ავტორი:

"ვასწავლით ამპარტავან დასავლელებს, რომ ეს არ არის აზრის თავისუფლება“- ერდოღანის მუქარა და პროტესტი მუსლიმურ ქვეყნებში: რატომ დაწვა შვედეთში ერაყელმა კაცმა ყურანი

"ვასწავლით ამპარტავან დასავლელებს, რომ ეს არ არის აზრის თავისუფლება“- ერდოღანის მუქარა და პროტესტი მუსლიმურ ქვეყნებში: რატომ დაწვა შვედეთში ერაყელმა კაცმა ყურანი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, შვედეთის საელჩოს შენობაში, ათობით ადამიანი შეიჭრა მას შემდეგ, რაც შვედეთში, საპროტესტო აქციის დროს ყურანი დაწვეს.

შვედეთში მცხოვრებმა ერაყელმა ლტოლვილმა, სალვან მომიკამ, სტოკჰოლმში, მეჩეთის წინ, ისლამის წმინდა წიგნის ასლს ცეცხლი წაუკიდა. ყურანის დაწვა ბევრმა მუსლიმურმა ქვეყანამ დაგმო. ისინი აკრიტიკებენ შვედეთის ხელისუფლებას და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მომიკასთვის მსგავსი აქციის ჩატარების ნებართვა არ უნდა მიეცა.

ხუთშაბათს, სასულიერო პირის მიერ პროტესტისკენ მოწოდების შემდეგ, ბაღდადში, საელჩოს წინ ხალხი შეიკრიბა.AFP-ის საინფორმაციო სააგენტოს ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ ისინი მცირე ხნით შენობაში შეიჭრნენ და იქ დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში იყვნენ.

ყურანი შვედეთში 28 ივნისს დაწვეს მაშინ, როდესაც მუსლიმები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავდნენ.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის პოლიციამ მომიკას პროტესტის გამოხატვის ნებართვა თავად მისცა, სიტყვის თავისუფლების კანონების შესაბამისად. მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება სიძულვილის წაქეზებისთვის მიმდინარეობს.

ამ ინციდენტმა სხვა მუსლიმური ქვეყნების გაღიზიანებაც გამოიწვია. მათ შორისაა თურქეთი. თურქეთში აცხადებენ, რომ "მიუღებელია ასეთი ანტიისლამური ქმედებების დაშვება გამოხატვის თავისუფლების სახელით“.

"ჩვენ საბოლოოდ ვასწავლით ამპარტავან დასავლელებს, რომ მუსლიმების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის ერაყი, ირანი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე მკაცრად აკრიტიკებენ ყურანის დაწვას, ხოლო მაროკომ და იორდანიამ თავიანთი ელჩები გაიწვიეს შვედეთიდან. ერაყში განაცხადეს, რომ ინციდენტი იყო "სიძულვილის აგრესიული სულისკვეთების ასახვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან".

შვედეთის პრემიერ მინისტრის ულფ კრისტერსონის თქმით, ყურანის დაწვა იყო "ლეგალური, მაგრამ არა მიზანშეწონილი“.

  • ვინ არის კაცი, რომელმაც ყურანი დაწვა და რას აპროტესტებდა ის

შვედეთში მცხოვრები 37 წლის ერაყელი ლტოლვილი, სალვან მომიკა ღიად გამოთქვამს აზრს ყურანის შინაარსთან დაკავშირებით. კაცი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია მუსულმანთა წმინდა წიგნში გადმოცემული მოსაზრებები და სურს მისი აკრძალვა.

სალვანი ერაყიდან შვედეთში რამდენიმე წლის წინ გაიქცა. ის დღემდე ერაყის მოქალაქეა.

ყურანის დაწვამდე მან "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ მეჩეთის წინ აპირებდა მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვას. მიმართავდა სტოკჰოლმში მყოფ თანამოაზრეებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ დემონსტრაციაში.

მომიკას თქმით, იდეა ის არის, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი აზრი ყველაფრის შესახებ, მათ შორის ყურანის შესახებაც.