ავტორი:

"პრობლემა ის არის, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონე ვერ ეწევა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ინტერესს" - მმართველი გუნდის რიტორიკა შინ და გარეთ: რა განაპირობებს ორმაგ სტანდარტს?

"პრობლემა ის არის, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონე ვერ ეწევა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ინტერესს" - მმართველი გუნდის რიტორიკა შინ და გარეთ: რა განაპირობებს ორმაგ სტანდარტს?

"ქართული ოცნების“ როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება მიმდინარე კვირაში ევროკავშირში, ნატოსა და ევროსაბჭოში მართავდა შეხვედრებს. ბრიუსელში ოფიციალური ვზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს პრიორიტეტად. ის ამ ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ნატოს გენერალურ მდივან იანს სტოლტენბერგს.

"საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატოსგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. სანაცვლოდ, იმედი მაქვს, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას საშინაო რეფორმების [საქმეში] და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად“, - განაცხადა გენმდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, ბრძანა, რომ "ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, რომ საქართველოს, "როგორც ერთ-ერთ სანდო პარტნიორს, აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის თვალსაზრისით“.

"ახლა აქტიურად ვმუშაობთ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე, რაც მალე დასრულდება და დარწმუნებულნი ვართ, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას“, - განაცხადა მან.

ღარიბაშვილის ვიზიტის პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგსა და ბელგიაში მართავდა შეხვედრებს. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე მოუსმინეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ევროპის საბჭოს ფარგლებში მართავდა შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაცია.

როგორც მოსალოდნელი იყო ქართველმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის პროდასავლურ კურსზე ევროპაში ბევრი ილაპარაკეს. მათი ეს რიტორიკა გარკვეულწილად განსხვავდება ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებებისგან, რომელთა ნაწილი შეიცავს აშკარად ანტიდასავლურ განწყობებს, რის გამოც ხელისუფლებას ხშირად მიიჩნევენ პრორუსული იდეოლოგიის მატარებლად. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე:

- ამ ორმაგ მიდგომას, ჩემი აზრით, განაპირობებს ის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესი და მმართველი ძალის ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამ ხელისუფლებასაც, ისევე, როგორც წინა ხელისუფლებს, აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობა. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთან, რომ მათ ხელისუფლებიდან წასვლა არ სურთ - ვიცით, რომ დემოკრატიული მმართველობა ხელისუფლების ცვლილებასაც გულისხმობს, პოლიტიკური პროცესი კი გამჭვირვალე უნდა იყოს. შესაბამისად, პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ "ქართული ოცნების“ საგარეო კურსი ქვეყნის შიგნით და გარეთ განსხვავებულია, არამედ იმაში, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონე ვერ ეწევა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ინტერესს. ხელისუფლება არ არის მზად იმისათვის, რომ რეალურად წარმართოს დემოკრატიზაციის პროცესი. მთავარი პრობლემა კი იმაშია, რომ მათ უნდათ ევროკავშირი, მაგრამ ამავდროულად უნდათ, შეინარჩუნონ ის ფასადური დემოკრატია, რაც დღეს გვაქვს.

- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში აქტიურობის პარალელურად, "ქართული ოცნება“ მხარს უჭერს საპროტესტო აქციას, რომელიც დაიგეგმა ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში, რათა, როგორც ორგანიზატორები ამტკიცებენ, არ დაუშვან საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოში "მეორე ფრონტის“ გახსნა. ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორგანიზატორებს შორის მმართველი პარტია არ არის, მაგრამ მათი "პატრიოტიზმი“ მხარდაჭერას იმსახურებს. რამდენად იმოქმედებს მდინარაძის ამგვარი განცხადება ხელისუფლების საგარეო იმიჯზე?

- ხშირად ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით იყენებენ ე.წ პოპულისტურ რიტორიკას და ავიწყდებათ, რომ ამ განცხადებებს ქვეყნის გარეთაც უსმენენ და ეს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ჩვენს დეკლარირებულ საგარეო პოზიციას. საბოლოო ჯამში კი ამგვარი რიტორიკა ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ იმიჯზე და აჩენს კითხვებს ჩვენს პარტნიორებში.

- თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება "ქართული ოცნების" მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის საშიშროებაზე ლაპარაკი?

- "ქართული ოცნება" არის პირველი ადმინისტრაცია, რომლის დროსაც ქვეყანას არ ჰქონია შეიარაღებული კონფლიქტი, თუმცა ამ ფაქტის კაპიტალიზაციას არასწორად ახდენენ - ქმნიან იმის ილუზიას, რომ თითქოს გარე ძალები საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვენ. "მეორე ფრონტის გახსნა“ სხვა არაფერია, თუ არა შიშის კულტივაციის მცდელობა. ეს არ ემსახურება ხელისუფლების პოზიციის გამყარებას, მხოლოდ აჩენს დაუცველობის განცდას საზოგადოებაში...

ავტორი: ანი შავიშვილი