ავტორი:

ბიჭი "Extraction 2" - დან: ვინ არის ანდრო ჯაფარიძე და რას ჰყვება "ნეტფლიქსის" გადაღებებსა და ჭოხონელიძეების ცნობილ ოჯახზე? - "როლზე რომ დამამტკიცეს, 2 კვირის განმავლობაში ამის თქმა არავისთვის შემეძლო"

ბიჭი "Extraction 2" - დან: ვინ არის ანდრო ჯაფარიძე და რას ჰყვება "ნეტფლიქსის" გადაღებებსა და ჭოხონელიძეების ცნობილ ოჯახზე? -  "როლზე რომ დამამტკიცეს, 2 კვირის განმავლობაში ამის თქმა არავისთვის შემეძლო"

"ნეტფლიქსის“ პოპულარული ფილმის "Extraction 2" პრემიერა უკვე შედგა და მსოფლიო ეკრანებზეც გამოვიდა. მთავარი როლის შემსრულებელს, ჰოლივუდის ვარსკვლავ კრის ჰემსვორთს პარტნიორობას ქართველი მსახიობები უწევენ. ფილმში ცნობილ ქართველ მსახიობებთან ერთად ითამაშა ანდრო ჯაფარიძემ, რომელიც პროფესიით მსახიობი არ არის, ის უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებით სწავლობს, 14 წლის ასაკში ნათამაშევი აქვს პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები“ და ასევე თორნიკე გოგრიჭიანის სადებიუტო ფილმში "ანდრო“.

21 წლის ანდრო ამჯერად Extraction 2-ის გადაღებებს დიდი სიყვარულით იხსენებს.

როგორ მოხვდა ანდრო ჯაფარიძე რეჟისორ სემ ჰარგრეივის ახალ ფილმში, როგორ იმუშავა როლზე და რა გამოცდილება შესძინა ამ ფილმმა, ამაზე ambebi.ge - ს თავად უამბობს:

- "ჩემი ცოლის დაქალების“ მერე ჩემს თავში არ ვიყავი გარკვეული, ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა, ამიტომ ცოტა ხანს პაუზა ავიღე. რა შემოთავაზებებიც "ეკა კასტისგან“ მოდიოდა, უარს ვეუბნებოდი - არც სერიალებში და არც რეკლამებში არ ვმონაწილეობდი. შესაბამისად, კასტინგზეც არ გავდიოდი.

2021 წელს ოქტომბერში დედამ დამირეკა, სახლში დროულად მოდიო, - უცებ მოვვარდი, მეგონა, რაღაც დავაშავე (იღიმის). უარი არ მითხრა, "ნეტფლიქსის“ კასტინგებია, რას იზამ, ხომ გახვალო? ეს რომ მოვისმინე, დავფიქრდი, მივხვდი, რომ ასეთი შემოთავაზება ხშირად არ ხდება... მოკლედ, უარის თქმა არ შეიძლებოდა, დავთანხმდი და კასტინგზე გავედი, რომელიც ონლაინ ჩატარდა.

რამდენიმე დღეში პასუხი მივიღე, რომ ამ როლზე დამამტკიცეს. ორი კვირის განმავლობაში ამის თქმა არავისთვის შემეძლო, გაუთქმელობის კონტრაქტზე მქონდა ხელი მოწერილი. ცოტა უცნაური მომენტი კი იყო, ასეთ ამბავს ვერავის ვეუბნებოდი. როცა უკვე გავასაჯაროვე, მერე გადაღებებზე პრაღაში მალევე წავედით.

ქართველები ბევრნი ვიყავით, დიდი ჯგუფი იყო. უამრავ კარგ ქართველ მსახიობთან მიწევდა თამაში და ასევე უმაგრეს უცხოელ მსახიობთანაც. ყველანი დავმეგობრდით და დავახლოვდით. ქართველებმაც უცებ გავიცანით ერთმანეთი და ერთმანეთს გვერდიდან არ ვშორდებოდით. სულ მხარში ვედექით და ვამხნევებდით.

- მოკლედ, ასე მოულოდნელად დიდ კინოში აღმოჩნდით...

- კი... სახლიდან უეცრად სულ სხვანაირ რიტმში, გარემოსა და რეჟიმში აღმოვჩნდი. თან ამ სერიოზულ საქმეზე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღე. ამდენ უცხოელ და ქართველ პროფესიონალ მსახიობთან ამის გარეშე ვერ მოვიქცეოდი. გამუდმებული რეპეტიციები გვქონდა, სულ ვმუშაობდით.

ცოტა ტრავმირებული ბავშვის როლი მერგო, რომელიც რთულ ოჯახურ გარემოში იზრდება, რადგანაც განგსტერის შვილია. რთული ის იყო, რომ მამამისის გამო პატიმრობა მის ოჯახსაც უწევს, - მამას უნდა, რომ ოჯახიც მასთან ერთად იყოს, ეგოისტია. ჩემი გმირი, 15 წლის ბავშვიც აღმოჩნდება იქ. ბიჭს ყველგან ზედმეტი მოსდის, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს მამის ცუდსაც და კარგსაც, მისთვის მამა მაინც ძლიერი პიროვნებაა. უნდა თვითონაც ძლიერი იყოს. როდესაც გაიგებს, რომ მამა მოუკლეს, საშინლად გულდაწყვეტილია, მიაჩნია, რომ ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო... ეს რატომ მოხდა, ამას ვერ ხვდება, რის შემდეგაც იღებს მძიმე გადაწყვეტილებას...

- სცენარი რომ წაიკითხეთ, მოგეწონათ?

- როდესაც წავიკითხე, მინდოდა, გამეგო, ჩემი პერსონაჟი რატომ იყო ასეთი. ცოტა გამაღიზიანებელი ტიპაჟი ჩანდა. ცოტა იმის შემეშინდა, ამ როლის შესრულებას რამდენად კარგად შევძლებდი. მერე ვერც ის წარმოვიდგინე, მაყურებელზე როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებდი. საბოლოოდ პერსონაჟი ნელ-ნელა ჩამოვაყალიბე და მივხვდი, რომ მისი თამაში შემეძლო და ეს პასუხისმგებლობაც ავიღე. პატარა როლი იყო, მაგრამ რეჟისორთან საუბრის, რეპეტიციების და გადაღებების შემდეგ ვატყობდი, რომ ჩემი ნაწილი ფილმში იზრდებოდა და ძალიან მიხაროდა.

- ე.ი. რეჟისორს მოსწონდა თქვენი თამაში.

- რეჟისორი გადასარევი პიროვნებაა, პროფესიონალი. თავის სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებს. გასაოცარი იდეები აქვს. ფილმში რასაც ხედავთ, ჩხუბის სცენები, კადრიდან კადრზე გადასვლები, უწყვეტი სცენები, მისი მოფიქრებული და დადგმულია. რომ მელაპარაკებოდა, ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი, საოცრება ფილმი იქნებოდა. პირველი სერიაც სასწაულად აქვს გაკეთებული. მასთან მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გაკვეთილი და გამოცდილება იყო.

- პრემიერიდან როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდით?

- პრემიერაზე მადრიდსა და ბერლინში ვიყავი, დედასთან ერთად მომიწია წასვლა. გამგზავრებამდე არა და მადრიდში რომ ჩავედი, ნერვიულობა დამეწყო. პრემიერაზეც ცოტა დაძაბული ვიყავი. ასეთ პრემიერაზე ნამყოფი ცხადია, არ ვიყავი. მადრიდში უცხოელი მსახიობები იყვნენ, ქართველები - არა. პრემიერამ შესანიშნავად ჩაიარა. ბერლინის პრემიერაზე წასვლამდე წერილი მივიღე, საიდანაც შევიტყვე, რომ დაისმებოდა შეკითხვები, ცოტა პანიკაში ჩავვარდი, არ ვიცოდი, რა კითხვები იქნებოდა, ვფიქრობდი იმაზე, რომ არ დავბნეულიყავი. ასისტენტმა დამამშვიდა, - სანერვიულო არაფერიაო...

უშუალოდ საპრემიერო სივრცესთან რომ მივუახლოვდი, იქ იმხელა სიყვარული ტრიალებდა, იმდენი ხალხი იყო... ფილმს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და ნერვიულობა გამიქრა, მაგრამ პირველი შეკითხვა რომ დამისვეს, წამიერად დამავიწყდა, რა უნდა მეპასუხა (იღიმის).

შეკითხვა შეეხებოდა მთავარ გმირს, მკითხეს, რეალურად ცხოვრებაში როგორი ადამიანიაო. ძალიან კომუნიკაბელური, შესანიშნავი ხასიათი აქვს-მეთქი - ვუპასუხე.

- გადაღებები ხანგრძლივად მიდიოდა, პრაღაში რამდენ ხანს იყავით?

- ყველაფერი ზუსტად იყო გაწერილი. გადაღებები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძირითადად სულ იქ, პრაღაში ვიყავით და ცოტა ხანს - ვენაში. ასე მოულოდნელად იქ მარტოს მომიწია ცხოვრებამ. არ მეგონა, ასე კარგად თუ შევძლებდი. უკვე 19 წლის ვიყავი და მარტოს კიდევაც უნდა შემძლებოდა სირთულეებისთვის თავი გამერთვა. ქართველები ერთ კორპუსში, ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ ოთახში მარტო ვიყავი და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე თვითონ ვიღებდი.

- მეგობრები ალბათ, გგულშემატკივრობდნენ, ხომ?

- მეგობრები გვერდში მედგნენ. ახლაც გვერდში მიდგას ყველა, ეს უდიდეს ძალას მაძლევს. უსაყვარლესია თითოეული. ასეთ გარემოცვაში ყოფნა სასიამოვნოა.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

- გადაღებების დაწყებამდე, მე და ჩემმა მეგობარმა პატარა ბიზნესი დავიწყეთ, ცოტა სხვანაირი სარეკლამო კომპანიის იდეა გვქონდა, თავის საინტერესო პროექტებით. საქმე ავაწყეთ და ზუსტად მაშინ მომიწია გადაღებაზე წასვლამ. იქიდან ონლაინაც ვმუშაობდი. ახლაც ჩართულები ვართ, ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი საქმე.

უნივერსიტეტში ბიზნესის განხრით ვსწავლობ. ამ კუთხით სწავლის დაწყებაც იმ პერიოდს უკავშირდება, ჯერ რომ არ ვიცოდი, რა მინდოდა და რას როგორ გავაკეთებდი. ამ მიმართულებაზე შემთხვევით აღმოვჩნდი...

- თეატრალურ უნივერსიტეტში არ გინდოდათ სწავლა?

- მანამდეც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, შეიძლება, "თეატრალურში“ გადავიდე კიდეც. როგორც გითხარით, ბევრი მიმართულებით ვეცნობი, ვაკვირდები რაღაცებს. ამასობაში ვფიქრობ, უფრო კარგად აღმოვაჩენ საკუთარ თავში გარკვეულ უნარებს.

- გავიხსენოთ "ჩცდ“ და როლი, რომელიც იქ 14 წლის ასაკში ითამაშეთ...

- სულ 5 სერიაში მომიწია თამაში. ჩემი პერსონაჟი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. პარტნიორი ძირითადად ტასო იყო... კარგად მახსოვს ეგ პერიოდი. თან "ჩცდ“ ჩვენთან ყველაზე პოპულარული სერიალი იყო და დღემდე ასეა. მომწონდა, რომ ვუყურებდი და მინდოდა მასში მონაწილეობა.

ერთხელაც ეკა მჟავანაძემ რაღაც სხვა ფილმის კასტინგზე დაგვირეკა. სინჯი ჩავწერეთ. გამოსვლისას რაღაც ოთახი დავინახე, აქ რას წერენ-მეთქი? - ვიკითხე, "ჩემი ცოლის დაქალებსო“. აუ რა კარგია, მეც მინდა მაგ სერიალში მონაწილეობა რომ ვცადო-მეთქი, - ასე პირდაპირ ვუთხარი. ეკა მჟავნაძემ შემომხედა და "დაქალებში“ რაღაც როლზე დამინახა. ჩავწერეთ, მაგრამ არ მეგონა, თუ დამამტკიცებდნენ. სიხარულისგან ლამის გავგიჟდი.

- ქეთა ორბელაძესთან, ტასოს როლის შემსრულებელთან გაქვთ ახლა ურთიერთობა?

- უკარგესი ბავშვია, კომუნიკაბელური, ხალისიანი, კეთილი, კარგი პარტნიორი იყო სერიალში. მისმა გმირმა ჩემი გმირისთვის საკმაოდ რთულ სიტუაციაში ბევრი რამ გააკეთა. ცდილობდა ჩემს გახარებას. კარგად მახსოვს, ქეთასთან ერთად სერიალში თამაში. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ვიცნობ და მიხარია, რომ ვიცნობ.

- ანდრო, ცნობილი მუსიკალური ოჯახიდან ხართ. დედა სოფო ჭოხონელიძეა, დეიდები - თამრიკო, თინიკო ჭოხონელიძეები. თქვენს ოჯახში ყველა მღერის. ალბათ, თქვენც მღერით. ეს ოჯახი თქვენთვის რას ნიშნავს?

- ბავშვობის მერე სიმღერა არ მიცდია, სამომავლოდ, არ ვიცი, სიმღერას მოვკიდებ თუ არა ხელს. ხომ ვამბობ, ახლა კვლევა-ძიების პროცესი მაქვს.

ჩემთვის ეს ოჯახი ყველაზე დიდი განძია, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ბავშვობიდან მას საოცრად კარგი ამბები უკავშირდება. მუსიკის გარდა, ასეთ ადამიანებთან ცხოვრება სასიამოვნოზე მეტია და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ...

მე და ჩემი დეიდაშვილები ზაფხულობით საგურამოში ვიზრდებოდით. ყველანი ერთად ვიკრიბებოდით, სამი დის ოჯახი იქ ვიყავით. ეს იყო ყველაზე დიდი სიხარული ყველა ჩვენგანისთვის. დიდი ჟრიამული ტრიალებდა. მყავს და კატო ჯაფარიძე, რომელიც ექიმია, კინოში თამაშის გამოცდილება მასაც აქვს. ამბობს, შემოთავაზება რომ იყოს, უარს არც ახლა ვიტყვიო...

- ბოლოს "ნეტფლიქსში“ ასე მოულოდნელად რომ აღმოჩნდით, ამ ყველაფერს როგორ აფასებთ?

- ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, ოცნებაც არ შეიძლებოდა იმაზე, რაც ჩემს ცხოვრებაში ამ გადაღებებით მოხდა.... პრაღაში რომ ვიყავით, "ეკა კასტის“ წარმომადგენელი თეკლა ჯავახაძე გვახლდა. ჩვენზე ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული. დიდი ჯგუფი ებარა. მის გარეშე გაგვიჭირდებოდა. ეკა მჟავანაძე კი აქედან ონლაინ ერთვებოდა, მას ბევრი საქმე ჰქონდა და ფიზიკურად წამოსვლა ვერ მოახერხა. თეკლა კარგი ადამიანი, კარგი მსახიობი და უკარგესი ხელმძღვანელიც აღმოჩნდა. პირადად მე ბევრ რამეში გვერდით დამიდგა. მადლობა "ეკა კასტს“, ცალკე ეკა მჟავანძეს, ქართველი მსახიობებისთვის ამხელა რამ შეძლო. მადლობა ისევ და ისევ თეკლა ჯავახაძეს.