"არ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ წავალ... იმას გავაკეთებ, რაც "ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად იქნება უკეთესი"  - ნიკა გვარამია

"არ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ წავალ... იმას გავაკეთებ, რაც "ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად იქნება უკეთესი"  - ნიკა გვარამია

არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ წავალ, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი,- ამის შესახებ "მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში "ღამის მთავარი“ განაცხადა.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ნებისმიერ ვითარებაში იმას გააკეთებს, რაც "ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად უკეთესი იქნება.

"ის, რაც მე გარეთ ყველაზე მეტად მაშინებს ამ ყველაფერში, რაც ჩემთვის რთულია, არის მოლოდინები, რომელიც ძალიან მაღალი ამოჩნდა. ჯერ მომიწევს გაცნობიერება, რა არის ეს მოლოდინები და რამდენად რეალისტურია, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ეს მოლოდინი რეალისტურია. არ მაქვს არანაირი გადაწყვეტილება მიღებული, არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ წავალ, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი. ნებისმიერ ვითარებაში იმას გავაკეთებ, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩემი და შემდეგ, სხვების აზრითაც "ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად უკეთესი იქნება. "ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2024 წელს შეცვლას ვუყურებ, როგორც ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს. მგონია, რომ ჩვენ 2024 წელს მივდივართ ევროპაში დაჩქარებული ტემპით ან მძიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი სამშობლოს ცივილიზაციის სწორ მხარეს მიღმა დატოვების შესახებ. ამ დროისთვის უკრაინის ომი შესაძლოა, ბოლომდე დამთავრებული არ იყოს, მაგრამ მთავარი გამარჯვებები მიღწეული იქნება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა გვარამიამ.