ავტორი:

ერთი როლი ტყუპი დისთვის: როგორ მოხვდნენ მართა და მარიამი "ნეტფლიქსის" გადასაღებ მოედანზე? - "ფილმში ორივე თანაბრად ჩანს, თუმცა მაყურებელი ამ განსხვავებას ვერ ხვდება"

ერთი როლი ტყუპი დისთვის: როგორ მოხვდნენ მართა და მარიამი "ნეტფლიქსის" გადასაღებ მოედანზე? - "ფილმში ორივე თანაბრად ჩანს, თუმცა მაყურებელი ამ განსხვავებას ვერ ხვდება"

ერთი ახალგაზრდა, წარმატებული ოჯახის შესახებ უნდა მოგითხროთ. ლიკა კურტანიძე და ბექა კოვზიაშვილი სამ შესანიშნავ გოგონას ზრდიან. თითოეულს პროფესიულადაც საინტერესო ცხოვრება აქვს. ლიკა ინფორმატიკის დოქტორია, სეუ - ს აფილირებული პროფესორი. ამბობს, რომ ამჟამად უნივერსიტეტში ახალ საბაკალავრო მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამას ხელმძღვანელობს. ბექა კი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის პედაგოგია, აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერებს ასწავლის.

2021 წელს მათ ცხოვრებაში მოულოდნელი რამ მოხდა - მათი ტყუპი გოგონა, მარიამ და მართა კოვზიაშვილები, "ნეტფლიქსის“ ფილმში "Extraction 2“ როლზე დაამტკიცეს. მშობლებს თავი სიზმარში ეგონათ. კარგა ხანს ვერ იჯერებდნენ იმას, რაც 2021 წლიდან მათ ცხოვრებაში ხდებოდა. რეალობას თვალი მხოლოდ მას შემდეგ გაუსწორეს, რაც ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა და ფილმი მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა. პრემიერაზე ნიუ-იორკსა და ბერლინში თავადაც იყვნენ.

9 წლის ტყუპ მარიამსა და მართას უმცროსი დაიკოც ჰყავთ, 4 წლის სესილი. გოგონები 53-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ, უკვე მეოთხეკლასელები არიან. კარგი მოსწავლეები ვართ და სწავლა არ გვეზარებაო, - ამბობენ. ბოლო დროს სიმღერაც შეუყვარდათ და "ანა-ბანას“ სტუდიაში დადიან. ცოტა ხნის წინ კონცერტიც ჰქონდათ.

თუ როგორ მოხვდა ტყუპი გოგონა "ნეტფლიქსის“ გადასაღებ მოედანზე, ამის შესახებ ბავშვების დედა, ლიკა კურტანიძე გვიამბობს:

- "ეკა კასტ სააგენტომ“ კასტინგი გამოაცხადა, 8 წლის ტყუპს ეძებდა. მეგობარმა სააგენტოს პოსტზე მომნიშნა. განცხადება რომ ვნახე, იუმორით შევხედე, გოგოები მსგავს რაღაცებში აქტიურები არ იყვნენ და არ მეგონა, თუ მსახიობობას მოინდომებდნენ. ამიტომ, არც მიფიქრია, მათი ფოტოები გამეგზავნა, არც იმით დავინტერესებულვარ, რისთვის ეძებდნენ ტყუპს და კონკრეტულად რა ფილმი იყო.

შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლები ჩემს "ფეისბუქ-გვერდზე" გადმოვიდნენ, კონკრეტულად თეკლა ჯავახაძე დამიკავშირდა, გოგოების ფოტოები რომ ნახა, მთხოვა, გამოაგზავნეთ, რადგან პერსონაჟი ამ გარეგნობას ძალიან შეესაბამებაო. უარი აღარ მითქვამს. პირველი ეტაპი რომ გადავლახეთ, მერე გვითხრეს, რა ფილმი და რა პროექტი იყო, მაგრამ ამასაც იუმორით მივუდექით... მიუხედავად ამისა, სააგენტოს მოთხოვნებს ავყევით და მოცემულ დავალებებსაც ვასრულებდით, ვერ დავიჯერე, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო. მერე პატარა სცენაც ჩავწერეთ და გავგზავნეთ. ესეც რომ გადავლახეთ, უკვე ონლაინ კასტინგი უშუალოდ რეჟისორთან დაგვინიშნეს. კასტინგს არ დავსწრებივარ, დახურული იყო. გოგონებმა გარკვეული დავალებები შეასრულეს და ამის შედეგად როლზე დაამტკიცეს.

- ერთი როლი ჰქონდათ ორივეს შესასრულებელი?

- კი, ასე იყო. 2 საათზე მეტი არ შეიძლებოდა, რომ არასრულწლოვანი გადაღებისას დატვირთულიყო. 2 საათის შემდეგ ერთი მეორეს ცვლიდა. გამოვიდა, რომ პერსონაჟი როლზე 4 საათს მუშაობდა. თავიდან ჩანაფიქრი იყო, რომ მთავარი სახე ერთი უნდა ყოფილიყო და მეორე დუბლიორი, მაგრამ, საბოლოო ჯამში ფილმში ორივე თანაბრად გამოჩნდა...

- როდესაც გადაწყდა, რომ მარიამი და მართა გადაღებებზე პრაღაში უნდა წასულიყვნენ, ამას როგორ შეხვდით?

- გაგვიხარდა და მთელი ოჯახი წავედით. იმის გამო, რომ 2 ბავშვი იყო, 2 მეურვე სჭირდებოდათ. ასე რომ, დედაც საჭირო იყო და მამაც. რადგან ორივე მშობელი მივდიოდით, პატარაც გვყავს და მას ვერსად დავტოვებდით, მით უფრო, რომ გადაღებები რამდენიმე თვეზე იყო გაწერილი. მოკლედ, პრაღაში ყველანი გავემგზავრეთ, რაზეც გადამღები ჯგუფი დაგვთანხმდა. ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს, რადგან საქმე ბავშვებს შეეხებოდა.

გოგოებმა ძალიან საინტერესო პერიოდი გაიარეს და შესაბამისად, მათთან ერთად ჩვენც. ყველგან დავყვებოდით, მაგრამ გადაღებებს ნაკლებად ვესწრებოდით, თავიანთი ტრენერები ჰყავდათ, რომლებსაც თვითონ მიჰყავდათ. უტარდებოდათ გარკვეული ტრენაჟი, ჰყავდათ პედაგოგები, რომლებიც გადაღებებამდე, თითოეული სცენისთვის წინასწარ ამზადებდნენ. რაც იყო მოსალოდნელი (ბრძოლა, სისხლიანი სცენები, შესაბამისი გრიმი) რომ არ შეშინებოდათ, წინასწარ იცოდნენ.

ბავშვებამდე დავალებები ისე მოჰქონდათ, რომ იმ ყველაფერს, როგორც თამაშს და გართობას ისე აღიქვამდნენ. ყველა წვრილმანი იყო გათვალისწინებული. 5 თვეზე ცოტა მეტ ხანს ვიყავით და შემოდგომით კიდევ 2 კვირა ჩავედით.

- იქ გატარებულ პერიოდს როგორ იხსენებთ?

- ვიდრე არ წავედით და არ დავდექით გადასაღებ მოედანზე, მანამდე არ გვჯეროდა, რომ ამ პროექტში ვიყავით. მერე რომ დავბრუნდით, იქ გატარებული დღეები სიზმარივით იყო. საოცარი პერიოდი გავატარეთ, მაგრამ ვიდრე ფილმი არ გამოვიდა, ბოლომდე კიდევ ვერ დავიჯერეთ. თან პანდემიის პერიოდი და უმძიმესი სიტუაცია იყო, უსაფრთხოების გამო ყოველ მეორე დღეს ტყუპს ტესტირებას უტარებდნენ.

კვირაში რამდენჯერმე პისიარ ტესტის გაკეთება მარტივი არ იყო, მაგრამ გოგონებმა ნებისმიერ სირთულეს საკმაოდ ყოჩაღად გაუძლეს.

- პრაღაში ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

- გადაღებები ხან ყოველ დღე იყო, ხან კვირაში ერთხელ ან ორჯერ... ძალიან მოგვეწონა პრაღა და შეგვიყვარდა. წყნარი, მშვიდი ქალაქია, მთელი თავისი ისტორიული უბნებით, ქუჩებით, შენობებით, ამასთანავე, ხალხით. ყველა ძალიან კეთილგანწყობილი იყო.

- პრემიერაზე ბერლინსა და ნიუ-იორკში იყავით, თუმცა მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი მადრიდშიც დაესწრო პრემიერას...

- პრემიერაზე დასწრებაც იმის მიხედვით მოხდა, ვის როგორ და სად შეეძლო ჩასვლა. ჩვენ ორგან ჩავედით. ფილმის ნახვის შემდეგ, ვერ აღვწერ, როგორი ემოცია მქონდა - სიამაყის, ბედნიერების, ცოტა სინანულის, რომ ის ყველაფერი დამთავრდა... ყველანი ამაყები ვართ... არ მეგონა, რომ ჩემი შვილები ამ მიმართულებით ასე იაქტიურებდნენ და ასეთ შედეგს დადებდნენ, მათ არ ჰქონდათ აქამდე ამის არანაირი გამოცდილება. ეს გოგონების პირველი ცდა იყო.

- ისინი ხომ მღერიან და სცენაზე უწევთ გამოსვლა?

- ეს გამოცდილება მაშინ არ ჰქონდათ, წელს დაიწყეს სიმღერა. ესეც საკმაოდ მარტივად, ყოველგვარი აღელვების გარეშე შეძლეს, ავიდნენ სცენაზე და პირველივე ჯერზე მშვენივრად გაართვეს თავი. ერთი სული აქვთ, როდის იქნება შემდეგი კონცერტი.

- ფილმში ორივე ჩანს?

- კი, თანაბრად. ახლო კადრებითაც თანაბრად ჩანან, ანუ ორივეა, თუმცა მაყურებელი ამ განსხვავებას ვერ ხვდება. გოგონებს ასევე ჰყავდა დუბლიორი ჩეხი გოგონა და თოჯინაც. თუმცა ისინი ნაკლებად გამოიყენეს. თოჯინას ისეთი სცენებისთვის მიმართავდნენ, რომელსაც ბავშვები ვერ შეასრულებდნენ. საოცარი რეჟისორი მუშაობდა. გადამღები ჯგუფი აღფრთოვანებული იყო ქართველი მსახიობებით. სულ იმას ამბობდნენ, არ გვეგონა, ერთ ქვეყანაში თუ ამდენი ნიჭიერი მსახიობი იქნებოდაო. მეგობრულები და კეთილგანწყობილები იყვნენ. დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, თუმცა რატომ ვერ მოხერხდა, ეს დეტალები არ ვიცი.

- აქ უნდოდათ გადაღება?

- ჩემი სუბიექტური აზრია - რომ გვქონოდა ძველი კინოსტუდიის პავილიონები შენარჩუნებული, ჩემი აზრით, ეს გადაღება აქ ჩატარდებოდა. პრაღაში ძველ პავილიონებში გადაიღეს, რაც წლების წინ იყო აშენებული და დღემდე ინარჩუნებენ იმ ყველაფერს. ისეთივე სივრცეები ჩვენც უნდა შეგვენარჩუნებინა. ჩეხეთი სარფიანად იყენებს იმ ყველაფერს. ბევრი ჩეხი იყო კინოს გადაღების პროცესში დასაქმებული და ქვეყანამ დიდი სარგებელი ნახა. შემოდგომით რომ ვიყავით, ვნახეთ, რომ "ნეტფლიქსი“ იქ კიდევ 4 ფილმს იღებდა. ეს ყველაფერი რომ გვქონოდა, ეს ქვეყნისთვის სასარგებლოც იქნებოდა და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯიც.

ფილმს 100-მდე ტექნიკური პერსონალი ემსახურებოდა, ტყუპს, წარმოიდგინეთ, ძიძაც ჰყავდა გადასაღებ მოედანზე, გამრთობი ადამიანიც... ეკა მჟავანაძის და მისი სააგენტოს მადლიერები ვართ, ამ სიკეთეს ვერ გადავიხდით. მადლობა ასევე თეკლა ჯავახაძეს. ჩვენ კი არა, "ეკა კასტმა“ საკმაოდ ბევრი მსახიობი გააგზავნა გადაღებაზე. ჩემი მეუღლეც იყო ეპიზოდურ როლში გადაღებული, მაგრამ რაღაც სცენები მერე ამოიღეს. როლზე კი სიმღერით მოხვდა.

ნიუ-იორკში პრემიერაზე უცნაურ სიტუაციაში ვიყავით, პირველად აღმოვჩნდით ამდენი ვარსკვლავის, ჟურნალისტის, კრიტიკოსის გარემოცვაში. საინტერესო იყო მთელი თავისი პროცესით. რეჟისორიც იყო და სცენარისტი ძმები რუსოები. ასევე მთავარი როლის შემსრულებელი კრის ჰემსვორთი.

მადლობა ასევე ჩვენს სამსახურებს, საბედნიეროდ, ხელი შეგვიწყვეს, რომ ჩამოვედით, მეც და ჩემი მეუღლეც ჩვენს სამსახურებში დავბრუნდით... მოკლედ, ასეთი საინტერესო პერიოდები გამოვიარეთ.

იხილეთ ასევე: