ავტორი:

ტორნადო სამცხე-ჯავახეთში: "გარშემო რაც იყო, ყველაფერი წაიღო... დღემდე მსგავსი არაფერი გვინახავს" - რას ამბობენ ადგილობრივები? (ვიდეო)

ტორნადო სამცხე-ჯავახეთში: "გარშემო რაც იყო, ყველაფერი წაიღო... დღემდე მსგავსი არაფერი გვინახავს" - რას ამბობენ ადგილობრივები? (ვიდეო)

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტორნადო დაფიქსირდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ადგილობრივი გამოცემა jnews.ge წერს, რომ ტორნადომ სოფელს დიდი ზიანი მიაყენა.

მათი ცნობით, 4 ივნისს ვაჩიანში ძლიერ სეტყვას ქარი მოჰყვა, რომელიც ტორნადოში გადაიზარდა და სოფელში ბევრ სახლს სახურავი გადახადა.

"გარშემოში რაც იყო, ყველაფერი წაიღო. დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. უფრო უარესი იყო, როცა სეტყვა დაიწყო. ხალხის რემონტი წვიმამ და სეტყვამ გააფუჭა. მოსავალზე კი აღარაფერს ვამბობთ. სეტყვამ კიდევ უფრო დიდხანს გასტანა" - ამბობს ადგილობრივი სამველ პალოიანი jnews.ge-სთან საუბრისას.

ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, დაახლოებით 20 სახლია დაზიანებული. როგორც მან აღნიშნა, მერია ყველას შესაბამის დახმარებას გაუწევს და ზარალს აუნაზღაურებს.

"ქარი კი არა, ტორნადო იყო, როგორც ფილმებში. დღემდე მსგავსი არაფერი გვინახავს. ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს, მაგრამ სოფელში სახლების სახურავები ჩამოინგრა. 20-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ახალქალაქის მერიას დავუკავშირდით, ზარალის შესაფასებლად უნდა მოვიდნენ. უკვე მოდიან" – თქვა სოფელ ვაჩიანის მერის წარმომადგენელმა ფედორ ტოროსიანმა jnews.ge-სთან საუბრისას.