ავტორი:

"პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია - თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს" - ბარამიძე

"პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია - თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს" - ბარამიძე

ამ ადამიანს არანაირი კანონი არ დაურღვევია - შეძლება უცნაურობა იყოს, მაგრამ უცნაურობის გამო გამოხტეს იუსტიციის მინისტრი და სკანდალი ატეხოს, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ქაღალდში გადაახვია და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“.

ბარამიძის თქმით, ოფიციალურად დადგენილი არაა, თუ რა ფურცელი გამოიტანა ექიმმა და იყო თუ არა ნამდვილად სააკაშვილისგან აღებული ნიმუში.

„გაუგებარია ის ისტერიკა, რაც ატეხა ამ სამარცხვინო ადამიანმა, იუსტიციის მინისტრმა. ადამიანს რაღაც ფურცელი ედო წინდაში. ეს რა კანონდარღვევაა, როდესაც მათ უპრობლემოდ შეეძლოთ გაეტანათ ნებისმიერი რამ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული? გამოვიდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანის რაღაც ჩადებული წინდაში, სამარცხვინოა. პროვოკაციაზე საუბრობს. რა არის აქ პროვოკაციული - რა კანონი დაარღვია ამ ადამიანმა და რა პროვოკაცია ჩაიდინა, ვისი პროვოცირების გამო გააკეთა? თვითონ ამბობენ, რაღაცის ნიმუშიაო - იქნებ არ არის? ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა, ვინმემ გამოიკვლია, რა ქაღალდი ედო და რისთვის? იქნებ, მისი პირადი ნივთია, იქნებ სხვა საკითხია, ვინმემ ეს გამოიძია? რომ გამოვარდები იუსტიციის მინისტრი და წინასწარ დასკვნებს აკეთებ, საზოგადოებას ელაპარაკები სისულელეს... ამ ადამიანს კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, რატომ დასჭირდა, თავად მას ჰკითხონ და უპასუხებს“,- განაცხადა ბარამიძემ.

რა პროვოკაციაზე საუბრობენ და სკანდალს ტეხენ. ჩვენს მეგობრებთან მიმართებით სჯობს იმაზე ილაპარაკონ, თვეების განმავლობაში პოლონელ, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებს რომ ეუბნებოდნენ, საქართველოში დროებითი სამუშაოს ნებართვა აეღოთ, გეგონება არაკვალიფიციური ადამიანები იყვნენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, თუ ექიმმა სააკაშვილთან დაკავშირებული რამ სამედიცინო დაწესებულებიდან ჩუმად გამოიტანა, ნიშნავს იმას, რომ მას „ხელისუფლების ნდობა არ აქვს“.

„მათ რაც უნდოდათ, გააკეთეს პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით - ნიმუშებიც აიღეს და როგორი ფორმითაც სურდათ, იმ ფორმით გამოიტანეს. თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ხელისუფლების ნდობა არ აქვს და რაღაცის ფარულად გამოტანა გადაწყვიტა. იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იმართება რუსი ოლიგარქის მიერ, ეს არის პუტინის რეჟიმის გაგრძელება და ე.ი. მის მიმართ ნდობა არ აქვთ - ეს არის დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოიტანო, თუ ვინმემ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული რაღაც ჩუმად გამოიტანა, როდესაც შეეძლოთ ოფიციალურად, ნებართვით გამოეტანათ“,- განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებისადმი ევროპარლამენტის მოწოდებას, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას, ბარამიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას „სააკაშვილის უკანონო პატიმრობისა და წამების შეწყვეტისკენ“ სწორედ ის ქვეყნები მოუწოდებენ, რომელთან გაერთიანებისკენაც საქართველო ისწრაფვის.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესები პირად შურისძიებას არ უნდა გადააყოლოს.

„თუ ვინმე ჰყავს ნამდვილი მეგობარი ჩვენს ერს და სახელმწიფოს, ეს არის უკრაინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელსაც ევროპელი დეპუტატები წარმოადენენ. ჩვენ თუ მივისწრაფვით ამ ქვეყნებთან გაერთიანებისკენ, სწორედ ისინი გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც ადამიანი, არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს, მითუმეტეს, ის არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი რომელმაც ომი გამოიარა რუსეთთან და დღემდე არის უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი. მას სჭირდება დახმარება, იგი სჭირდება უკრაინას და ანტიპუტინისტურ კოალიციას. ჩვენი მეგობრები მოუწოდებენ ამ რეჟიმს, რომ შეწყვიტოს პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და შეწყვიტოს მისი წამება, მოხდეს უცხოეთში მისი გადაყვანა. თუ ამ რეჟიმმა მეგობრის ფასი იცის და საქართველოს ინტერესები ოდნავ მაინც აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ, პირად შურისძიებას და კრემლის მითითებებს არ უნდა გადააყოლოს საქართველოს ეროვნული ინტერესები, თუ რაიმე საღი აზრი შერჩენიათ. ბოლომდე არ უნდა ჩაჰყვნენ წაგებისთვის განწირულ რუსულ იმპერიას“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას".