ავტორი:

"ყველას ჰგონია, რომ ალბამ ქართული კარგად იცის, სინამდვილეში ასე არ არის" - როგორ შედგა ცნობილი ვლოგერი წყვილის ტანდემი: გიორგისა და ალბას ესპანური ცხოვრება და სამომავლო გეგმები

"ყველას ჰგონია, რომ ალბამ ქართული კარგად იცის, სინამდვილეში ასე არ არის" -  როგორ შედგა ცნობილი ვლოგერი წყვილის ტანდემი: გიორგისა და ალბას ესპანური ცხოვრება და სამომავლო გეგმები

უკვე რამდენიმე წელია სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია "გიორგი ქართველის ბლოგი". გიორგი უკვე წლებია ესპანეთში ცხოვრობს და გამომწერებს ესპანელ მეუღლესთან, ალბასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებს უზიარებს. მათი წყვილი სოციალური ქსელის მომხმარებელს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით დიდ მოწონებას კი ალბა იმსახურებს.

"რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. 2000 წელს დედაჩემი ესპანეთში სამუშაოდ წავიდა, მე კი კახეთში ბებიასთან ვიზრდებოდი. 2002 წელს მეც დედასთან წავედი. მაშინ 12 წლის ვიყავი, ამიტომ უკვე წლებია ესპანეთში ვცხოვრობ“ - ამბობს გიორგი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

"იქიდან გადმომდინარე, რომ ბავშვობიდან ესპანეთში ვარ, საქართველო აქ ყოფნის დროს უფრო შემიყვარდა. უცხოეთში ცხოვრებას ორი გზა აქვს, ზოგს სამშობლოს ავიწყებს, ზოგს კი ის უფრო უყვარდება. აქ რომ წამოვედი, მაშინ დავიწყე ქართული ლიტერატურის, პოეზიის კითხვა, ქართული ფილმების ყურება და ყველაფერი ქართულის აღქმა ჩემთვის ესპანეთში ცხოვრების დროს მოხდა.“

გიორგი ბებიასთან და ალბასთან ერთად
გიორგი ბებიასთან და ალბასთან ერთად

საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე ჩამოსვლას მაინც ვახერხებ. მინდა, რომ სამომავლოდ უფრო დიდი დროით დარჩენა მოვახერხო.

- შენი მეუღლე, ალბა ქართველმა მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. მოგვიყევი, როგორ გაიცანი... ხომ არ შეგქმნიათ ურთიერთობაში პრობლემა იმის გამო, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ხართ?

- ჩემი მეუღლე სასწავლებელში ყოფნის დროს გავიცანი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეროვნების და კულტურის წარმომადგენლები ვართ, ამას პრობლემა არასდროს შეუქმნია. ალბათ ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ქართული და ესპანური კულტურა ერთმანეთს ჰგავს. ურთიერთობის დროს ხშირად ეროვნება იკარგება - შეძლება ბევრ ქართველს ვერ გაეგო ჩემთვის ისე, როგორც ალბას და ბევრ ესპანელს ვერ გაეგო მისთვის ისე, როგორც მე ვუგებ მას.

- ქართული ადვილად აითვისა?

- ბლოგში ჩანს, რომ ქართული კარგად იცის, სინამდვილეში ასე არ არის. რა თქმა უნდა, ენა ესმის, საუბრობს კიდეც, მაგრამ ეს ძალიან შორსაა იმისგან, რაც ვიდეოებში ჩანს. როცა საქართველოში ჩამოვდივართ, ხალხისგან ძალიან დიდი სიყვარულს იღებს. ყველას ჰგონია, რომ ალბამ ქართული ძალიან კარგად იცის, ამიტომ მასთან საუბარს ცდილობენ, ის კი ამაზე იბნევა და რცხვენია. ამიტომ, ძალიან მონდომებულია, რომ ქართული რაც შეიძლება კარგად შეისწავლოს.

სიმართლე გითხრათ, ამ საკითხში ძალიან ნიჭიერია - რთული თანხმოვნებს გამოთქმა არ უჭირს, ხანდახან მაოცებს კიდეც, ზოგ ბგერას ისე გამოთქვამს, ქართველისგან ვერ გაარჩევ.

- ბლოგის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?

- ბლოგების ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო: წლების წინ Youtube-ზე ჩემი გვერდი მქონდა. ვიდეოებში ბევრ თემაზე ვსაუბრობდი, მათ შორის ემიგრაციაზეც. მაგრამ გამოხმაურება არ ჰქონია, რადგან ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა რთულია. ერთხელ tik-tok-ზე ვიდეო ავტვირთე, სადაც ალბას ქართული ენის გასატეხებს ვამეორებინებდი, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და მსგავსი ვიდეოების ჩაწერაც უფრო ხშირად დავიწყე. ალბამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში თავს კომფორტულად არ გრძნობდა, მხარი დამიჭირა.

- შენთვის ესპანეთში ცხოვრება უფრო ადვილი თუ საქართველოში?

- ეს ჩემთვის რთული თემაა. ფაქტობრივად, ესპანეთში ვარ გაზრდილი. შეჩვეული ვარ აქაურ ცხოვრების წესს, მათ ტრადიციებს. კარგია, როცა ადამიანი ორი ქვეყნის კულტურას ითვისებ. გამომდინარე აქედან, რომ მითხრან, საქართველოში ჩამოდი და სამუდამოდ აქ დარჩიო, გამიჭირდება. იმასაც ვერ ავიტან, ესპანეთში სამუდამოდ დარჩენა რომ შემომთავაზონ, ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ "ოქროს შუალედი“ ვიპოვო, რომ დროის გარკვეული ნაწილი ესპანეთში გავატარო, ნაწილი კი საქართველოში, რადგან გულით და სულით საქართველოსთან ძალიან ახლოს ვარ.