ავტორი:

AI Books-ის სერიის ფარგლებში ახალი წიგნი "ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი" გამოიცა

AI Books-ის სერიის ფარგლებში ახალი წიგნი "ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი" გამოიცა

„ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი“ - ეს AI Books-ის რიგით მეორე წიგნია, რომლის პრეზენტაციაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. გამოცემა ფინტექის, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის სამყაროს მრავლისმომცველ გზამკვლევს წარმოადგენს. წიგნში გაეცნობით ციფრული გადახდების სისტემების, მობილური ბანკინგის, ინვესტიციებისა და ქონების მართვის, ონლაინდაკრედიტებისა და სადაზღვევო სექტორის მნიშვნელოვან დეტალებს. „ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი“ ღირებული და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ამ მიმართულებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

„AI Books გახლავთ „ლურჯი ოკეანისა“ და BTU-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც უნიკალურია ქართული საგამომცემლო სივრცისთვის. მისი მიზანია მკითხველს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში უმოკლეს დროში მივაწოდოთ უახლესი ინფორმაცია. გვჯერა, რომ ეს სფეროში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოცემული თითოეული წიგნი ჩვენი მკითხველის განვითარებაზეა ორიენტირებული,“ - განმარტავს „ლურჯი ოკეანის“ ხელმძღვანელი, თამთა ჯაფარაშვილი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წიგნის წარდგენასთან ერთად გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობდნენ:

  • ნინო ჭედია - ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი, BTU-ს აკადემიური საბჭოს წევრი და ასოცირებული პროფესორი, United Payment Georgia-ს დირექტორი;
  • გიორგი კინწურაშვილი - საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი;
  • დავით ყიფშიძე - BTU-ს ასისტენტ-პროფესორი
  • ია ჯიქია - United Payment Georgia-ს ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების ხელმძღვანელი

გიორგი კინწურაშვილი: „ეს წიგნი დაეხმარება სტუდენტებს, რომ ქართულ ენაზე მიიღონ ზოგადი ინფორმაცია ფინტექზე და ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა ინდუსტრიაზე. ეს გახდება კარგი საწყისი, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტის ან სხვა წყაროების საშუალებით მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ. ძალიან საინტერესო პროდუქტია, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც საგანმანათლებლო სფეროში ხელოვნური ინტელექტის ამგვარი გამოყენება ხდება და მივესალმები ინიციატივას.“

AI Books-ის სერია გაგრძელდება და მოიცავს თანამედროვე ბიზნესსამყაროში ორიენტირებისთვის ისეთ საჭირო თემებს, როგორიცაა: კოდინგი, ტექნოლოგიური სიახლეები, მენეჯმენტის უახლესი მიდგომები, მენტალური ჯანმრთელობა და ა. შ.

AI Books-ის სერიის წიგნების გამოყენება შესაძლებელია როგორც უახლესი ინფორმაციის მიღების დამხმარე წყარო, ექსპერიმენტული კვლევების ან სხვა მასშტაბური პროექტების წარმოებისთვის. სერია მნიშვნელოვნად დაეხმარება სტარტაპებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს, რომელთაც არ გააჩნიათ უცხო ენის მაღალი კომპეტენცია ან არ აქვთ დრო და სხვა რესურსი მოცულობითი წყაროების დამუშავებისა და შემდგომი ანალიზისთვის.

აღსანიშნავია, რომ წიგნები სრულად გენერირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ. სამუშაო ჯგუფი კი მისი აკურატულობის, გამოყენების არეალისა და სხვა საკითხების გარშემო მუშაობს.

R