ავტორი:

"ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს პოლიტიკაში ყოფნის დროს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით" - ჯაჭვლიანის მეუღლე ხალხის თანადგომასა და მსახიობის მდგომარეობაზე

"ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს პოლიტიკაში ყოფნის დროს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით" - ჯაჭვლიანის მეუღლე ხალხის თანადგომასა და მსახიობის მდგომარეობაზე

მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, რამდენიმე კვირაა თურქეთში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. Ambebi.ge ბატონ სოსოს მეუღლეს, ირმა ჯაჭვლიანს თურქეთში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. როგორია ბატონი სოსოს ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორ დაეხმარა საზოგადოება, მეგობრები და ოპონენტებიც კი ფინანსურად, მსახიობის მეუღლეს ძალიან გაუჭირდა ამ მძიმე თემებზე ემოციის გარეშე ესაუბრა...

- ქალბატონო ირმა, როგორია ახლა ბატონი სოსოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ მიდის მკურნალობის პროცესი?

- მკურნალობის პროცესში ვართ. რა დაავადებასაც ებრძვის სოსო, კი იცის საზოგადოებამ, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ვიტყვი, უკეთესობის იმედი გვაქვს.

- თურქეთში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ, გარკვეული პერიოდი თბილისში, სახლში იყო ბატონო სოსო...

- ბევრი კარგი კლინიკაა, ავსტრიაშიც, გერმანიაშიც, მაგრამ ეს ყველაფერი იაფი არ ჯდება. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ დაავადებას ვებრძვით და ყველაფერი ხარჯებია, ავადმყოფს ბევრი რამე სჭირდება. ოჯახს აღარ გვქონდა რესურსი, რომ საზღვარგარეთ გაგვეყვანა.

- ახლა ვინ გეხმარებათ ფინანსურად?

- სოსო გვერდში დაუდგნენ მეგობრები, ძალიან მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ასეთ დროს დაბნეული ხარ, ვის მიმართო არ იცი. ვერც მიმართავ ვერავის, ყველას თავისი პრობლემა და ოჯახი აქვს, ასეთი იოლი არ არის, ვინმეს დახმარება სთხოვო. მე სოსოს მეგობრების, ახლობლების, ნათესავების, ძალიან მადლობელი ვარ ყველასი. ბოლო დროს ტიკ ტოკზე გავრცელდა პატარა ვიდეო, დავით გიორგობიანია ის პიროვნება, რომელმაც ჩაწერა ვიდეო და სოსოს ანგარიშის ნომერი მიუთითა, ხალხს სთხოვა, თითო ლარით დაეხმარეთო. ორი დღე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ მეტირებოდა, ერთ ლარსაც კი როგორი დატვირთვა აქვს საქართველოში ხომ ხვდებით, არ იშოვება ასე იოლად ფული. არ არის მარტივი, რომ ვიღაცამ ფული გადმოგირიცხოს. იმხელა დახმარება აღმოგვიჩინა ხალხმა, შეიძლება ეს დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ მარტო ამაზე ხომ არ არის, მორალური მხარში დგომა უფრო ფასეული აღმოჩნდა ჩვენთვის. არ ვიცი, საიდან არ გვირეკავენ, ავსტრიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ძალიან დიდ სიყვარულს იჩენენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნებისმიერ თანხაზე მნიშვნელოვანი. ყველას მადლობა, სამეგობროზე უკვე სიტყვები აღარ მყოფნის. არ მინდა ჩამონათვალი გავაკეთო, შეიძლება ვიღაც გამომრჩეს და არ იქნება ეს სწორი.

- ბატონ სოსოს არაერთი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და სახელმწიფო რამდენად გიდგათ მხარში?

- ყველა გვიდგას გვერდით, ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ ჩვენი გასაჭირი გულთან არ მიიტანა. გუშინ ვსაუბრობდით მე და სოსო ამაზე, რომ ისეთმა ხალხმა ჩაურიცხა ანგარიშზე თანხა, რომლებთანაც პოლიტიკაში ყოფნის დროს ჰქონდა დაპირისპირება, საკმაოდ მწვავე დაპირისპირება. არ მინდა, პარტიებად გამოვყო, მაგრამ რომ ვნახეთ ანგარიშზე მოსული ამ პიროვნებებისგან ჩარიცხული თანხა, შვილიშვილს გეფიცებით, მე და სოსო ორივე ვტიროდით. წარმოიდგინეთ, რამხელა კაცობაა, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, თორემ ვინ აძალებდათ, ჩარიცხავდა თუ არა, ვინ გაიგებდა. გეფიცებით ჩემს შვილებს და შვილიშვილებს, ცრემლებამდე შემძრა ამ ამბავმა.

მეგობრებმა, რომლებიც მისი თანამოაზრეები და გვერდში მდგომები იყვნენ, მათი გაღებული თანხა, ესეც ძალიან დასაფასებელია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, „შენი დაპირისპირებული“ მხარიდან რომ ადამიანი გაგიწვდის ხელს, ეს ძალიან მაგარი ამბავია. სოსო მეუბნებოდა გუშინ, მარტო ამიტომ ღირდა, რომ დავინახე, რომ რაღაც არისო...

- თუ მოგვცემთ უფლებას, რომ ანგარიშის ნომერი ჩვენც გამოვაქვეყნოთ?

- არ მინდა მეტისმეტი, იმ ადამიანმა რომ ტიკ ტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა. ვიღაცისგან გაიგო ეს ამბავი და არავისთვის არ გვითხოვია. შეგნებულად რომ დავდო ანგარიშის ნომერი, გამოდის საზოგადოებაზე ძალადობა და ნამდვილად არ მინდა. ეს რაც გაკეთდა, ჩვენთვის იმდენად ძვირფასია, რომ ამის გაუბრალოება აღარ მინდა. ეს გაკეთდა გულით და შემდეგ უკვე დაძალებით გაკეთებული, რომ ყველგან ანგარიშის ნომერი იყოს, არ მინდა, ზედმეტი გამოვა. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, პარტიულად არ მინდა ვინმე გამოვყო. ეს იყო სასწაული, სასწაული რაღაც მოხდა, ყველას დიდი მადლობა.

ემიგრანტმა ქალებმა იტალიიდან, რომლებიც მოხუცებს უვლიან და რამხელა მძიმე შრომაში არიან, მათაც ჩაგვირიცხეს ფული, რა უნდა იყოს ამაზე ძვირფასი, ჩვენ მათთვის ვინ ვართ, აბსოლუტურად უცხო ხალხი ვართ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

- ბოლო დროს გულგატეხილი იყო ეთერში ბატონი სოსო, ახლა როგორი შემართებით არის?

- ეს ისეთი დაავადებაა, რის შემდეგაც ადამიანში ყველას და ყველაფრის გადაფასება ხდება. რასაც აქამდე პრობლემად აღიქვამ, ამ დაავადების შემდეგ ყველაფერს სხვა თვალით აღიქვამ. სოსოს შემთხვევაშიც ასე მოხდა, უკვე აღარ აქვს ისეთი სიმძაფრე სხვა რაღაცებს. ამიტომ დაპირისპირებაზე და გულის ტკენაზე უკვე აღარ არის საუბარი. ახლა უკვე სხვა თემებია და მითუმეტეს, როდესაც ხედავ რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა მოდის საზოგადოებისგან.

როდესაც თურქეთში გავფრინდით, პირველი შოკი აეროპორტში გვქონდა, პატრულის ეკიპაჟმა სოსო რომ იცნო, რამხელა სიყვარული გამოხატეს. არ შეგვაწუხეს, ისე გაგვიყვანეს გასასვლელ პუნქტამდე, სიყვარულით, პატივისცემით და უაღრესი თანადგომით. სტამბოლის აეროპორტში, ყველა ქართველი ვინც კი სადმე მიფრინავდა, ყველა მოდიოდა და დიდ სიყვარულს გამოხატავდა. დღეისთვის ყველაზე ძვირფასი ეს დამოკიდებულებაა ჩვენთვის.

- სპორტსმენი, ჯანსაღი ცხოვრების წესით, აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები?

- არასოდეს და ჩვენც გაკვირვებულები ვიყავით პირველ დღეს, როდესაც დიაგნოზი გავიგეთ. ისე გახდა სოსო 62 წლის, რომ არასოდეს არ ჰქონია არანაირი დაავადება, ერთადერთი სპორტსმენებს რაც ახასიათებს, მენისკები, მყესის დაჭიმვა. სიცხე და გრიპიც კი არ ჰქონია, ყოველთვის ძალიან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა. სიგარეტი არასოდეს მოუწევია და ღვინოს თავად წურავს და თავის დაბადების დღეზე და ახალ წელს თუ დალევდა. ესეც ძალიან შოკი აღმოჩნდა ჩვენთვის. როგორც ჩანს, ეს დაავადება შეიძლება ნებისმიერს დაემართოს.