ავტორი:

მესის ამერიკული ცხოვრება იწყება - კლუბში, რომლის თანამფლობელიც დევიდ ბექჰემია: "ლეო, ძალიან ვამაყობთ!.."

მესის ამერიკული ცხოვრება იწყება - კლუბში, რომლის თანამფლობელიც დევიდ ბექჰემია: "ლეო, ძალიან ვამაყობთ!.."

"ინტერ მაიამის" DRV PNK სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს ამერიკული კლუბის ახალი წევრი, ლიონელ მესი წარუდგინეს. 20 000-მდე გულშემატკივარი წვიმასა და ჭექა-ქუხილში მოუთმენლად ელოდა "ოქროს ბურთის" შვიდგზის გამარჯვებულის გამოჩენას. არგენტინელი ფორვარდი კლუბში 2025 წლის ბოლომდე ითამაშებს. მას "ბარსელონას" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეცი შეუერთდება. მანაც, მესის მსგავსად, ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

მესი მოედანზე წარადგინეს, როგორც "ამერიკის 10 ნომერი და მსოფლიოს საუკეთესო 10 ნომერი". აშშ-ში ჩასულ ფეხბურთელს სუპერ-ბოულის შვიდგზის გამარჯვებული ტომ ბრედი და NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი სტივენ კარი ვიდეო მიმართვით შეეგებნენ.

36 წლის ფეხბურთელმა შეკრებილ ხალხს ესპანურ ენაზე მიმართა:

"ძალიან მინდა ვარჯიშის და ასპარეზობის დაწყება. კვლავ ის სურვილი მამოძრავებს, რაც ყოველთვის - კონკურენცია, გამარჯვების წყურვილი და კლუბის განვითარებაში დახმარება", - თქვა მესიმ.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად სწორედ ამ ქალაქში გადავწყვიტე სათამაშოდ ჩამოსვლა. ეჭვიც არ მეპარება, რომ სასიამოვნო პერიოდი გველის წინ. კარგ დროს გავატარებთ და ბევრი კარგი რამ მოხდება", - დასძინა ფეხბურთელმა.

დევიდ ბექჰემმა რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესის პორტრეტის დახატვაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.

"ინტერ მაიამის" თანამფლობელი, დევიდ ბექჰემი სიხარულით მიესალმა მესის და ამას "ახდენილი ოცნება" უწოდა:

"ლეო, ძალიან ვამაყობთ, რომ შენი კარიერის მომდევნო ეტაპისთვის ჩვენი კლუბი აირჩიე", - მიმართა დევიდმა.

მესიმ არაევროპულ კლუბში თამაშის გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში პირველად მიიღო. ფეხბურთელმა საფრანგეთის "პარი სენ-ჟერმენი" 2022-23 წლების სეზონის ბოლოს დატოვა. მან ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა