ავტორი:

მოგებული ავტომობილი, იპოთეკური სესხი და ჟურნალისტი მეუღლე - შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

მოგებული ავტომობილი, იპოთეკური სესხი და ჟურნალისტი მეუღლე - შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

2022 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად, ვალერიან თელია დაინიშნა. მანამდე, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

პოლიციის მაღალჩინოსანს დეკლარაცია 2023 წელს აქვს შევსებული, თუმცა თუ გადავხედავთ, თელიას ქონება არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

თელიას ქონება

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის იანვარში ვალერიან თელიამ ლილი თელიასთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო 522, 574 კვ. მ. მიწის ნაკვეთი აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ მარანში. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნულ ტერიოტირაზე დგას საცხოვრებელი სახლი. ჩინოსანი 50%-ის მფლობელია.

ვალერიანე თელიას მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა MAZDA CX3, რომელიც 2018 წელს მოიგო, თუმცა 2019 წელს სხვა პიროვნების სახელზე გაასხვისა, თუმცა ავტომობილი ოფიციალურად ისევ ვალერიან თელიას სახელზე ირიცხება.

დეკლარაციის შევსების დროს ვალერიანე თელიას "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 150 ლარი, თიბისი ბანკის სესხის მომსახურე ანგარიშზე კი 1661,77 ლარი.

ვალერიანე თელიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში ხელფასის სახით 3679,1 ლარი ჩაერიცხა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე-უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის პოსტზე კი კალენდარულ წელს 49 846,37 ლარი.

ვალერიანე თელიას აქვს იპოთეკური სესხი, 120 000 ლარი, რომელიც 2021 წელს 10 წლის ვადით აიღო.

პირადი ცხოვრება

პოლიციის მაღალჩინოსანს პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, 2004 წელს დაბადებული ნინო თელია და 2012 წელს დაბადებული ბარბარე თელია ჰყავს.

მეორედ ვალერიან თელიამ 2021 წელს იქორწინა. შიდა ქართლის მთავარი პოლიციელი მაშინვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგან მისი მეუღლე ცნობილი ჟურნალისტი ნინო შუბლაძე გახდა.

"რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში... ამდენი ტკივილის და ცუდის მერე - ერთი კარგი ამბავიც მაქვს. როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი“, - წერდა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში თელიას მეუღლე მოხსენიებული არ ჰყავს.

ნინო შუბლაძე ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. მისი მეუღლე ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ფარულავა გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს და წლებია განქორწინებულები არიან.