ავტორი:

"დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე" - რა განმარტებას აკეთებს გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მკურნალი ექიმი

"დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე" - რა განმარტებას აკეთებს გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მკურნალი ექიმი

გორში გარდაცვლილი 4 წლის მოზარდის მკურნალი ექიმი, "ტვ პირველთან" პირველ განმარტებას აკეთებს. ნანა ნინიაშვილის თქმით, ჩუტყვავილათი ინფიცირებული ბავშის მდგომარეობა კვირა დღის ჩათვლით, სტაბილური იყო. მისი თქმით, ბოლოს, 16 მაისს როდესაც ბავშვი გასინჯა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.

"საღამოს, კვირას დამიკავშირდა ტელეფონით, რჩევა მკითხა, მე დავიბარე კონსულტაციაზე და 16-ში დილის საათებში მოიყვანა ბავშვი. დამძიმებისკენ, რომ ყოფილიყო როგორ გავუშვებდი ბინაზე, დედის გადმოცემით გაუმჯობესებულ მდგომარეობაში იყო და თვითონ გამონაყარიც ალაგების პროცესში იყო, თუმცაღა გამონაყარი იყო ძალიან ჭარბი.

არსებობს ასეთი აგრესიული მეორე ტალღით წამოსვლა დაავადებისა, როდესაც ხდება შინაგან ორგანოებში იგივე გამონაყარის წამოსვლა, როგორც არის გარეგნულად, ანუ კანზე, ეს იწვევს შემდეგ სეპტიურ შოკს. მე ვფიქრობ, რომ მოხდა გართულება, მეორე ტალღად განვითარდა ეს ჩუტყვავილას შეტევა. მე გავსინჯე ბავშვი, ფილტვებზე მოვუსმინე, სუნთქვა ნორმალური იყო, გულისცემა ნორმალური იყო, ბავშვი ადეკვატური იყო, აქტიური იყო, აბა სხვანაირად სახლში, როგორ გავუშვებდი" - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი ნანა ნინიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორში, 4 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილა გახდა - ინფორმაციას გორის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

ბავშვის ოჯახი ამტკიცებს, რომ გორში ექიმები საკუთარ საქმეს გულგრილად მოეკიდნენ, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. თავის მართლების რეჟიმშია კლინიკა "გორმედი". მოზარდის მკურნალი ექიმი ამტკიცებს, რომ კვირა დღის ჩათვლით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილური იყო.

შეგახსენებთ, გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

ამასთანავე, 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

რაც შეეხება "გორმედს“, კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის სტაციონარულ მკურნალობაზე უარი მშობლებმა განაცხადეს.

პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა“, - აცხადებს "გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ლია ლაზარაძე.

ასევე იხილეთ: