ავტორი:

საბედისწერო მარშრუტი - რა ხდება ცნობილი "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად წასულ და ექსპედიციისას გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე: ვინ იმყოფებოდა მის ბორტზე

საბედისწერო მარშრუტი - რა ხდება ცნობილი "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად წასულ და ექსპედიციისას გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე: ვინ იმყოფებოდა მის ბორტზე

კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდა და რატომ გაწყდა კონტაქტი, ან რამდენად ახლოს იყო "ტიტანიკთან". ცნობილია, რომ ნავთან კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა.

ექსპედიციის ოპერატორი კომპანია არის OceanGate-ი, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო ეკიპაჟი ტურისტების პოვნასა და მათ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე მუშაობს.

  • ვინ იმყოფებოდა წყალქვეშა ნავის ბორტზე?

წყალქვეშა ნავის, სახელად "ტიტანის" ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. დადასტურებულად, ჯერჯერობით, სამის ვინაობა არის ცნობილი. ესენი არიან ბრიტანელი მილიარდერი, ბიზნესმენი და მკვლევარი, 59 წლის ჰამიშ ჰარდინგი, ასევე პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დაუდი ვაჟთან, სელეიმან დაუდთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ჰამიშ ჰარდინგმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ისაუბრა მომავალ ექსპედიციაზე, რომელში ჩართვასაც გეგმავდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ექსპედიციის შემადგენლობაში "რამდენიმე ლეგენდარული მკვლევარი იქნებოდა, რომელთაგან ზოგიერთმა 1980-იანი წლების შემდეგ 30-ზე მეტჯერ ჩაყვინთა ატლანტის ოკეანეში, რათა "ტიტანიკის" ჩაძირვის საიდუმლო ამოეხსნა".

ჰამიშ ჰარდინგი

ჰარდინგი საერთაშორისო კომპანია Action Aviation-ის თავმჯდომარეა. ეს კომპანია დაკავებულია საავიაციო ინდუსტრიაში გაყიდვებით და ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს დუბაიში, არაბეთსა და გაერთიანებულ სამეფოში.

რაც შეეხება შაჰზადა დავუდსა და მის ვაჟს, სულეიმანს - შაჰზადა დავუდი კალიფორნიის SETI-ს ინსტიტუტის წარმომადგენელი და Dawood Hercules Corporation-ის ვიცე-თავმჯდომარეა. მამა-შვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონტაქტი დაკარგეს და მათ შესახებ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ.

შაჰსადა დაუდი

ასევე ფიქრობენ, რომ ბორტზე იმყოფება ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლეც.

  • რა ვიცით ექსპედიციასა და მის მიზანზე?

OceanGate-ის ექსპედიციის წევრობა ერთი ადამიანისთვის 250,000 დოლარი ღირს. ექსპედიცია რვადღიანია და მიზანია ჩაძირული გემის, "ტიტანიკის" ნამსხვრევების ნახვა, რომელიც ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრის სიღრმეზეა.

OceanGate-ის თანახმად, ყველა ექსპედიცია სამეცნიერო მიზნებით იმართება. კომპანიის ორგანიზებით პირველად მსგავსი ექსპედიცია 2021 წელს შედგა.

  • რა ვიცით "ტიტანის" შესახებ?

"ტიტანი" არის წყალქვეშა ნავი, რომელიც 5 ადამიანს იტევს. ის შექმნილია 4000 მეტრის სიღრმეზე ჩასაშვებად. გარდა "ტიტანიკის" ნანგრევებში მყვინთავების ჩაყვანისა, ის გამოიყენება კვლევისთვის და მონაცემების შეგროვებისთვის, ასევე შეუძლია ფოტო და ვიდეო გადაღება. აქვს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ზღვის წყლის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.

OceanGate-ის ინფორმაციით, "ტიტანი" აღჭურვილია უახლესი განათების და სანავიგაციო სისტემებით. მათივე ცნობით, წყალქვეშა ნავს აქვს გარე კორპუსის რეალურ დროში მონიტორინგის სისტემა.

  • სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ტიტანიკი" ატლანტის ოკეანის ფსკერზე, 3 800 მეტრის სიღრმეშია. სამგზავრო ლაინერი, რომელიც თავისი დროის უდიდესი გემი იყო, 1912 წელს, საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკში, პირველი მოგზაურობისას, აისბერგს შეეჯახა. ბორტზე მყოფი 2200 მგზავრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა.