ავტორი:

დაკარგული "ტიტანის" კაპიტნის ცოლი "ტიტანიკის" ჩაძირვისას დაღუპული წყვილის შთამომავალია - შტრაუსების საუკუნის წინანდელი ტრაგედია და იდუმალი კავშირი დღევანდელობასთან

დაკარგული "ტიტანის" კაპიტნის ცოლი "ტიტანიკის" ჩაძირვისას დაღუპული წყვილის შთამომავალია -  შტრაუსების საუკუნის წინანდელი ტრაგედია და იდუმალი კავშირი დღევანდელობასთან

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდა და რატომ გაწყდა კონტაქტი, ან რამდენად ახლოს იყო "ტიტანიკთან". ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ნავთან კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა.

"ტიტანის" ძებნის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სტოკტონ და ვენდი რაში

ექსპედიციას OceanGate-ი უწევდა ოპერირებას, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც სტოკტონ რაშია. აღსანიშნავია, რომ "ტიტანს" სტოკტონი თვითონვე კაპიტნობდა და შესაბამისად, ის დაკარგულებს შორისაა.

საინტერესო კავშირებია აღმოჩენილი სტოკტონის მეუღლეს, ვენდი რაშსა და 1912 წელს ჩაძირულ "ტიტანიკზე" დაღუპულთა შორის.

ვენდი რაში "ტიტანიკის" ჩაძირვის შედეგად დაღუპული მაგნატების, ცოლ-ქმრის, ისიდორ და იდა შტრაუსების შვილთაშვილის შვილია.

ისინი "ტიტანიკის" პირველი კლასის მგზავრები, შესაბამისად, გემზე უმდიდრესი ადამიანები იყვნენ. საინტერესოა, რომ თავად ვენდი რაშს სამჯერ აქვს "ტიტანიკის" შესასწავლად წყალქვეშა ექსპედიციაში მონაწილეობა მიღებული.

ვენდი OceanGate-ის კომუნიკაციების დირექტორი და კომპანიის საქველმოქმედო ფონდის საბჭოს წევრია.

ისიდორ და იდა შტრაუსები

რაშის წინაპრები "ტიტანიკის" ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე ცნობილები არიან თავიანთი ტრაგიკული ისტორიითა და სიყვარულის ამბით.

კატასტროფას გადარჩენილი ხალხის ნაამბობის მიხედვით, ისიდორ შტრაუსმა უარი თქვა სამაშველო ნავში ჩაჯდომაზე, რადგან ქალები და ბავშვები ჯერ კიდევ ეძებდნენ ჩაძირვისთვის განწირული ლაინერიდან გასაქცევ გზას.

თავის მხრივ, იდა შტრაუსმა მეუღლის დატოვებაზე უარი თქვა. მოგვიანებით კი ხალხმა დაინახა, როგორ იდგა წყვილი "ტიტანიკის" გემბანზე ხელჩაკიდებული იმ დროს, როცა გემი იძირებოდა.

შტრაუსების ისტორია "ტიტანიკის" 1997 წლის ფილმში ჯეიმს კამერონმა უკვდავყო. ფილმის კადრებში ხანდაზმულ წყვილს ვხედავთ, რომლებიც ჩახუტებულები წვანან საწოლში, პარალელურად კი მათი კაბინა წყლით ივსება.

ისიდორ შტრაუსის ცხედარი ზღვაში "ტიტანიკის" ჩაძირვიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ იპოვეს, იდას ნეშტი კი, სამწუხაროდ, დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

წყარო: nytimes

ნახეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა