აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა 22 ივნისს დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავმა "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და დაიღუპა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი. ადმირალ ჯონ მაუგერის განცხადებით, შესაძლოა, ცხედრები ვერ იპოვონ, რადგან ოკეანეში, კატასტროფის ადგილას, "წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა".
ბორტზე მყოფი ხუთი მგზავრიდან ერთ-ერთი 19 წლის სულემან დავუდი იყო, რომელიც „ტიტანზე“ მამასთან ერთად იმყოფებოდა.
აზმე დავუდმა - პაკისტანელი ბიზნესმენის, შაჰზადა დავუდის უფროსმა დამ - NBC News-ს განუცხადა რომ მისი ძმისშვილი ექსპედიციისთვის მზად არ იყო და წასვლამდე ყოყმანობდა. მიუხედავად ამისა, ის ამ ყველაფერს მამის ხათრით დათანხმდა, რომელიც „ტიტანიკის“ ისტორიით იყო გატაცებული.
ბოლო ოთხი დღე აზმესთვის მტკივნეული აღმოჩნდა. განუწყვეტლივ თვალს ადევნებდა ახალ ამბებს და ყოველთვის უარესის მოლოდინი ჰქონდა.
"თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. მათზე ფიქრიც კი მიჭირდა“ - ამბობს აზმე.
აზმე და შაჰზადა პაკისტანში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დინასტიის შთამომავლები არიან. ოჯახის ბიზნეს იმპერიას Dawood Hercules Corp.-ს ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვის სექტორში და სხვა ინდუსტრიებში აქვს. შაჰზადა მეფე ჩარლზ III-ის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის Prince's Trust International-ის მრჩეველი იყო.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს აზმეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, მეუღლესთან ერთად ლონდონიდან ამსტერდამში გადავიდა საცხოვრებლად, ამიტომ ბოლო წლებში ძმასთან ურთიერთობა არ ჰქონია.
"ის ჩემი პატარა ძმა იყო, როცა დაიბადა ხელში პირველად მე დავიჭირე“ - ამბობს აზმე ინტერვიუში. მისივე თქმით, შაჰზადა ბავშვობიდან გატაცებული იყო “ტიტანიკის“ ისტორიით.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰამიშ ჰარდინგის ნათესავები "ტიტანის" ხუთივე მგზავრის სიკვდილის სრულ გამოძიებას ითხოვენ.
”ეს უნდა იყოს სრულად გამოკვლეული, რათა დავინახოთ, რა მოხდა, რატომ მოხდა და რატომ ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა“ - განაცხადეს ჰარდინგის ახლობლებმა BBC - ის კორესპონდენტთან საუბრისას.