ავტორი:

"ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა რეგიონში" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია შოვში მომხდარ ტრაგედიას?

"ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა რეგიონში" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია შოვში მომხდარ ტრაგედიას?

შოვში მეწყერი ხუთშაბათს საღამოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 11 პირის ცხედარია ნაპოვნი.

ტრაგედიას უცხოური მედიაც ეხმაურება - ABCnews მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"11 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კავკასიის ქვეყნის მთებში, საკურორტო ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მეწყერი შოვის რაიონში ხუთშაბათს საღამოს მოხდა, მაგრამ მაშველებმა ადგილზე მისვლა დაღამებამდე ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილი რაჭის რაიონში, რუსეთის საზღვართან, დედაქალაქ თბილისიდან 140 კილომეტრში მდებარეობს. ის პოპულარულია თავისი მინერალური წყლებით და ულამაზესი მთის ხედებით“ - აღნიშნულია სტატიაში.

ოფიციალური პირების განცხადებით, მეწყერი სავარაუდოდ, ძლიერმა ნალექმა გამოიწვია, რაც ამ მხარეში ბოლოდროინდელმა ეროზიამ დაამძიმა.

ადგილობრივი გეოლოგის, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ამ მასშტაბის მეწყერი პირველად მოხდა რეგიონში და მას ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა უწოდა.

მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 150 მაშველი იყო გაგზავნილი, სამაშველო სამუშაოებში სულ 400 მაშველია ჩართული.