ავტორი:

რა ელოდება ბათუმს 28-30 ივლისს?

რა ელოდება ბათუმს 28-30 ივლისს?

წელს ბათუმი რიგით მე-16 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ეს სეზონიც, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული იქნება. სამი დღის განმავლობაში მელომანები შავი ზღვის სანაპიროზე წარმოუდგენელ სიამოვნებას მიიღებენ.

"ისთერნფრომოუშენსის" დამფუძნებელი, კახა კანდელაკი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ წელს, განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ, რადგან ფესტივალი, ახლადშექმნილ სივრცეში "სთეიჯ 17“-ში გაიმართება, სადაც როგორც არტისტებს, ისე მაყურებლებს ევროპული დონის, ახალი თაობის, მულტიფუნქციური სივრცე, უმაღლესი ხარისხის სცენა და აპარატურა დახვდებათ.

სამ დაუვიწყარ დღეს ბათუმში სტუმრებს მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები დახვდებიან. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მელომანებს და ვინ იქნებიან Black Sea Jazz Festival-ის გამორჩეული სტუმრები, კახა კანდელაკმა ყველაზე საინტერესო დეტალების შესახებ გვიამბო:

- წელს ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, ფესტივალი გადადის ახალ სივრცეში. ეს გახლავთ ბათუმის ცენტრში, სანაპიროზე, დიდი ტერიტორია, სადაც უმაღლესი დონის დარბაზი გააკეთა კერძო კომპანიამ, რომელიც უახლოეს დღეებში აეწყობა. სტუმრებს "სთეიჯ-17“-ში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონცერტო სცენა და მულტიფუნქციური საღონისძიებო სივრცე დახვდებათ. თანამედროვე, 6,000-მდე სტუმარზე გათვლილი ინფრასტრუქტურა ყველანაირ ამინდზეა გათვლილი, რაც განსაკუთრებით ორგანიზატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ხშირად მსმენელებს წვიმაც უნატრიათ, რადგან ძალიან ემოციური მუხტია ხოლმე ადგილზე. ახალ დარბაზს აქვს სხვადასხვა ზონა, ვისაც უნდა დაჯდება, სურვილის შემთხვევაში კი ფეხზე იდგება. საერთოდ, ბლექსი ჯაზფესტივალზე ჩამოგვყავს ისეთი მუსიკოსები, ვისი პროგრამაც საცეკვაო და ბედნიერების მომტანია.

- ბატონო კახა, მონაწილეებთან დაკავშირებით რას გვეტყვით.

- როგორც ყოველთვის, ახლაც უმაღლესი დონის მუსიკოსები ჩამოდიან. პირველ დღეს გახსნის ძალიან კარგი ქართული ჯგუფი "ბედფორდ ფოლსი“ და შემდეგ გააგრძელებს ასევე ძალიან ხალისიანი პროექტი "სოულთრეინი.“

- ქართული ჯგუფი რა პრინციპით შეარჩიეთ?

- გემოვნებიანი მუსიკა აქვთ, ცოცხლად ასრულებენ, თან ჩვენთან პირველად არიან ფესტივალზე.

ფესტივალის მეორე დღეს ლეგენდარული მარკუს მილერი, ბენდის ახალი წევრებით, რომლებიც 20-25 წლის ახალგაზრდები არიან, მომავალი ვარსკვლავები. აქვე აღვნიშნავ, რომ მარკუს მილერი 2008 წელს პირველად სტუმრობდა ბათუმის ჯაზფესტივალს და როგორც თავად ამბობს მისთვის ძალიან ამაღელვებელია ამდენი წლის შემდეგ დაბრუნება.

ძალიან სახალისო იქნება ასევე მესამე დღე, 15-კაციანი ბენდი "ბრუკლინ ფანკ ესენშელსი.“ ამ ჯგუფის სტილში შედის როგორც ფანკი, ჯაზი, დისკო, ასევე აქვთ აზიური მოტივები. მაგარ შოუს დგამენ.

მართალია, ფესტივალს ბლექსი ჯაზფესტივალი ჰქვია, მაგრამ ჯაზი ზოგადად ბრენდია. ჩვენ შემთხვევაშიც ფესტივალზე, რომელიც ზღვის სანაპიროზე ტარდება, მუსიკაც შესაბამისად მორგებულია, იმიტომ რომ იქ ადამიანები ოჯახებით დადიან. ჩვენ ისტორიას რომ გადახედოთ, ქუინსი ჯონსი, რობერტ პლანტი, პროდიჯი, ბასტა რაიმსი, სნუპდოგი, ვინ აღარ ჩამოსულა ფესტივალზე და მათ ჯაზთან არ ჰქონიათ შეხება.

- ამდენი წლის მუშაობის შემდეგ, ალბათ, აღარც გიჭირთ ვარსკვლავების დათანხმება?

- დიახ, "ისთერნპრომოუშენსი“ 30 წელია უკვე ბაზარზეა. ვეტერანები ვართ ამ საქმეში. მანამდე მამაჩემს 1979 წელს ბიბი კინგი ჰყავს ჩამოყვანილი. საქართველოში ეს ბიზნესი და უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანის თემა ჩვენ დავიწყეთ.

საერთოდ, ჩვენი ბიზნესისთვის მთავარი სტაბილურობაა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს სპონსორებისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ყოველთვის მხარში გვიდგას. ბათუმის შემთხვევაში, ბათუმის მერია, აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის ფესტივალზე თბილისის მერია და რაც მთავარია, ორივე ფესტივალზეა ჩართული კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ეს მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, რომ ორი წლით ადრე დავგეგმოთ ყველაფერი.

- ფესტივალს, რომ დავუბრუნდეთ, სამდღიანი კონცერტების გარდა, კიდევ რას შესთავაზებთ მაყურებელს?

- დიახ, გარდა გამომსვლელი ვარსკვლავებისა, ამ სამი დღის განმავლობაში, ღამით "ივერიაბიჩზე“ ჯემსეიშენები გაიმართება, რომლებიც დილამდე გრძელდება. იყო შემთხვევა, როდესაც დილის 5 საათზე ლორენ ჰილისა და მეისი გრეის ბენდის წევრები გაერთიანდნენ და მეორე დღის პირველ საათზე დასრულდა ჯემსეიშენი.

- ბილეთები რამდენად ხელმისაწვდომი იქნება?

- რამდენიმე სახის ბილეთი იქნება, გაიყიდება აბონიმენტები, რომელშიც ყველაფერი შევა - ოთხი ჯგუფის კონცერტი და ჯემსეიშენები, ასევე მაყურებელს შეუძლია, რომ მხოლოდ კონცერტების ბილეთი შეიძინოს, თითოეულ დღეზეც შეუძლიათ დასწრება. ბილეთის ფასი 100 ლარი იქნება, რაც ძალიან ხელმისაწვდომია. მაგალითად, მარკუს მილერის კონცერტზე, დედამიწა რომ შემოიაროთ, ამ თანხად ვერ მოხვდებით. ბილეთების გაყიდვა მოხდება ticket.ge-ს საშუალებით და თუ დარჩება, ადგილზეც შეეძლებათ შეძენა.

- როგორ ახერხებთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს ბილეთი?

- სპონსორებით და ასევე დიდ მოგებას არ ვდებთ. ამ ფესტივალით არასოდეს ავშენებულვართ. მაგალითად, რობი უილიამსი, მარონ 5, აეროსმიტი, მორიკონე, ბოჩელი, ენრიკე იგლესიასი, ხულიო იგლესიასი, კრის დე ბურგი, ყველა ჩვენი ჩამოყვანილია, მაგრამ როდესაც ეს სახელმწიფო ბიუჯეტს ეხება, ჩვენ მოგებაზე არ ვფიქრობთ, შეიძლება ვინმეს გაეცინოს, ან გაუკვირდეს, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამბობდნენ, რომ თითქოს მონოპოლისტები ვართ ბაზარზე, ვერავის დავეთანხმები. წელიწადში 365 დღეა და ჩვენ მხოლოდ 10 დღე გვჭირდება, სამივე ფესტივალის გასამართად. ზოგადად, ძალიან გაადვილდა ვარსკვლავების ჩამოყვანა საქართველოში, რადგან ჩვეულებრივი ევროპული ქვეყანაა. ახლა ვარსკვლავებთან მხოლოდ თანხაზე მიდის საუბარი. ჩვენ რომ ვიწყებდით, ჯერ უნდა გვესაუბრა ქვეყანაზე, აგვეხსნა სად მდებარეობს, ვინ ვართ, სად ვართ და თუ დავითანხმებდით, შემდეგ მიდიოდა უკვე თანხაზე საუბარი.

- მუდმივი მსმენელი თუ ჰყავს ფესტივალებს?

- დიახ, ხშირია, როდესაც ერთი და იგივე ადამიანები დადიან, ასევე მათი შვილები ამ ფესტივალებზე იზრდებიან. ბევრი ქართველი მუსიკოსი ესწრება ჩვენს ფესტივალებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი ვარსკვლავები ჩამოდიან როგორიცაა: ბენსონი, ელჯერო, ჯო კოკერი და მსგავსი სახელები. როცა "ბოისთუმენი“ ჩამოვიყვანეთ, "ქუჩის ბიჭებიდან“ დაწყებული, ყველა იქ იყო. მაგრამ მარკუს მილერი ისეთი მუსიკოსია, გინდა ვიოლინოზე უკრავდე, გინდა ფანდურზე, უნდა მოხვიდე და მოუსმინო, მუსიკოსისთვის ეს არის მასტერკლასი.

- თბილისის, ბათუმისა და კახეთის ჯაზფესტივალები, ყველაზე რთულად სამუშაო რომელია?

- რა თქმა უნდა, "ბლექ სი ჯაზფესტივალი“. სამივე ფესტივალის სტილი განსხვავებულია. თბილისის ჯაზფესტივალი ყველაფრის ხერხემალია. იქ სერიოზული მელომანები მოდიან, ვისაც ყური აქვს განვითარებული. თუ ერთხელ მოხვდი, თავის რელსებზე დაგაყენებს. ბათუმი რაც მოგიყევით, ყველაფერია, ეს არის მუსიკის დღესასწაული, რადგან ყველაზე უფრო ძვირად ღირებული შემსრულებლები ჩამოდიან. ამ პერიოდში სასტუმროების ფასები მატულობს. ჩვენ როცა ვიწყებთ, მაშინ უმატებენ (იღიმის). ასევე ძალიან საინტერესო რამ მოხდა ბოლო წლებში, სომხეთის, თურქეთისა და ლატვიის ტურისტული სააგენტოები დაგვიკავშირდნენ და პროგრამები წაიღეს, რომ მათი ტურები ბათუმის ჯაზ-ფესტივალს დაამთხვიონ.

რაც შეეხება შემოდგომის ერთდღიან ფესტივალს კახეთში, რომელიც ემსახურება კახეთის რეგიონისა და ღვინის პოპულარიზაციას, წინანდალში ვაკეთებთ. "ჯაზი და ღვინის“ ფესტივალზე მაღალი ხარისხის მუსიკოსები ჩამოდიან, დილიდან მიდის ღვინის დეგუსტაცია, ასევე გვყავს მეგობარი ქვეყანა, წელს ეს იქნება იტალია, შარშან შეერთებული შტატები გვყავდა.

- ნერვიულობთ ხოლმე ფესტივალის წინ?

- რაღაცეებზე გვიწევს ნერვიულობა, რა თქმა უნდა. მაგალითად, ვინერვიულე მაშინ, როდესაც ელტონ ჯონი არ ჩამოვიდა, ავად გახდა. ლენი კრავიცი მოგვყავდა და პანდემია დაიწყო, გადავიტანეთ კონცერტი მეორე წლისთვის, თუმცა პანდემია გაგრძელდა და საბოლოოდ კონცერტი გაუქმდა. წარმოიდგინეთ, 26 ათას ადამიანს ბილეთის ფული უკან დავუბრუნეთ. იყო შემთხვევა, როდესაც ბენსონის კონცერტი გაუქმდა, არ ჩამოვიდა, რუსებმა უთხრეს, - იქ თუ ჩახვალ, ვეღარ გამოფრინდებიო. ასეთი ხელისშემშლელი ამბებიც ხდება.