ავტორი:

"საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს - საფრანგეთი უკრაინას უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის" - მაკრონი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე

"საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს - საფრანგეთი უკრაინას უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის" - მაკრონი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს.

უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს.

"პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში ჩვენ გავაგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - დაწერა მაკრონმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებს „არსებით“ მოლაპარაკებებად აფასებს.

"განვიხილეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა მისი [კახოვკის კაშხლის აფეთქების] მიზეზების გამოსაძიებლად. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, კერძოდ, ჩვენი ცის დასაცავად. ველოდებით უკრაინელი მფრინავების მომზადების სწრაფად დაწყებას. განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატები, მოლოდინები ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან და მზადება გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.