონალურად, მსგავსი მასშტაბის კონცერტები წელს არ იგეგმება, რაც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, მიმზიდველი ქვეყანა გახდეს როგორც ზემოხსენებული არტისტების გულშემატკივრებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ასევე, მეზობელი ქვეყნების მოსახლეობისთვის, რომელიც, პირობითად, ევროპასთან შედარებით, ნაკლებ ფასად დაესწრება სასურველ კონცერტს საქართველოში.

„რამდენიმე არტისტი ტურნეს პერიოდში „დავბუქეთ“, რაც განსაკუთრებულად კარგი მოვლენაა. ამ დროს არტისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და საერთაშორისო PR კამპანიას ეწევიან. როდესაც საქართველო მათი ტურნეს ნაწილი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, არაბთან გაერთიანებული საამიროები და ა.შ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში ნამყოფი არ არის და შეიძლება, აქ ამ არტისტების მოსასმენად ჩამოვიდეს. ამ კამპანიის მიზანიც ეს გახლავთ და მთავრობაც ამიტომ უჭერს მას მხარს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განვითარებაში,“ - განაცხადა ციცი იაშვილმა.

როგორც მანვე განმარტა, უშუალოდ კონცერტების მსვლელობის გარდა, პოპულარული არტისტები საქართველოში სხვადასხვა აქტივობაში იქნებიან ჩართული, რასაც მთელი მსოფლიო დააკვირდება.

„არტისტები გარკვეულ პერიოდს ჩვენს ქვეყანაში ატარებენ. მათთან ერთად „მოგზაურობენ“ მათი მიმდევრები სოციალური ქსელებიდან და ყოველწუთიერად ეცნობიან ახალ-ახალ ინფორმაციას, რომელიც მათ საყვარელ არტისტსა და საქართველოს უკავშირდება. ეს ყველაზე დიდი აუდიტორიაა, რომელსაც პირდაპირ შეგიძლია მისწვდე და ზუსტად ის შესთავაზო, რაც მას დააინტერესებს. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს დიდ სურათში გამოვსახოთ და კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი,“ - აღნიშნა ციცი იაშვილმა.

დაანონსებული 6 არტისტი ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ „Starring Georgia-ს“ შესახებ რაც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და მეტმა მათგანმა იპოვოს მისთვის საინტერესო არტისტი. როგორც „Black Sea Arena-ს“ დირექტორი ტატო ხარჩილავა აღნიშნავს, ეს არ არის ერთ კონკრეტულ გემოვნებაზე მორგებული კამპანია. „Starring Georgia“ სახალხო პროექტია, რომელშიც ყველას გემოვნება გათვალისწინებულია.

„არტისტების შერჩევისას ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ აქტუალურობას: თუ რა დონეზე არიან ისინი, მსოფლიოს მასშტაბით; რომელ ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას; რამდენი და რა სახის ჯილდო აქვთ მიღებული; სად უკრავენ; რამდენი ტურნე აქვთ და ა.შ. მათი კარიერული აქტივობა ჩვენთვის ერთგვარი გამოძახილია იმისა, გამართლებულია თუ არა კონკრეტული არტისტის საქართველოში მოწვევა. ქართველების მუსიკალური გემოვნება არავისას ჩამოუვარდება, ამიტომ მსოფლიოში აქტუალური მუსიკოსები ჩვენთანაც აქტუალურები არიან.

გარდა ამისა, ფორუმებზე თუ სოციალურ ქსელებში კარგად ჩანს, რა უსმენენ ქართველები. ამასთან ერთად, ვითვალისწინებთ მეზობელი ქვეყნების გემოვნებასაც, რადგან იქიდან ბევრ სტუმარს ველოდებით. სომხეთი, აზერბაიჯანი თუ თურქეთი ბოლო დროს ნამდვილად არ არიან კონცერტებით განებივრებული, ამიტომაც „Starring Georgia“ მათთვის კარგი შესაძლებლობაა.

სამწუხაროდ, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონცერტები ჩატარდეს ჩვენს მეგობარ უკრაინაში. დღესდღეობით, უკრაინელები საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან, შესაბამისად, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში გამართულ კონცერტებს ისინიც დაესწრებიან,“ - განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

კამპანია 5 აგვისტოს „Nile Rodgers & Chic-ის“ კონცერტით გაიხსნება, რომელიც „Black Sea Arena-ს“ ე.წ. Front Stage-ზე გაიმართება და გაგრძელდება 6 აგვისტოს იმავე ლოკაციაზე „FKJ-ის“ (French Kiwi Juice) კონცერტით. 10 აგვისტოს კამპანია შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში გადაინაცვლებს. აქ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის თანამედროვე ჰაუსისა და ტექჰაუსის სცენის გამორჩეულ არტისტი, „Damian Lazarus“ დაუკრავს. 15 აგვისტოს „Black Sea Arena-ს“ 10 000-მაყურებლიანი მთავარი სცენა დაეთმობა თანამედროვე მუსიკის უკვე ლეგენდად ქვეულ ბენდს - „The Killers-ს“. 18 აგვისტოს კვლავ სოციალურ სივრცეში გაიმართება ელექტრონული მუსიკის ღონისძიებათა სერიია - „All Day I Dream“. 31 აგვისტოს კი, „მიხეილ მესხის სტადიონი“, „Imagine Dragons-ს“ უმასპინძლებს.