ავტორი:

ის, რაც აქამდე არ გვინახავს - მეცნიერებმა "ტიტანიკის" ნამსხვრევების ფოტოებისგან, გემის სრული 3D სურათი შექმნეს (ფოტოები)

ის, რაც აქამდე არ გვინახავს - მეცნიერებმა "ტიტანიკის" ნამსხვრევების ფოტოებისგან, გემის სრული 3D სურათი შექმნეს (ფოტოები)

ბოლო ასი წლის განმავლობაში პირველად, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, "ტიტანიკს" სრული ზომის სკანირება ჩაუტარდა, რამაც მკვლევრებსა და უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ჩაძირული გემის სრული სურათის ხილვის შესაძლებლობა მისცა.

ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული გემის 3D სურათი სპეციალისტებს იმედს უჩენს, რომ 1912 წელს მომხდარი ტრაგედიის მიზეზს ახალი კუთხით დაინახავენ.

გემის ნაწილების ფოტოების შეერთებით მიღებული სურათი

"ჯერ კიდევ მრავალი კითხვა გვაქვს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს",- ამბობს BBC-სთან "ტიტანიკის" საკითხის მკვლევარი და ანალიტიკოსი, პარკს სტივენსონი. გემს 1985 წლიდან, ანუ მისი აღმოჩენის შემდეგ ინტენსიურად იკვლევენ, მაგრამ მისი ზომა იმდენად მასშტაბურია და ისე ღრმადაა ოკეანის ფსკერზე ჩაფლული, რომ კამერებს უჭირდათ მთლიანად დაფიქსირება და მხოლოდ გარკვეული ნაწილების გადაღებაა შესაძლებელი. ტექნოლოგიების გამოყენებით კი მისი სრული სურათის აღდგენა და ნახვა გახდა შესაძლებელი.

"ტიტანიკი" ორ ნაწილადაა დანაწევრებული: ფოტოების გადაღება Atlantic Production-მა და Magellan Ltd-მ 2022 წლის ზაფხულში დაიწყეს "ტიტანიკის": შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების ფარგლებში.

წყალქვეშა ნავებიდან, რომლებსაც სპეციალიზებულ გემზე მყოფი გუნდი დისტანციურად აკონტროლებდა, ყველა კუთხიდან 700 000-ზე მეტი ფოტო გადაუღეს, რათა ზუსტი 3D რეკონსტრუქცია შეექმნათ.

"ფოტოების გადაღება რთული ამოცანა აღმოჩნდა გასათვალისწინებელი იყო წყლის ღელვაც. ჩვენ არაფერს უნდა შევხებოდით, რათა გემის ნამსხვრევები არ დაგვეზიანებინა. კიდევ ერთი გამოწვევა ის იყო, რომ ყველაფერი უნდა აღგვებეჭდა, ყოველი სანტიმეტრი“,- ამბობს მკვლევარი გერჰარდ საიფერტი.

ბრიტანული ლაინერის ნამსხვრევების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთებია მიმოფანტული, გემის ლითონის ნაწილები, შამპანურის გაუხსნელი ბოთლები, მგზავრების პირადი ნივთები და ათობით ფეხსაცმელი.

"ჩვენთვის აისბერგთან შეჯახების ხასიათი ჯერ კიდევ უცნობია. ისიც კი არ ვიცით, ეს მარჯვენა მხრიდან მოხდა, როგორც ეს ყველა ფილმშია ნაჩვენები, თუ არა",- ამბობს გერჰარდი.

ოკეანის წყალი თავის მხრივ გემის ნანგრევებს აზიანებს, მათ მიკრობები ჭამენ, ნაწილები კი იშლება. სპეციალისტებს კარგად ესმით, რომ კატასტროფის სრულად გამოსაკვლევად მათ დიდი დრო არ აქვთ, თუმცა ახალი 3D ფოტოების წყალობით, ტიტანიკის ვიზუალური მხარე საბოლოოდ დარჩება ისტორიაში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა