ავტორი:

"გასულ წელს ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის პროცესებში ჩარევის მცდელობები" - სუს-ი

"გასულ წელს ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის პროცესებში ჩარევის მცდელობები" - სუს-ი

2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი - 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები, - ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.

  • ამასთან, უწყების ინფორმაციით, გასულ წელს არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. კერძოდ, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები.

სუს-ის შეფასებით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.

„კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმთან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.

გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.