ავტორი:

სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ თურქეთშია - რას ჰყვება მისი მეგობარი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ თურქეთშია - რას ჰყვება მისი მეგობარი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, გამთენიისას თურქეთში გაემგზავრა. მკურნალობის კურსი მას სტამბოლის კლინიკაში ჩაუტარდება.

მსახიობის შესახებ ინფორმაცია სოსოს მეგობარმა, პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ მოგვაწოდა:

"სოსო ამ დილას გამთენიისას გაფრინდა თურქეთში. მისი გადაყვანა სტამბოლის ონკოპაციენტებისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში წინასწარი შეთანხმებით გადაწყდა. კლინიკას ხელთ აქვს საჭირო ანალიზებისა და კვლევების პასუხები, პლუს ამას, თურქებმა სოსოს გენეტიკური ანალიზი გააკეთებინეს. ამ ტიპის ანალიზი ამერიკაში კეთდება და პასუხს 2 კვირაზე მეტი დასჭირდა, ცოტა დროში გაიწელა. როგორც თურქებმა აღნიშნეს, ეს არის აუცილებელი ანალიზი, რომლითაც განისაზღვრება მკურნალობის მიმართულება. მათი მკურნალობის სტრატეგია სხვაგვარია, გენეტიკური ანალიზი სწორი მკურნალობისთვის მინიმუმ ნახევარი გადადგმული ნაბიჯია.

სოსოს რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე, ნორმალურად ჩაფრინდა, უკვე იყო კლინიკაში, სადაც ანალიზები გაუკეთეს, ხვალ დილით იქნება პასუხები და ამის მიხედვით შეარჩევენ მკურნალობის სტრატეგიას. სოსო ძალიან იმედიანად არის განწყობილი, ასევე ვართ ჩვენც. მადლობა ღმერთს, ექიმებიც გვაიმედებენ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა პატრულის, საზღვრის დაცვისა და აეროპორტის თანამშრომლებს - წუხელ, როცა მათ აეროპორტში სოსო შენიშნეს, დიდი სითბოთი და სიყვარულით გააცილეს, სოსო ძალიან გააბედნიერეს და მათი მადლიერია.. ყველას მადლობა, ვინც სოსოს კარგი განწყობა შეუქმნა, მოგეხსენებათ, ასეთ დროს, განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

სოსო ბედნიერი გაფრინდა თბილისიდან, იმედს ვიტოვებ, კიდევ უფრო ბედნიერად და წარმატებით დაასრულებს მკურნალობის ამ ეტაპს. ექიმები იმედს იძლევიან, რომ სოსო გამოჯანმრთელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიწვევდა კლინიკაში. მჯერა, ყველაფერი კარგად დასრულდება“, - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.