ავტორი:

"მანდარინების“ შემდეგ სამი შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან და უარი ვთქვი. არ იქნებოდა სწორი საქციელი. ჩემი თაობა შეეწირა იმ დაუნდობელ ომს...“ - გიორგი ნაკაშიძე

"მანდარინების“ შემდეგ სამი შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან და უარი ვთქვი. არ იქნებოდა სწორი საქციელი. ჩემი თაობა შეეწირა იმ დაუნდობელ ომს...“ - გიორგი ნაკაშიძე

დღეს, როცა ასეთ რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, როცა მოძმე უკრაინაში სასტიკი ომია, საინტერესო იქნება ისეთი ადამიანის მოსმენა, რომელიც უშუალო მონაწილე იყო 90-იანი წლებიდან დღემდე ქვეყნისთვის ყველა გარდამტეხი მოვლენის. "კვირის პალიტრის" სტუმარია მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, რომელმაც ფილმში "მანდარინები" ჩეჩენი ახმედის როლი შეასრულა. ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ მან გოგა ხაინდრავას ფილმში "ოცნებების სასაფლაო" დაუვიწყარი სახე შექმნა. ასევე, ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", მისმა გმირმა ზუსტად გადმოსცა ომის საშინელი ტრაგედია:

- სანამ "ოსკარზე" გავიდოდით, მანამდე "მანდარინებს" 25 საერთაშორისო ფესტივალზე ხვდა უდიდესი წარმატება. "ოსკარი" ბოლო ნაბიჯი იყო. ვინც ამ ფილმზე იმუშავა, უდიდესი შრომა გასწია. საშინლად გული მტკივა ჩემი მეგობრის, ზაზა ურუშაძის ნაადრევად წასვლის გამო. კიდევ ბევრს იტყოდა, რომ ეცოცხლა.

- გიორგი, დიდი ხანია ეკრანზე არ გამოჩენილხართ...

- 16 წლიდან, როცა მუშაობა დავიწყე თეატრში, "ოცნებების სასაფლაოდან" მოყოლებული, 44-45 წლამდე არ გავჩერებულვარ. მსახიობობა ურთულესი პროფესიაა და როცა ადიხარ სიმაღლეზე, მეტი პასუხისმგებლობაც გეკისრება. ასეთ დროს პირადსაც გვერდზე დებ და მთელი არსებით იხარჯები. ცოტა არ იყოს, გადავიღალე. სცენა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, ფიზიკურსაც და ფსიქოლოგიურსაც. გადავწყვიტე ცოტა ხანს პაუზა ამეღო. ამ დროს იფეთქა "კოვიდმაც" და ყველანი ჩავიკეტეთ სახლებში. მსოფლიო შეიცვალა. სამყარო ტურბულენტური გახდა. ამას დაემატა მოძმე უკრაინაში სასტიკი ომი. თანამედროვე ჰიტლერს თუ მოვესწრებოდი... "მანდარინების" შემდეგ სამი შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან და უარი ვთქვი, არ იქნებოდა სწორი საქციელი. ჩემი თაობა შეეწირა იმ დაუნდობელ ომს, რომელიც ჩვენ გავიარეთ.

კადრი ფილმიდან "ოცნებების სასაფლაო"

"ოცნებების სასაფლაო" ლევან აბაშიძეს მიეძღვნა, რომლის პროტოტიპი მე განვასახიერე და ამის მერე რა მოხდა? ბედის ირონია ნახეთ, "მანდარინებში" ჩეჩენი ვითამაშე...

- აფხაზეთის ომის დროს სად იყავით?

- "ოცნებების სასაფლაოს" სამი თვის განმავლობაში ვიღებდით გაგანია ომში. ეს ფილმი ერთადერთია, რომელიც ნამდვილ ომშია გადაღებული. გადამღები ჯგუფი პირველად რომ ჩავიდა, მეომრებით დაწყებული, მოსახლეობით დამთავრებული, ყველა გაგიჟდა. გახსოვთ ის კადრი, თოფით რომ გავდივარ ცენტრში? ამ დროს უხილავი კამერა დააყენეს ცაგერას თავში, ერთი შენობის თავზე, გოგა ხაინდრავამ დამიძახა, გადი ქუჩაში და იმ მომენტში რაც მოხდება, ყველაფერს გადავიღებო. როგორც კი წავედი ცენტრისაკენ, მაშინვე დამესივნენ მეომრები ავტომატებით, ბეტეერებით და ის სცენა გენიალური გამოვიდა, რადგანაც ნამდვილი იყო... სამი თვის მერე ჩამოვედი ომიდან და ჩემი მეუღლე, ეკა ანდრონიკაშვილი დამხვდა ფეხმძიმედ ჩემს ბიჭზე, ლევან-ლუკა ნაკაშიძეზე, რომელიც ახლა 29 წლისაა. ეს ფილმი ჩემთვის ძალიან ტრაგიკულია. უახლოესი მეგობრები დავკარგე აფხაზეთში და დღეს თვალები მიწყლიანდება, როცა ვაცნობიერებ, რას შეეწირნენ ის სასწაული ბიჭები...

კადრი ფილმიდან "მანდარინები"

ამ ფილმს მოჰყვა ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლი, "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", რომელიც თბილისის ომის შედეგებს ასახავს. მთელი ცხოვრება ჩემს თაობასთან ერთად ომში ვარ.

- თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ საზღვარგარეთ წასულიყავით...

- 43 ქვეყანაში ვყოფილვარ და არასოდეს გამჩენია რომელიმეში დარჩენის სურვილი. ინგლისში შემომთავაზეს დარჩენა და მე ვუთხარი, მე იქ მყავს დედ-მამა, რამე რომ გაუჭირდეთ, ვინ დაეხმარება, წყალს ვინ მიაწვდის და კიდევ, სამშობლოს სიყვარულს ვერაფერში გავცვლი-მეთქი. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, როგორც ღმერთმა გადაწყვიტა და არც ვნანობ... გააგრძელეთ კითხვა