ავტორი:

"რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს" - ქეთი დოლიძე

"რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს" - ქეთი დოლიძე

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და უკმაყოფილებას გამოთქვამს.

მისი თქმით, არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება, როგორც დოლიძემ "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, "არ შეიძლება ყველგან იურისტები იყვნენ".

"ქართული კინო დამოუკიდებელი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება, თუ არ ეყოლება სპონსორები. არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყვნენ იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს, არა? რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს", - ამბობს ქეთი დოლიძე "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში.

საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები უწყებაში მიმდინარე რეაორგანიზაციას აპროტესტებენ. ისინი ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი განცხადებით, დირექტორი კონკურსის გზით უნდა ირჩეოდეს, ხოლო ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ.

რამდენიმე დღის წინ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რასაც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.