ავტორი:

"მირჩევდნენ, რომ აბორტი გამეკეთებინა, რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული... ფინანსური კუთხით პრობლემები მქონდა, სახლში ფეხით ვბრუნდებოდი, ფული რომ დამეზოგა" - თამუნა მუსერიძე რთულ პერიოდზე

"მირჩევდნენ, რომ აბორტი გამეკეთებინა, რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული... ფინანსური კუთხით პრობლემები მქონდა, სახლში ფეხით ვბრუნდებოდი, ფული რომ დამეზოგა" - თამუნა მუსერიძე რთულ პერიოდზე

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე გიორგი ღოღობერიძის რუბრიკაში „როგორ გადავრჩი“, ამბობს, რომ იმის გამო, რომ ქმარს იყო გაშორებული, ორსულობის ორ თვეზე აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ. თამუნა მუსერიძეს და მუსიკოს გუფის საერთო შვილი, სანდრო ჰყავთ. მესამე ქორწინებიდან თამუნას სანდრო მიკუჩაძესთან ორი შვილი ჰყავს. სამი შვილის დედამ მარტოხელა დედობის პრობლემებზე ისაუბრა, როდესაც ერთი შვილით სრულიად მარტო დარჩა.

თამუნა მუსერიძე:

- მირჩევდნენ, რომ აბორტი გამეკეთებინა, რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული. ისე უცებ მოგვარდება ეს პრობლემა, რომ არავინ გაიგებს, შენ ორსულად ხარ და ზედმეტი ტვირთი აღარ გექნება სატარებელიო. აქედან რამდენიმე თვეში მეუღლეს შევურიგდი, მაგრამ ბავშვი რომ გავაჩინე, უკვე დაშორებულები ვიყავით. არ მინდა ჩემი თავი ვაქო, ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივი ნაბიჯია, მე იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამ ნაბიჯს დგამს, ვგულისხმობ ბავშვის მოშორებას, თუმცა ბავშვი გააჩინო მეუღლის გარეშე, ეს დიდი გმირობა არ არის.

კი, რთული იყო, ბევრი სირთულეები მქონდა ფინანსური კუთხით, აღარ ვმუშაობდი. რადიოში დავიწყე მუშაობა, ახალი ორსული რომ ვიყავი და მეშვიდე თვეში ვიყავი, გამომიშვეს, რომ დეკრეტის თანხა არ გადაეხადათ. ამაზე მაშინ ხმამაღლა არ მისაუბრია, არც ახლა დავასახელებ, მაგრამ შემდეგ ისევ უკან დამაბრუნეს და ხელფასი მქონდა 150 ლარი. მძღოლი გვაკითხავდა სახლში და იმას მივყავდით სამსახურში და იქიდან ფეხით ვბრუნდებოდი, რომ გზის ფული დამეზოგა. ჩემი შვილი ბუნებრივ კვებაზე იყო და თავისი ცხოვრების პირველი ერთი წელი გაატარა რადიოში.

თან ვაჭმევდი ბავშვს და თან ეთერში გავდიოდი. ბავშვს სკამზე ეძინა, იმიტომ რომ არ მყავდა დამხმარე. დედა ცოცხალი იყო, მაგრამ როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, მერჩია მეტარებინა თან და ისე მიმეხედა.