ავტორი:

"ლამარიას ეზოში ავიდგი ფეხი..." - მარიამ ხაჭვანი უშგულის სიყვარულზე, არჩევანსა და სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე

"ლამარიას ეზოში ავიდგი ფეხი..." - მარიამ ხაჭვანი უშგულის სიყვარულზე, არჩევანსა და სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე

მესტია 20-27 ივლისს სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მესამე გამოშვებას უმასპინძლებს. ფესტივალი 2021 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვან კულტურული მოვლენად იქცა. მისი დამფუძნებელები არიან: რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი.

გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ფესტივალი ყოველწლიურად განვითარდეს და მასზე მოთხოვნა გაიზარდოს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. კინოფორუმის მთავარი მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, ამიტომაც ფესტივალი ფოკუსირებულია ინდუსტრიული მიმართულების გაძლიერებაზე.

ambebi.ge ფესტივალის დამფუძნებლის, კინორეჟისორ მარიამ ხაჭვანის ინტერვიუს გთავაზობთ.

- როგორია თქვენი წინასაფესტივალო განწყობა?

- განწყობაზე ჯერჯერობით ვერ ვფიქრობ, რადგან იმდენი საქმე მაქვს, იმხელა პასუხისმგებლობა მაკისრია, იმდენ სტუმარს ველოდებით და იმდენი აქტივობაა დაგეგმილი, რომ ახლა მხოლოდ ამაზე ვარ ფოკუსირებული... გაფაციცებული ვარ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად მოგვარდეს და რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. საკითხები რომ დალაგდება, ალბათ შესაბამისი განწყობაც მერე მოვა. საერთოდ, მოსამზადებელი პერიოდი ნებისმიერ საქმეში, თუნდაც ფილმის გადაღებისას, უფრო რთულია, ვიდრე, თავად ის საქმე...

გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი საპასუხისმგებლოა, გინდა, რომ ეს ნამუშევარი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, რომ ქართველებისთვისაც საინტერესო და გამოსადეგი იყოს და უცხოელი კინემატოგრაფებისთვისაც. მოკლედ, სხვადასხვა ნიუანსი და დეტალია. ბევრი მუშაობა სჭირდება, საქმის დიდ ნაწილს პირადად ვუძღვები...

- მარიამ, ზოგადად, რა ფინანსური, ადამიანური თუ ტექნიკურ რესურსით გადადგით ნაბიჯი - ჩაგეტარებინათ სვანეთში კინოფესტივალი?

- ეს უცებ გადაწყვეტილი ამბავი არ იყო. 2015 წელს ერთ-ერთ საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავი, სადაც ეს იდეა დაიბადა. ვიფიქრე, - რატომ არ უნდა იყოს სვანეთში ფესტივალი-მეთქი?.. ვიდრე ამ ფესტივალს დავაფუძნებდით, მანამ ჩემს მეუღლესთან ერთად, ბევრი ვიშრომე. უზომოდ ბევრ კომპანიასთან მივედი, 6 წელი დაფინანსების მოპოვებას ვცდილობდი და გარკვეული ჯგუფების დაინტერესებას... თავიდან ჩვენთვის ნათქვამმა არაერთმა უარმა უფრო გაგვაძლიერა... ხელი არ ჩამიქნევია, რადგან როგორც რეჟისორს, ფესტივალებზე დასწრების დიდი და კარგი გამოცდილება მაქვს. 100-ზე მეტ ფესტივალზე ვარ დასწრებული. A კლასის ყველაზე მაღალი პლატფორმების ფესტივალში სხვადასხვა ფორმით (ფილმი, ჟიურის წევრი) ვყოფილვარ ჩართული. პირადი გამოცდილება ამ მიმართულებით დიდი მქონდა, რის მერეც სვანეთში კინოფესტივალის ჩატარების იდეა თავისთავად მოვიდა.

- და ეს ყველაფერი დღეს უკვე რეალობაა...

- კი და გვაქვს რამდენიმე მიმართულებით პრიზები, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს. არის ფინანსური მხარდაჭერა, ვეხმარებით პროექტების განვითარებაში, გვყავს მენტორები, არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი ნამუშევრები, ქართული კინო A კლასის ფესტივალებზე წაიღონ. ასე რომ, ყველა პლატფორმა ქართველი კინემატოგრაფისტების საჭიროებაზეა მორგებული. ამასთანავე, უცხოელი სპეციალისტები რომ ჩამოდიან, გვინდა, მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, სხვასაც გაუზიარონ ფესტივალთან დაკავშირებით შთაბეჭდილებები. გვაქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ასევე სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმები და ნელ-ნელა უნდა დავამკვიდროთ, რომ დიდ ეკრანზე ფილმის ყურება კარგია. მესტიის ცენტრში იქნება ჩვენება, სადაც ყველას შეეძლება დასწრება. იქ იქნება ფესტივალის სპეციალური სტუმარი, მსახიობი მერაბ ნინიძე და მასთან გასაუბრება შეეძლებათ. მრავალმხრივ ვცდილობთ, ყველაფერი განვავითაროთ, რომ საინტერესო იყოს როგორც ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის, ასევ ხალხისთვის.

ამასთანავე, ყოველ წელს ვიბრძვით მხარდაჭერისთვის, ყოველ წელს ვცდილობთ, ადამიანებს დავუმტკიცოთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ყოველ წელს გავდივართ იმ გზას, რაც ფესტივალის დაარსებამდე გავიარეთ. მუდმივად ამ რეჟიმში ვართ, თუმცა რამდენიმე წელიწადში აღარ დაგვჭირდება ეს ბრძოლა, რადგან ფესტივალის მიმართ ყოველ წელს ინტერესი მატულობს.

- სვანეთის მოსახლეობამ როგორ მიიღო ფესტივალი?

- "დედეს“ გადაღების დროს აღმოვაჩინე, რომ ადგილობრივები ძალიან გახსნილები არიან, ძალიან უყვართ ხელოვნება. ეს კი ფილმებზე მუშაობას მიმარტივებდა. საერთოდაც სვანეთში ძალიან ბევრი ხელოვანია - მღერიან, ხატავენ, წერენ...

როდესაც ფილმის გადაღება გადავწყვიტე, მინდოდა, ტრადიციებზე გადამეღო, რომელთაგან რაღაცები არ მომწონდა და მანკიერად მიმაჩნდა. თუმცა ვეცადე, ფილმში გამეთვალისწინებინა და დამენახა ამ ტრადიციების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რადგანაც ესა თუ ის ტრადიცია იმისთვის გამოიგონეს, რომ იმ მომენტში რაღაცისთვის, თუნდაც გადარჩენისთვის იყო საჭირო... ვცდილობდი, ამ ყველაფრის ახსნას - ობიექტურად მივუდექი. გადარჩენისთვის ბრძოლამ მოიტანა სწორედ ის გარემო და ისეთი ადამიანებიც, სხვანაირად ვერ იქნებოდა. სინამდვილე ავსახე. სვანების 99%-ს ფილმი მოეწონა, რადგანაც ყველაფერი ნამდვილი იყო და არა შელამაზებული.

- და ამ ფილმმა 2018 წელს "აზიური ოსკარი“ დაიმსახურა... ასევე ცნობილია, რომ მესტიაში კინოდარბაზი გახსენით და შემდეგ უკვე - უშგულშიც... ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია.

- უშგულში ჩემმა ძმამ გააკეთა დარბაზი. ადრე მესტიაში შევქმენით ჩვენი პატარა კინოთეატრიც, სადაც კინოჩვენებები ეწყობა, თუმცა მესტიაში ეს ერთადერთი კინოთეატრი არ არის - არსებობს მსახიობ ლეო ფილფანის სახელობის ძალიან კარგი კინოთეატრი, თანამედროვე სივრცით, სადაც ადგილობრივი მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლები იმართება.

- ჩემთვის უშგული არის ზღაპარი რეალობაში. თქვენ კი ამ ზღაპარში დაიბადეთ... როგორია თქვენი ემოციები?

- ახლა ჩემს ბებიაზე, ლუბა ჭელიძეზე ვაკეთებ ფილმს. უშგულის სხვადასხვა ტრადიციაა ამ ფილმში გამოტანილი, რაც კიდევ სხვანაირად შევაფასე. როდესაც ვუყურებ ამ მთებს, კოშკებს, ამ სილამაზეს, შინ ვერ ვჩერდები... ჩემი სახლისა და ლამარიას ტაძრის ჭიშკარები გვერდი-გვერდაა. ჩანაწერებშიც მქონდა, რომ ლამარიას ეზოში ავიდგი ფეხი... როდესაც გაიღვიძებ და ამ ყველაფერს უყურებ, თუნდაც შხარას, სულ სხვა შეგრძნება მაქვს... სულ მეგონა, რომ უშგული ჩემთვის სამოთხეა, მაგრამ წელს აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანებია. დიახ, ბოლო დროს სამწუხაროდ, ბევრი წავიდა, გარდაიცვალა, მათ შორის, კოლორიტები: მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, ბებიაჩემი, სხვებიც, ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემთვის უშგული არის ხალხი.

- საერთოდ, რა პერიოდში გაგიჩნდათ სწრაფვა იმ ჯადოსნური სამყაროსკენ, რასაც კინო ჰქვია?

- სკოლა რომ დავამთავრე, მინდოდა, სამართალმცოდნეობაზე ჩამებარებინა, მე და ჩემი ძმა სამართალში ერთად ვემზადებოდით. ბავშვობაში რაღაცებს ვხატავდი, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ხელოვნების მიმართულებით წავსულიყავი, ვთქვათ, რეჟისორი გამოვსულიყავი.

ვიდრე გამოცდებზე გავიდოდი, აკაკი გელოვანის "სვანეთის თეთრ ქუდს“ ვკითხულობდი. ამან სვანეთთან კიდევ ერთხელ დამაახლოვა და კითხვა როგორც კი დავასრულე, უეცრად გადავწყვიტე, რომ ეს ნამუშევარი ფილმად მექცია. მახსოვს, მამაჩემს ვუთხარი, - მინდა, რეჟისორი გამოვიდე-მეთქი. მამას ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ კინო ძალიან უყვარს. ამიტომ ძალიან გაუხარდა. ნათესაობაშიც სულ ხელოვანი ხალხი ჰყავს და ჩემგან ეს რომ მოისმინა, ძალიან ბედნიერი იყო.

თვითონ კინომოყვარული არ ვიყავი და არც რომელიმე რეჟისორის მიმდევარი. ამ პროფესიასთან არანაირი ბმა არ მქონდა. თეატრალურ უნივერსიტეტშიც არ ვიცოდი, როგორ მივსულიყავი. დეიდად მეკუთვნის ეთერ ჭელიძე, რომელმაც მითხრა, "თეატრალურში“ გოგი დოლიძეს ვიცნობ და შემიძლია, ვკითხო, როგორ და რა არის საჭირო მანდ მოსახვედრადო. ქალბატონმა ეთერმა "თეატრალურში“ წამიყვანა. გოგი დოლიძემ რაღაც დამახატვინა თუ დამაწერინა, მამოწმებდნენ, მქონდა თუ არა ხელოვნებისკენ მიდრეკილება. საბოლოოდ იმ წელს გამოცდებით ჩავირიცხე. თავიდან მორიდებული ვიყავი, ჩემთვის ვიყავი, არ ვაქტიურობდი, სხვები შეკითხვებს რომ სვამდნენ, მე ხმას არ ვიღებდი.

ვიდრე ჩავაბარებდით, პროფესორ-მასწავლებლები გვამზადებდნენ. გაკვირდებოდნენ, რის მიხედვითაც თავიანთ ჯგუფებს არჩევდნენ. ბატონი ვაჟა ზუბაშვილის ჯგუფში მოვხდი, მერე მიხო ბორაშვილთან გადამიყვანეს, ამაზე ცოტა ვინერვიულე, რადგან ბატონ ვაჟას შევეჩვიე. ბედნიერი ვარ, რომ მიხო ბორაშვილთან მოხვდი, მან ჩემში იპოვა მთავარი მარცვალი, დამეხმარა, გააღვიძა უნარები, მონაცემები, მეც ბევრს ვშრომობდი. შეიძლება ნიჭიერი, ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დღე და ღამე ვშრომობდი.

- მოკლედ, ასე სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხართ...

- რა თქმა უნდა. მიხარია, რასაც ვაკეთებ და ამით ბედნიერი ვარ... ახლა პარალელურ რეჟიმში აქტიურად ვმუშაობ დოკუმენტურ ფილმზე, ეს ფილმიც სვანეთს შეეხება. საინტერესო სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი გამოდის. ბებიაჩემის ცხოვრებაზეა, ამ პროექტზე დიდ იმედებს ვამყარებ და ვნახოთ...