ავტორი:

"ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა" - მარიამ სანოგო საზოგადოების კრიტიკასა და სტერეოტიპებზე

"ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა" - მარიამ სანოგო საზოგადოების კრიტიკასა და სტერეოტიპებზე

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საზოგადოების აზრი? ინტერესდებით თუ არა რას იტყვის თქვენზე ხალხი? - ცნობილი ადამიანები ამ თემაზე სხვადასხვაგვარად პასუხობენ. ზოგისთვის თუნდაც სოც ქსელებში წამოსული კრიტიკიკა მნიშვნელოვანია და მათზე დიდი გავლენასაც ახდენს.

მარიამ სანოგო, მოდელი, ტელეწამყვანი:

- რა დოზით არის ჩართული ხალხი შენს ცხოვრებაში, ეს დამოკიდებულია პიროვნების ცხოვრების სტილზე, სამსახურსა და კიდევ ბევრ რამეზე. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ხალხის ჩართულობა მინიმალურია. ხმაურიანი ცხოვრებით და სკანდალებით ისედაც არ გამოვირჩევი. ხალხს შეუძლია, საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ თემაზე დააფიქსიროს, როგორც შენს პირად ცხოვრებაზე, ასევე - გარეგნობაზე, ნათქვამ სიტყვაზე თუ ჩაცმის სტილზე. ამ თვალსაზრისით თავს საერთოდ არ ვიზღუდავ. ძალიან მარტივი და ბანალური ცნება არსებობს, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრებაა. მე ერთი ვარ და გარშემო - უამრავი გემოვნების ადამიანია. ყველას მოსაზრებას ვერ გავითვალისწინებ და არც უნდა გავითვალისწინო, ეს აბსურდია. აქედან გამომდინარე, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ ან ახალ ნაბიჯებს ვდგამ, არ ვფიქრობ, რას იტყვის ხალხი.

- საზოგადოების მხრიდან წამოსული კრიტიკის თუ მოსაზრებების გამო, გული გტკენია?

- ადამიანებს სჩვევიათ კრიტიკა ჩაცმულობის, გარეგნობის გამო. რომ ვთქვა, რამე მტკივნეულად მახსენდება-მეთქი, ასე არ არის, ამ საკითხს არასდროს შევუწუხებივარ. ერთმა ინტერნეტგვერდმა გადაიტანა ჩემი ვიდეო, რომელიც სამუშაო პროცესში იყო გადაღებული. მოდელი ვარ და შეიძლება საცურაო კოსტიუმში ვიყო ან სხვა ფორმაში, ეს ნორმალურად განვითარებულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია. ამ ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, - ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა, თან გავიფიქრე, 15 წლიდან მოდელად ვმუშაობ და "ც" კი - არა, აქამდე სად იყავით-მეთქი?..

- რა შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი?

- საზოგადოების აზრის გათვალისწინების ვალდებულება არც ერთ ინდივიდს არ აქვს. ჩვენ ხომ არ ვართ კომპანიები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს სწავლობენ. ჩვენ შეიძლება გვყავდეს ახლო გარემოცვა, რომელთაც აზრს ვკითხავთ, რომელთა კრიტიკულ მოსაზრებებსაც ვენდობით. ის, რომ საზოგადოების აზრს არ ვითვალისწინებ და ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრების, ოჯახის წევრებისგან აზრს არ ვკითხულობ. ეს ასეც უნდა იყოს. კომპეტენტური ადამიანებისგან ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა უნდა შეგვეძლოს, მათ შორის - მკაცრი კრიტიკის. მაგალითად, შეკითხვა სატელევიზიო მიმართულებით თუ გამიჩნდება, ვიცი, ვის უნდა მივმართო, ვის არ მოერიდება პირდაპირ მითხრას სიმართლე, რომელიც ზოგჯერ შეიძლება უხეშიც იყოს.

- წარსულიდან თუ გახსენდება შემთხვევა, "რას იტყვის ხალხის" გამო პრობლემა დაგემალოს?

- პრობლემებზე ყოველთვის ღიად ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, როცა ამას აკეთებ, პირველ რიგში, ეს ხალხისთვის ხდება. კონკრეტული მაგალითი გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება გამოცდილებად იქცეს. მსგავსი შემთხვევა მე გადამხდენოდეს, არ მახსენდება, მაგრამ გარშემო მყოფებისგან მსმენია. პრობლემის დამალვა განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ქალი ძალადობის მსხვერპლია ან მის თავს რაღაც უსიამოვნო ხდება. ამას ხშირად იმიტომ მალავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მსგავს ფაქტებზე, არცთუ ისე ადეკვატური რეაქციაა, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი დამნაშავის როლშიც კი გამოჰყავთ. ეს საკითხი ძალიან მაღელვებს, ამ პრობლემას ბევრჯერ შევჯახებივარ. კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პრობლემას მალავენ. ვერავის გავკიცხავ და ვერ ვეტყვი, ამდენი ხანი სად იყავი-მეთქი? პირიქით, მათი ძალიან კარგად მესმის და მიკვირს, თავის დროზე ადამიანს ეს შიში თუ გაუჩნდა, როგორ გადალახა. ჩვენს სოციუმში იმის აღიარება, რომ გარკვეული ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდი, გმირობის ტოლფასია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, რამდენად უარყოფითი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას საზოგადოების მხრიდან. იმედია, დროთა განმავლობაში, ეს მიდგომა შეიცვლება. სხვათა შორის, ამ საკითხს ვაკვირდები და რეზონანსული საქმეების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ტიპის პროგრესი შეიმჩნევა, ყინული დნება და ნელ-ნელა თავს მსხვერპლის დადანაშაულებასაც ვანებებთ.

- საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე რისი თქმა შეგიძლია?

- სტერეოტიპები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ეს უკვე ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რამდენად დავემორჩილებით და გავითვალისწინებთ ამ სტერეოტიპებს. სხვათა შორის, დრო სჭირდება იმის აღმოჩენას, რომ შენ რომელიმე გავრცელებული სტერეოტიპის ქვეშ ხარ. საკუთარ თავს შეკითხვა უნდა დაუსვა, ეს ის პროცესია, რომელიც თავადაც გავლილი მაქვს და მუდმივად გავდივარ? ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო რაღაც ისეთი საკითხი, რომელზეც შენი პირადი მოსაზრება უნდა ჩამოაყალიბო და არ მიიღო უკვე გამზადებული მზა პროდუქტი, რომელიც თავს მოგახვიეს. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ სტერეოტიპს კრიტიკული თვალით შევხედო...წაიკითხეთ სრულად