ავტორი:

"ექსპედიციაში მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ადგილი სულემანს დავუთმე" - რას ამბობს "ტიტანის" კატასტროფისას დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა

"ექსპედიციაში მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ადგილი სულემანს დავუთმე"  - რას ამბობს "ტიტანის"  კატასტროფისას დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა 22 ივნისს დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავმა "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და დაიღუპა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი.

ადმირალ ჯონ მაუგერის განცხადებით, შესაძლოა, ცხედრები ვერ იპოვონ, რადგან ოკეანეში, კატასტროფის ადგილას, "წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა".

ბორტზე მყოფი ხუთი მგზავრიდან ერთ-ერთი 19 წლის სულემან დავუდი იყო, რომელიც "ტიტანზე“ მამასთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ სულემანის დედამ, კრისტინმა ისაუბრა.

კრისტინ დავუდმა BBC-ის განუცხადა, რომ მოგზაურობა პანდემიამდე დაიგეგმა და ექსპედიციაში სულემანის მაგივრად ის უნდა წასულიყო.

"თავდაპირველად მე და შაჰზადა უნდა წავსულიყავით, მაგრამ უკან დავიხიე და ადგილი სულემანს დავუთმე, რადგან მას წასვლა ძალიან უნდოდა", - ამბობს ქალი.

კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს ამ გადაწყვეტილების გამო, კრისტინმა უპასუხა: "მოდით, ეს შეკითხვა გამოვტოვოთ“.

ოჯახი 18 ივნისს, მამის დღეს, Polar Prince-ზე, "ტიტანის" დამხმარე ხომალდზე იმყოფებოდა. კრისტინი და თავისი 17 წლის ქალიშვილი ალინა ჯერ კიდევ ბორტზე იყვნენ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტიტანთან“ კავშირი დაიკარგა.

”ყველას გვეგონა, რომ უკან დაბრუნდებოდნენ. იმედი გვქონდა", - ამბობს ქალი.

მისივე თქმით, იმედი 96 საათის გასვლის შემდეგ დაკარგეს, რადგან სიახლე არაფერი იყო და ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ნავზე ჟანგბადის მარაგი ამოიწურა. ყველაფერი კი მაშინ დამთავრდა, როცა აშშ-ის სანაპირო დაცვამ ოჯახს აცნობა, რომ ოკეანეში "ტიტანის“ ნამსხვრევები იპოვეს.

კრისტინი ქალიშვილთან ერთად კანადაში დაბრუნდა. შაბათს და კვირას შაჰზადასა და სულემანის პანაშვიდი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი “ტიტანი“, რომელსაც ატლანტის ოკეანის ფსკერზე, "ტიტანიკის" სანახავად, ხუთი ადამიანი გადაჰყავდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი ნამსხვრევები მოგვიანებით ოკეანეში იპოვეს.

ეკიპაჟის გარდაცვლილი წევრები არიან: ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.

ნახეთ ასევე: