ავტორი:

როდის არის რეკომენდებული რინოპლასტიკა და რა შემთხვევაში მიიღწევა მაქსიმალური შედეგი - პლასტიკური ქირურგი ზურაბ შანავა 3 ყველაზე პოპულარულ ქირურგიულ ოპერაციაზე

როდის არის რეკომენდებული რინოპლასტიკა და რა შემთხვევაში მიიღწევა მაქსიმალური შედეგი - პლასტიკური ქირურგი ზურაბ შანავა 3 ყველაზე პოპულარულ ქირურგიულ ოპერაციაზე

პლასტიკური ქირურგია წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ვითარდება და იხვეწება. თუმცა როგორც პლასტიკური ქირურგები აღნიშნავენ, უცვლელი რჩება ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ოპერაციების ჩამონათვალი. ამ მიმართულებით საქართველოში უდავო ლიდერი რინოპლასტიკაა.

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ზურაბ შანავა 3 ყველაზე მოთხოვნად პლასტიკურ ოპერაციაზე გვესაუბრება. როგორც თავად ექიმი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა მკერდის გადიდების ოპერაციაზე სილიკონის იმპლანტებით. ასევე პოპულარულია მუცლის პლასტიკა ანუ აბდომინოპლასტიკა.

რინოპლასტიკა

რინოპლასტიკა რეკომენდებულია გაკეთდეს გოგონებში მინიმუმ 16 წლიდან და ბიჭებში - მინიმუმ 18 წლიდან. ეს პერიოდი სქესობრივი მომწიფების შესაბამისადაა გათვლილი. სეზონურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით, რომ ზაფხულში შესაძლოა ცოტა მეტი შეშუპება დაფიქსირდეს. ოპერაციის შემდეგ მინიმუმ 1 თვე ფიზიკური აქტიურობა იზღუდება მაქსიმალურად, ხოლო მინიმუმ 6 თვე რუჯი და სათვალის გამოყენება შეზღუდულია. აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტის მართვა ხორციელდება ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში რინოპლასტიკა ყველაზე ხშირად გაკეთებული პლასტიკური ოპერაციაა, მისი ტექნოლოგია საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნიკებით სრულდება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოდის ამ ოპერაციის ჩასატარებლად. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და კონგრესებში მონაწილეობის გზით საქართველოში დანერგილია ყველა ის თანამედროვე ტექნიკა და მეთოდი, რომელიც სასურველი შედეგის გარანტიაა. ოპერაციები საკმაოდ მაღალი დონის აპარატურით ტარდება. შესაბამისად, პაციენტების კმაყოფილების დონე საკმაოდ მაღალია.

სასურველი შედეგის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმსა და პაციენტს შორის იყოს მჭიდრო კომუნიკაცია, ყველაფერზე და მათ შორის, საბოლოო შედეგის დეტალებზე წინასწარ მოხდეს გასაუბრება. ასე პაციენტი ფსიქოლოგიურადაც უფრო მომზადებულია. ეს კომუნიკაცია უნდა გრძელდებოდეს არა მხოლოდ ოპერაციამდე პერიოდში, არამედ ოპერაციის შემდეგაც. პოსტოპერაციული პერიოდი რინოპლასტიკის შემთხვევაში მინიმუმ წელიწად ნახევარს მოიცავს, ამიტომ ყველა პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციის დროს იყოს ყურადღებით და მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია ყველანაირ მოსალოდნელ შედეგზე.

მკერდის გადიდება

აღნიშნული ოპერაცია ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. ადრე თუ თვეში რამდენიმე ოპერაცია ტარდებოდა ამ მიმართულებით, ამჟამად შესაძლოა დღეში რამდენიმეც გაკეთდეს. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდამ და პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებამ.

მკერდის გადიდება ძალიან პოპულარულია ქალებში, რომელთაც ორსულობის ან ლაქტაციის შემდეგ მკერდის ფორმა და ზომა გაუფუჭდათ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მეთოდით საკუთარი სხეულის სრულყოფილების მიღწევას ცდილობენ გოგონებიც, რომლებსაც ჯერ არც ორსულობა და ლაქტაცია არ ჰქონიათ, უბრალოდ, აწუხებთ მცირე ზომის მკერდი. ოპერაციის გაკეთება 20 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული.

თავად ჩარევა დაახლოებით 1 საათი გრძელდება. ოპერაციის შემდეგ მინიმუმ 1 თვე იკრძალება ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით, ზედა კიდურების დატვირთვა. პაციენტმა 1-2 თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა ატაროს სპეციალური ელასტიკური კორსეტი. საბოლოო შედეგი კი 6 თვის შემდეგ მიიღება. ამ პერიოდში არ შეიძლება რუჯი. ოპერაციის შემდგომ უნდა მოხდეს მკერდის რუტინული პრევენციული კვლევა წელიწადში მინიმუმ 1-2-ჯერ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ამ კვლევას სტანდარტულად ყველა უნდა იტარებდეს.

აბდომინოპლასტიკა

მუცლის პლასტიკას ხშირად ორსულობის შემდეგ იკეთებენ. თუმცა ასევე საკმაოდ ხშირია წონაში ჭარბად მატების ან წონაში მატების და შემდგომ კლების შედეგად ჩამოკიდებული მუცლის კანის პლასტიკა არა მხოლოდ ქალბატონებში, არამედ მამაკაცებშიც. როგორც წესი, ამ შემთხვევებში დაზიანებულია კანი გარეგნულად, სტრიების სახით და ასევე დაკარგული აქვს ელასტიკურობა. ასევე ხშირად ხდება მუცლის სწორი კუნთების დიასტაზი, რომლებიც

პასუხისმგებელი არიან მუცლის პრესსა და მუცლის სიბრტყელეზე. დიასტაზის დროს კი ხდება მათი მოდუნება და განცალკევება ერთმანეთისგან. შედეგად, მუცლის წინა კედელი არ არის ძლიერი და მუცლის ღრუს ორგანოების ზეწოლით მუცელი, კანთან და ცხიმთან ერთად გადმოიბერება. ოპერაციის შედეგად ხდება სრული გარდასახვა და ადამიანის სხეული იბრუნებს საოცარ ფორმებს. ქირურგიული ჩარევა რამდენიმე საათი გრძელდება. ოპერაციის შემდეგ დაახლოებით 1 თვე იზღუდება ფიზიკური აქტივობა. პაციენტს ენიშნება სპეციალური კორსეტი. 6 თვეში კი შეშუპება მინიმუმამდე დადის. აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ ნაწიბური არის ბიკინის ზონაში. შესაბამისად, საცურაო კოსტიუმშიც კი ის გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი რჩება.