ავტორი:

"ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რატომ არის აცრა აუცილებელი და რას ამბობს ვაქცინოლოგი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებზე?

"ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რატომ არის აცრა აუცილებელი და რას ამბობს ვაქცინოლოგი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებზე?

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ძაღლი მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა.

რაც შეეხება დაზარალებულ ადამიანებს, მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ამის შესახებ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა. მისივე თქმით, 22-დან ორი პირი უარს აცხადებდა მკურნალობაზე. თუმცა დღეს AMBEBI.GE-ს როზა ჯანაშიამ განუცხადა, რომ ეს ორი ადამიანიც აცრილია.

"ორივე ადამიანი მივიყვანეთ სამედიცინო ცენტრში და დაიწყო მათი ვაქცინაცია. მათთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა, თუმცა წუხელ საღამოს ორივე მივიყვანეთ ცენტრში და პირველი ვაქცინა ორივემ გაიკეთა", - აღნიშნა ჯანაშიამ.

ვაქცინოლოგი ნინუკა გოგიჩაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ქუჩის ძაღლმა ან ტყეში ცხოველმა უკბინა, ვაქცინაცია აუცილებელია.

ნინუკა გოგიჩაძე:

- ქუჩის ძაღლის ან ტყის ცხოველის კბენის შემთხვევაში, აუცილებელია აცრა. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც უარი უნდა თქვას აცრაზე. ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა ცუდად მთავრდება და ადამიანები იღუპებიან. გარდა ამისა, გზა სიკვდილამდე არის საშინელი. ამიტომ, როდესაც ადამიანს ქუჩის ძაღლი უკბენს ან გაკაწრავს, აუცილებელია აცრა.

არსებობს ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება ცოფის შემთხვევები, ასეთ ქვეყნებში არ ცრიან, მაგრამ ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, სადაც ცოფი ცირკულირებს და ძაღლები არიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამტანები, აცრა აუცილებელია. ჩვენს ქვეყანაში ცოფის ვაქცინა არის დემონიზირებული. არსებობს მოარული ჭორები, რომ აცრის შემდეგ არ შეგიძლია ალკოჰოლის მიღება.

არ არსებობს არანაირი კვლევა და მტკიცებულება, რომ ცოფის ვაქცინით აცრის შემდეგ, ალკოჰოლის მიღება იწვევს გაურკვეველ სიმპტომებს. ჭარბი ალკოჰოლის მიღება, თრობა, ხშირად დალევა არ არის რეკომენდირებული. თუ ადამიანს აქვს ალკოჰოლიზმი, ყოველდღე არის მთვრალი ან ნასვამი, ეს ნიშნავს, რომ მისი იმუნური სისტემა კარგად არ მუშაობს. ამიტომ თუ ადამიანს უკბენს ცოფით დაავადებული ძაღლი, მერე ეს ადამიანი აიცრება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომლის ფონზეც ორგანიზმმა უნდა გამოიმუშაოს ანტისხეულები, ამ შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმმა სათანადო ანტისხეულები ვერ გამოიმუშავოს. ამიტომ რეკომენდირებულია, ალკოჰოლიზმით დაავადებულმა ადამიანმა აცრის შემდეგ დალევისგან თავი შეიკავოს.

ასევე აცრის დღეს, შეიძლება ადამიანს ცოტა სისუსტე ჰქონდეს, ამიტომ თუ თავს ასე გრძნობთ, არ არის საჭირო მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან სიმპტომებს ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ნინუკა გოგიჩაძემ ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წერია ის ჩამონათვალი, თუ რა არის აკრძალული ცოფზე ვაქცინაციის შემდეგ. მათ შორის არის შოკოლადი, კოკა კოლა, ღორის ხორცი, შაურმა. თუმცა როგორც ინფექციონისტი ამბობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას, მიირთმევს, რასაც უნდა ზომიერების ფარგლებში.

ორი თვის წინ "პირველადი დახმარების" ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რა მძიმე გზას გადის სიკვდილამდე ცოფით დაავადებული ადამიანი. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ:

ამ ვიდეოში ნაჩვენებია ცოფით დაავადებული ადამიანი, თუ რა ჯოჯოხეთს გადის ის.

მას უკბინა ცხოველმა და სამწუხაროდ, არ მიმართა ექიმებს დროულად. შემდეგ კი განუვითარდა სიმპტომები, მათ შორის ''წყლის შიში'' და შემთხვევა დასრულდა ისე, როგორც სრულდება ცოფის ყველა შემთხვევა - სიკვდილით.

ცოფი, ძირითადად, გადაეცემა ინფიცირებული ნერწყვის ჭრილობაში მოხვედრით, უმეტესწილად - კბენის შედეგად. ადამიანებში განვითარებული ცოფის აბსოლუტური უმრავლესობა განპირობებულია ძაღლის ნაკბენით.

- შეიძლება თუ არა, რომ ცოფის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების ნაცვლად, უბრალოდ, დაველოდოთ და 10 დღე დავაკვირდეთ ცხოველს, რომელმაც გვიკბინა?

- არა. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, თუ შესაძლებელია ცხოველზე დაკვირვება, ეს უნდა მოხდეს ვაქცინაციის დაწყების პარალელურად.

- შეიძლება თუ არა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, თუ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურით მიმდინარე სეზონური ვირუსული ინფექცია?

- თუ ვაქცინაცია საპრევენციოა (ანუ კბენამდე), ჯობს გადაიდოს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე; თუ ვაქცინაცია არის კბენის შემდგომი, ანუ ცოფის რისკის არსებობისას - კბენის შემდგომ ვაქცინაციას უკუჩვენება არ გააჩნია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა და მისი სამკურანლო მედიკამენტი არ არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დაავადება განვითარდა და პაციენტს აღენიშნა სიმპტომი, ის სამწუხაროდ, ვეღარ გადარჩება.

შესაბამისად, რისკისა და სარგებლის შეფასებისას, ისარი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გადახრილია ვაქცინაციის საჭიროებისკენ.

თუ ვინმე, მათ შორის მედმუშაკი, ვაქცინაციაზე გეუბნებათ, "მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ", ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის, რა არის ზოგადად ექიმის პასუხისმგებლობა ან საექიმო ეთიკა.

ცოფის სტატისტიკა საქართველოში:

1996 წელს დაფიქსირდა ცოფის 21 შემთხვევა;

1997 წლიდან 2006 წლამდე - 96 შემთხვევა;

2007 წლიდან 2015 წლამდე - 42 შემთხვევა;

2015 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე - 3 შემთხვევა.

შემთხვევათა კლება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ვაქცინაციის დამსახურებაა.

წაიკითხეთ ასევე: